რა დარღვევები დააფიქსირა "სამართლიანმა არჩევნებმა" უბნების გახსნისას

რა დარღვევები დააფიქსირა "სამართლიანმა არჩევნებმა" უბნების გახსნისას

ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, თუმცა რამდენიმე უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა.

ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 3 საჩივარი, 2 საჩივარია წარდგენილია საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 1 შენიშვნა.

"სამართლიანმა არჩევნებმა" უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია ხმების პარალელური დათვლის (PVთ) დამკვირვებლის 99.7% -სგან მიიღო.

ორგანიზაციის ყველა (100%) დამკვირვებელს უბანზე შესვლისა და შუზღუდავად დაკვირვების განხორციელების საშუალება მიეცა, რაც სტატისტიკურად პირველი ტურის არჩევნების მონაცემის (99.7%) მსგავსია.

"პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00-საათისთვის საარჩევნო უბნების 99.7% იყო მზად. აღნიშნული მაჩვენებელი სტატისტიკურად არ განსხვავდება არჩევნების პირველი ტურის მონაცემისიგან (99.3%).

ყველა (100%) საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესით გადანაწილდა, რაც სტატისტიკურად მსგავსია არჩევნების პირველი ტურის მონაცემთან (99.7%).

საარჩევნო უბნების 0.9%-ზე უბნის გახსნის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები დაფიქსირდა, რაც სტატისტიკურად მცირედით გაუმჯობესებული მაჩვენებელია არჩევნების პირველ ტურთან შედარებით (2.7%)", - აღნიშნულია "სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა: - #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კაბინის გარეთ შემოხაზა; #65 მარტვილის საარჩევნო ოლქის #12 უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კაბინის გარეთ, რეგისტრატორის მაგიდაზე, შემოხაზა.

მარკირების შემოწმების პროცედურის დარღვევა: - #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მარკირების შემოწმებას კენჭისყრისთვის განკუთვნილი ოთახის გარეთ ახორციელებდა. აღნიშნულის გამო, უბანზე მყოფ დამკვირვებელს არ მიეცა მარკირების შემოწმების პროცედურაზე დაკვირვების შესაძლებლობა. საარჩევნო უბანზე საჩივრის დაწერის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება: - #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #76 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის ნაცვლად ოჯახის სხვა წევრი შეიყვანეს. აღნიშნულის შედეგად ამომრჩეველმა, რომელსაც არ შეეძლო უბანზე მისვლა და ესაჭიროებოდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემა, ვეღარ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

არაუფლებამოსილი პირის მიერ კომისიის წევრის ფუნქციების შესრულება: - #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 საარჩევნო უბანზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნული წევრი რეგისტრატორის ფუნქციას ასრულებდა, მუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა, პარტიის მიერ საარჩევნო კომისიებიდან წევრების გამოწვევის გამო.

"სამართლიანი არჩევნები" ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი.

"სამართლიანი არჩევნები" კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში ახორციელებს. "სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო მისია შედგება 317 საუბნო, 6 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 6 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 8 ოპერატორისა და 6 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

მიმდინარე არჩევნებზე "სამართლიანმა არჩევნებმა" დამკვირვებლები მიავლინა ქუთაისის თვითმმართველი ქალაქის, ასევე, მარტვილის, ოზურგეთის, ხაშურის, ბორჯომის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ყველა საარჩევნო უბანზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."