ქართველი "ადამიანი-ამფიბია" რეკორდის დამყარებაზე ოცნებობს

ქართველი "ადამიანი-ამფიბია" რეკორდის დამყარებაზე ოცნებობს

ბეგლარ ელბაქიძის ნიჭით აღფრთოვანებული თურქები ქართველ "ადამიან-ამფიბიას", რომელსაც 17 საათის განმავლობაში წყალში (ფსკერის სიღრმისა და ტალღის ზომის მიუხედავად) "სიარული" შეუძლია, ყოველ წელს ზღვის დღესასწაულზე იწვევენ და "ზღვაში მოსიარულე გურჯს" ინტერესით აკვირდებიან. სამაგიეროდ, ბატონმა ბეგლარმა თბილისის მერიის წარმომადგენელთა გულები ვერა და ვერ მოიგო: უკვე 5 წელია, რაც დაფინანსებას ამაოდ ითხოვს - სურს, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს და სამშობლო ასახელოს.

- ზაფხულის მოსვლა ყოველთვის მიხარია - მიმაჩნია, რომ წელიწადის ეს დრო განსაკუთრებულად ლამაზია! ზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებულ ჩემს სიხარულს ისიც დაემატა, რომ ოცნების ახდენის იმედი გამიჩნდა: ჩემი ამბავი თითქმის მთელმა საქართველომ იცის და ყველას უნდა, მსოფლიო რეკორდი დავამყარო, ჩვენი ქვეყანა ვასახელო, მაგრამ სამწუხაროდ, სარეკორდო გამოსვლის დაფინანსება არც ერთმა ბიზნესმენმა არ მოისურვა. ამჯერად გადავწყვიტეთ, პროექტი მერიაში მიგვეტანა...

მინდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტი გვანჯი მანია მეხმარება. ეს 71 წლის მშრომელი ადამიანი მთელ ქალაქში ფეხით დადის და ჩემს დაფინანსებას ითხოვს. იცი, მან ჩემ შესახებ რა თქვა? - ქართველებს ხელში ერთი მარგალიტი გვიჭირავს და ვერ ვიყენებთო!.. რეკორდის დამყარებას როდემდე შევძლებ? რად მინდა, 80 წლის ასაკში რომ დამაფინანსონ ან ჩემი სიკვდილის შემდეგ კარგი რაღაცები წერონ?! მსურს, ვიდრე ცოცხალი ვარ, ჩემი ხალხისთვის კარგი საქმე გავაკეთო!

- აღნიშნეთ, იმედი გამიჩნდაო. ბოლოს და ბოლოს, თბილისის მერიამ თქვენი დაფინანსება გადაწყვიტა?

- სპორტულ ბიუჯეტში განვიხილავთ და შესაბამის თანხას გამოვყოფთო, - მითხრეს. ეს საკითხი თებერვალში უნდა გადაეწყვიტათ. 10 მაისისთვის სარეკორდო გამოსვლას ვგეგმავდი: თბილისის წყალსაცავში სრული სამხედრო ეკიპირებით უნდა გავსულიყავი - ორივე ხელში ავტომატი დამეჭირა და თან, ჩემი ტანისამოსიც წამეღო. ამის გაკეთებას მგონი, ვერავინ შეძლებს - ეს მსოფლიო რეკორდია!

დაგეგმილი მაქვს დარდანელის, მესინიის, ბონიფაჩის, გიბრალტარის სრუტეების, ალექსანდრიის საზღვაო არეალის გადალახვა, დამაგვირგვინებელ რეკორდს კი ისრაელში, თელავივის საზღვაო არეალში დავამყარებ. მერიისგან ჯერ ზუსტი პასუხი არ მიმიღია. ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება: კრიზისი, არჩევნები... მოკლედ, მიზეზი არ დაილია! ალბათ, უიღბლო ვარ! პირადად მე, ფული არ მაინტერესებს. ვიდრე ცოცხალი ვარ, მინდა, საქართველო ვასახელო და ამ საქმეში ხელისუფლება დამეხმარება თუ კერძო პირი, მნიშვნელობა არა აქვს - ყველას დიდ მადლობას გადავუხდი!

- აუზში უფასოდ ვარჯიშის უფლებას თუ გაძლევენ?

- წინათ უფასოდ ვვარჯიშობდი. მაშინ აუზის დირექტორი მამუკა ილდანი იყო, რომელმაც "დროებაში" გასული სიუჟეტი ნახა და როცა აუზზე მივედი, მითხრა: შენი ჭირიმე, ივარჯიშე, რაზეა ლაპარაკი? არც ფული მინდა და არც არაფერიო! მთელი წელი ვვარჯიშობდი. ახლა სულ კერძო აუზებია და არ მინდა, ვინმეს ხვეწნა დავუწყო. პრინციპში, ისე ვარ მომზადებული, რომ 2 კვირაში უკვე ფორმაში ვდგები - "ადამიანი-ამფიბიას" ტყუილად ხომ არ მეძახიან? წყალი ჩემი სტიქიაა!

- თბილისის ზღვა წელს უკვე "დალაშქრეთ"?

- კი, ერთხელ ვიყავი. საკმაოდ ცივი წყალია. 2-საათ-ნახევარში მომწყინდა და ნაპირზე გამოვედი... სხვათა შორის, ჩემმა ორივე ბებიამ 100 წელზე მეტხანს იცოცხლა. ისეთი ჯიში გვაქვს, რომ დიდხანს ვცოცხლობთ. იმედია, მსოფლიო რეკორდის დამყარებას 70 წლის ასაკშიც შევძლებ, მაგრამ კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ მანამდე დამაფინანსებენ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"