აზერბაიჯანმა ცხინვალის რეჟიმის პარლამენტის ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს რამდენიმე დეპუტატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ძიცოითი და რუსი დეპუტატები მონიტორინგს აწარმოებდნენ მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 23 მაისს გაიმართა.
"პერსონა ნონ-გრატად გამოგვაცხადეს ყველა, ვინც კი 23 მაისის არჩევნებზე დასასწრებად მთიანი ყარაბაღის საზღვარი გადაკვეთა. ბუნებრივია, მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის სტუმრების სია არ გადაუცია, ამიტომ აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ჩასული პირების შესახებ მხოლოდ მათი ინტერვიუებიდან შეიტყო", - განაცხადა ძიცოითიმ.
მისივე განმარტებით, არჩევნებზე ცხინვალის რეჟიმის დელეგაცია მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით გაემგზავრა.