ავტორი:

როგორია იდეალური კვების რაციონი ბავშვებისა და მოზარდებისთვის - პედიატრის რეკომენდაციები

როგორია იდეალური კვების რაციონი ბავშვებისა და მოზარდებისთვის - პედიატრის რეკომენდაციები

თანამედროვე ადამიანის კვება არ არის დაბალანსებული, ის ვერ იღებს იმ პროდუქტებს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

საგანგაშო მდგომარეობაა ბავშვებში (10-17 წლის მოზარდები). მოზარდებს ცილოვანი საკვების სერიოზული დეფიციტი აქვთ, რძის ნაწარმს იშვიათად იღებენ, რის გამოც საქართველოში ადამიანების უმეტესობას კალციუმის დეფიციტი აღენიშნება. ბავშვებში, ისევე როგორც ქალებში, მაღალია ანემია - გვეუბნება თამარ მანჯავიძე - დოქტორი, პედიატრი და ფიზიკური აღზრდის ექსპერტი.

AMBEBI.GE-ს რესპონდენტის განმარტებით, კალციუმი და ცილა მოზარდი ორგანიზმისთვის, სისხლის პროცესებისთვის აუცილებელია, ეს ის აგურებია, რომლითაც კუნთი და ძვალი ყალიბდება.

ექსპერტი კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ხორცს რეგულარულად ბავშვების 34% მოიხმარს. ხორცის ყოველდღიურად მიღება აუცილებელი არ არის, თუმცა რკინის ათვისება ხორციდან 3-4-ჯერ მეტია, ვიდრე ხილიდან და ბოსტნეულიდან. რკინადეფიციტის გამო კი ჟანგბადის მომარაგების დეფიციტი, ანუ ანემია ვითარდება.

რკინადეფიციტი განსაკუთრებით ცუდად გოგონებზე აისახება, რადგანაც 11-12 წლის ასაკში მენსტრუალური ციკლის პერიოდში, ფიზიოლოგიურად რკინას სისხლთან ერთად ისედაც კარგავენ და თუ მისი შევსება არ მოხდება, შეიძლება მძიმე შედეგამდე მივიდეთ.

"იგივე პრობლემებია უფრო დაბალი ასაკის ბავშვებში. მათ დაბალანსებული კვება ესაჭიროებათ. კვლევის მიხედვით, დაბალშემოსავლიანი ოჯახები ამბობენ, რომ ჭამენ მარცვლეულს, ბოსტნეულს, რძის ნაწარმს, ხილს, მაგრამ არ ჭამენ ხორცს. ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს (1000 ლარზე მეტი), იქ მოხმარებაში ხილი და ხორცი შემოდის.

მრავალფეროვანი საკვების მიღება ყოველდღე აუცილებელია, ისე არ არის, რომ დღეს მიიღო და ხვალ - არა. ყველა ჯგუფიდან უნდა მიიღონ რაღაც პროდუქტი. ერთადერთი, თევზისა და ხორცის შენაცვლება შეიძლება. მაგრამ თუ ხორცს არ ჭამენ, მაშინ, ცილოვანი საკვები მაინც მისაღებია - ლობიო, პარსკოსნები, რომელშიც ხორცის ანალოგიური ცილაა...

თუ ვერც ერთს ჭამენ, რკინის უზრუნველყოფისთვის უნდა მიირთვან - ჭარხალი, ვაშლი, ოღონდ, არა ჩვეული რაოდენობით, გაცილებით მეტი.

- ე.ი. ჩვენი მოსახლეობის 50%-ზე მეტი ნახშირწყლებს იღებს...

- დიახ და ეს არის - მარცვლეული, კარტოფილი, ცომეული, შაქარი. ბოლო დროს ბავშვებთან მძიმე სურათი იქმნება - სწრაფი კვების პროდუქტს ეტანებიან, ასევე გაზიან ტკბილ სასმელებს. 30-40%-მდეა მათი გამოყენების სიხშირე. ამასთან, შაქარს ისედაც იღებენ სხვადასხვა პროდუქტიდან და ამის დამატება უკვე არ არის სასარგებლო. გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს სიმსუქნის ტენდენციას.

ეს ტენდენცია ორი ათეული წლის წინ დაიწყო. ბავშვებში მომატებულია სიმსუქნის მაჩვენებლები და ზოგადად, მოსახლეობაში. ამ მონაცემებმა პროგრესი დაიწყო.

- ამას, როგორც ვიცი, მსოფლიო სტატისტიკაც აჩვენებს. ჭარბი წონის პრევენციისთვის რა უნდა გაკეთდეს?

- აუცილებელია მინიმუმამდე დავიყვანოთ შაქრისა და შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება, რადგან დღესდღეობით ეს საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს იძლევა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ ჭარბწონიანობა რისკფაქტორად მიიჩნევა არაგადამდები დაავადებებისთვის, როგორიც არის კიბო, დიაბეტი, ჭარბი წონა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი

სიმსუქნით გამოწვეული დაავადებით მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი იღუპება. ამიტომ, ჯანსაღი კვების პრინციპების დანერგვა ბაღებში, სკოლებში, სხვადასხვა ადგილას აუცილებელია.

თუ მატერიალური შესაძლებლობის გამო მოსახლეობა კვებას ვერ აბალანსებს, კვლევა აჩვენებს, რომ ამ საქმეში ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. საზოგადოების ინფორმირებულობაც დაბალია. მაგალითად, სითხის მიღებას სულ არ სჭირდება ფინანსური რესურსი. ადამიანები დღეში 3-4 ჭიქაზე მეტს არ სვამენ. არადა, წყლის მიღება განსაკუთრებით მნიშვენელოვანია.

არაგადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი მხოლოდ ჯანსაღი კვებაა ფიზიკურ აქტივობასთან ერთად.

- დაუბალანსებელი კვება ანემიას, კალციუმის დეფიციტს იწვევს... ამან კიდევ რა დაავადება შეიძლება პატარებში გამოიწვიოს?

- ეს არის რაქიტი, ავიტამინოზი, ზრდის შეფერხება... საკვები ზოგადად 5 ჯგუფშია გაერთიანებული: მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი, ხორცეული და ცხიმები, ტკბილეული და სუნელები (მცირე რაოდენობით). აქედან ყველა საკვები ყოველდღიურად უნდა მივიღოთ, რომ ორგანიზმი უზრუნველვყოთ.

სწორი კვება აუცილებელია ზრდა-განვითარებისთვის და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის!

- როგორია კვების იდეალური რეცეპტი?

- ასეთი არ არსებობს. ის არის, რომ ადამიანმა, ყველა ჯგუფიდან მიიღოს რაღაც პროდუქტი. საუზმის გამოტოვება არ შეიძლება, რადგან დღეში მოხმარებული ენერგიის 30%-ს საუზმე იძლევა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საუზმეზე მისაღებად ყველაზე გავრცელებულია ნახშირწყლოვანი საკვები, მაგალითად, შვრიის ფაფა.

შეიძლება წიწიბურის გამოყენება, ისიც ნახშირწყლოვანი პროდუქტია; ასევე შეიძლება - პური, ყველი, კარაქი, მოხარშული კვერცხი, რომელიმე ხილის ნატურალური წვენი, ნაკლებად ტკბილი ჩაი, ერთი ჭიქა რძე. ეს არის საუზმის სხვადასხვა ვარიანტი.

კარგია წახემსება, 12:00-13:00 საათზე, ხილით, ხაჭოთი, ან იოგურტით, ოღონდ, ხილი არ შეიძლება საკვებს დააყოლოთ. ცალკე კვებად უნდა გამოვყოთ.

სადილზე შეიძლება სხვადასხვაგვარი წვნიანის მიღება, მათ შორის, ბოსტნეულით, ან ხორცით.

კარგია თუ საღამო დამთავრდება ადვილად ასათვისებელი საკვებით - ხაჭოთი ან მაწვნით. ცილა ხორცშიც არის და რძის ნაწარმშიც, მაგრამ საღამოს მაწონსა და ხაჭოს ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ამიტომ, გვიან ხორცის ჭამა რეკომენდებული არ არის. თან, რძის ნაწარმი კუჭნაწლავის მოქმედებას ხელს უწყობს.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში 8 ჭიქა წყალი, ან სასარგებლო სითხეა დასალევი. სასარგებლო სითხედ ნატურალური ხილის წვენი და რძეც ითვლება

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რძის ნაწარმი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი ორგანიზმისთვის. ის როგორც ბავშვებმა, ასევე ქალებმა ყოველდღე უნდა მიიღონ, რომ ოსტეოპოროზი არ გამოცადონ.

3 ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

პაატა იმნაძე - "ყველამ ნერვები დაიწყნაროს, რადგან ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა"

ამირან გამყრელიძე გავრცელებულ ხმოვან გზავნილებზე - "ნუ თესავთ პანიკას, არ შეიძლება ხალხის გრძნობებზე თამაში"