ადვოკატ გოგა ონიანის განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. დაკავებულის ახლობლებმა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. "ივანიშვილის მონა" - ასე უწოდეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მოსამართლეს.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გადაწყვეტილების გამოცხადება დროებით შეწყვიტა, თუმცა ონიანის მიმართ განაჩენის გამოცხადება მან მას შემდეგ გააგრძელა, რაც დარბაზი ყველა დამსწრემ დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე რჩებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ონიანის ახლობლები.
ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. მას 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.
პროკურატურა მას შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა ასევე "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი რემბოს დაკავებაც. ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონოსძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.