საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას დაკავების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა მედიით შეიტყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულის მამამ, სერგო ქარდავამ განუცხადა.
"მეც ის ვიცი, რაც თქვენ. არც ის ვიცოდი, რომ უკრაინაში იყო. ოჯახს არ გვიკავშირდებოდა და მასზე არაფერი ვიცოდით. ახლა გამოვნახავთ გზებს და დავუკავშირდებით", - განაცხადა სერგო ქარდავამ.
ქარდავა უკრაინაში გუშინ დააკვეს. მის წინააღმდეგ საქართველოში 9 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
აქედან, 5-ზე განაჩენი უკვე დამდგარია და ქარდავას სხვადასხვა ვადით, დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული, დანარჩენ 4-ზე კი სასამართლო განხილვები ამჟამად მიმდინარეობს.