კრიპტოვალუტა აფხაზეთში – რეგიონში პრობლემის გლობალურად მოგვარებაზე ალაპარაკდნენ

კრიპტოვალუტა აფხაზეთში – რეგიონში პრობლემის  გლობალურად მოგვარებაზე ალაპარაკდნენ

აფხაზეთი ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოსვლის გზების ძიებაშია – ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, ადგურ არძინბას თქმით, "აფხაზეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ნაციონალურ კრიპტოვალუტას გამოიყენებს. (კრიპტოვალუტა, - ბიტკოინი, იგივე ელექტრონული ფული. სახელმწიფო ვალუტის არა მხოლოდ კონკურენტი, არამედ ალტერნატიული ანტიფიატური ვალუტა. არასახაზინო, ემიტირებული ონლაინ ფინანსური ინსტრუმენტი. კერძო ვალუტა, რომელიც საფინანსო ბაზარზე დირექტიული ორგანოებისაგან დამოუკიდებლად მოქმედებს).

ე.წ. მინისტრის თქმით, ჩვეულებრივი ვალუტა უკვე კარგა ხანია ადგილობრივ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომაც რეალური გამოსავალი უნდა იპოვონ, ბაზარი ადგილობრივი ძალებით უნდა დაარეგულირონ.

"ადგილობრივი ეკონომიკა, ბაზარი საკუთარი ძალებით უნდა განვითარდეს. ამ პრინციპით გახდა და არის დოლარი ამერიკაში პოპულარული ვალუტა... დიახ, გვესმის, რომ ამერიკა სხვა თემაა, მაგრამ კრიპტოვალუტა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე პრინციპს ემყარება, - ფულის, როგორც ჩვეულებრივი კომერციული პროდუქტის წარმოება ხდება საბაზრო წესით. ინვესტიციების შემოტანა და პლასტიკური გადახდა კი, ჩვენს შემთხვევაში, შესაძლოა, სხვანაირად, საქონლით, ან მომსახურებით მოხდეს, რაც ძალიან წაადგება საქმეს...

ეკონომიკის ზრდასთან ერთად, აფხაზეთში მოიმატებს თვითღირებულება და მომსახურების ფასი. კრიპტოვალუტების უპიტარესობა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში, ტრანზაქციები არის უსაფრთხო და გამჭვირვალე... ჩვენ თუ ამის გაკეთებას სწრაფად შევძლებთ, რისი დიდი იმედიც მაქვს, აფხაზეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც თავის ეროვნულ კრიპტოვალუტას გამოუშვებს... ამ მიმართულებას უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა ირჩევს. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების მინისტრმა, ნიკოლაი ნიკიფოროვმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი აპირებს კრიპტორუბლზე გადასვლას..."- აცხადებს ადგურ არძინბა.

ე.წ. მინისტრი სკეპტიკოსების აზრსაც ითვალისწინებს და ამბობს, რომ რისკი არის, რადგან ახალ ტექნოლოგიებზეა საუბარი, მაგრამ იმ შეთმხვევაში, თუ ძლიერი სახელმწიფოები კრიპტოვალუტის შემოღებას აფხაზეთს დაასწრებენ, "ის ეკონომიკის განვითარების ისტორიულ შანსს დაკარგავს".

არძინბას თქმით, ახლა, როდესაც მსოფლიოში გლობალური გაურკვევლობაა, აფხაზეთმა უნდა ისარგებლოს შემთხვევით და გაბედული ნაბიჯი გადადგას... "ფინანსური სისტემები, კლასიკური გაგებით, ჩვენ არ გვაქვს, შესაბამისად, აფაზეთში რისკი მინიმალურია...", - წერს აფხაზი პოლიტიკოსი.

რაც შეეხება პოტენციურ ინვესტორებს, არძინბა მიიჩნევს, რომ მათ მაქსიმალური კომფორტი უნდა შეუქმნან, - "თუ როგორი და რა პირობები, ამაზე სწორედ ახლა ვმუშაობთ და საქმეში ჩართული არიან მოწვეულ ექსპერტებიც", - ამბობს ის და მიაჩნია, რომ ის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება აფხაზეთი, ეს მათ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული.

კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრს კრიპტოვალუტა და მისი დეცენტრალაზაცია, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოზიდვა აფხაზეთში, სადაც სიტუაცია არამყარი და სახიფათოა, არძინბა პასუხობს, - "კრიპტოვალუტა, ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგია, ახალი რეალობა, რომლის შეჩერება შეუძლებელია. მსოფლიო ფინანსური ბაზრის ლიდერებმა ეს ძალიან კარგად იციან და ვითარების მასშტაბური შეცვლა დაიწყეს..."

რაც შეეეხება კონტროლს, არძინბას თქმით, ისინი საერთაშორისო ექსპერტებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებენ. მთავარია, სწორი კურსი აიღონ.  

თუმცა, აფხაზური საზოგადოების აბსოლუტურმა უმეტესობამ ადგურ არძინბას იდეებს "სრული ბოდვა" უწოდა. მათი თქმით, მაშინ, როდესაც, ადგილობრივ მოსახლეობას იმდენად უჭირს, უმეტესობისთვის ინტერნეტიც კი არ არის ხელმისაწვდომი, "ასეთი დონის სიახლეებზე საუბარი დაცინვაა.."

"სხვა სამყაროში ცხოვრობს ჩვენი მთავრობა... სხვა რეალობაში და არც კი იციან, რომ ხალხი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. დღე და ღამე იმაზე ფიქრობენ, როგორ გაიტანონ თავი. რეალური გამოსავლის, კანონის ამოქმედების და პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, ზღაპრებით ცდილობენ მათ მოტყუებას..." - წერენ აფხაზები.

არიან ისეთები, ვინც კონკრეტულად, კრიპტოვალუტის მინუს-პლუსებს არჩევს, - მათი თქმით, სუსტი და განვითარების დაბალ დონეზე მყოფი აფხაზეთი ჰაკერულ შემოტევებს უბრალოდ, ვერ გაუძლებს...

"ისედაც ქაოსია ქვეყანაში, ეს ვითომ ტექნოლოგიური სიახლე, უბრალოდ, მოგვიღებს ბოლოს, რადგან აფხაზეთში, ბოლო 25 წელია ხელფასი ადგილობრივ ბოუჯეტს არავისთვის გადაუხდია. ეს არის ქვეყანა, რომელსაც უზარმაზარი ბუნებრივი პოტენციალი აქვს, მაგრამ იმის ნაცვლად, გამოიყენოს და ტურიზმი განავითაროს, აქაურობას კრიმინალებითა და დამნაშავეებით ავსებს...",- წერს აფხაზეთის მოსახლეობა. 

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?