საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი მიმართვას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი მიმართვას ავრცელებს

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი თანამემამულეებისადმი მიმართვას ავრცელებს.

მიმართვაში, რომელიც საბერძნეთში საქართველოს საელჩოს „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ელჩი ბოლო პერიოდში საბერძნეთის სამართალდამცავების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს ეხმაურება.

"თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ უმთავრეს პრობლემად რჩება. ვფიქრობ ზედმეტია იმის განმარტება, რომ ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერი იმიჯს, ასევე საელჩოს საქმიანობას. მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად აფერხებენ საბერძნეთის ხელისუფლებასთან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ბერძნულ საზოგადოებაში ქმნიან ძალზე ნეგატიურ ფონს.

მიუხედავად ამგვარი რეალობისა, საელჩო საბერძნეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების უმაღლეს პირებთან, როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური არხებით, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, მუდმივ დიალოგს აწარმოებს ორ საკითხზე:

1. განუხრელად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუხედავად იმ დანაშაულის სიმძიმისა, რომელშიც მათ ედებათ ბრალი.

2. არ იქნას დაშვებული მცდარი, ორაზროვანი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულში ბრალდებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ.

ამასთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2015 წლის მეორე ნახევრიდან ჩემი ხელმძღვანელობით, საელჩოს შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია არც ერთი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს და რომლებიც რაიმე სახის კითხვის ნიშნებს ტოვებდა. ასეთი შემთხვევების მიმართ ჩვენი რეაგირება ყოველთვის იყო მყისიერი, ხოლო პოზიცია მკაცრი და პრინციპული. ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2015 წლის მეორე ნახევრიდან საელჩოში არ შემოსულა საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არც ერთი საჩივარი და განცხადება, რომელიც აღწერდა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დარღვევას და რომელიც, გარწმუნებთ, გაამყარებდა ჩვენს პოზიციას ამ მგრძნობიარე თემაზე ბერძნულ მხარესთან ოფიციალურ მოლაპარაკებებში.

დავუბრუნდები უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებს და გაცნობებთ, რომ აღნიშნულ დაკავებებთან დაკავშირებით საელჩოს აქვს წინასწარი ინფორმაცია, როგორც ფაქტების დამახინჯების, ასევე ინფორმაციის გავრცელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის მიერ დაშვებული გადაცდომების თაობაზე. მომავალი კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება კომპეტენტური დასკვნა, რის საფუძველზეც, გარწმუნებთ, ჩვენი რეაგირება, ამ შემთხვევაშიც, იქნება დროული და ქმედითუნარიანი. მიმდინარე ეტაპზე, საელჩოს ხელთ უკვე არსებობს ყველა შესაბამისი ბერკეტი, რომ მსგავს ფაქტებზე მივიპყროთ როგორც საბერძნეთის მთავრობის, ასევე ბერძნული მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოქმედებისას, თქვენთვის გასაგებ მიზეზთა გამო, საელჩო უპირატესობას ანიჭებს ყველა შესაბამისი ზომის გატარებას, შედარებით უხმაუროდ, პრობლემებისათვის ქართული მხარის დამაზიანებელი რეზონანსის მიცემის გარეშე.

მოგმართავთ ტრადიციული თხოვნით, დაელოდოთ ხსენებული მიმართულებით ჩვენი მუშაობის შედეგებს, აქტიურად ითანამშრომლოთ საქართველოს საელჩოს შესაბამის სამსახურებთან, მოერიდოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას, როგორც საელჩოს საქმიანობის შესახებ, ასევე ჩვენს დიასპორისათვის აქტუალურ თემებთან დაკავშირებით", - ნათქვამია ელჩის მიმართვაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ