მოკლედ: რომელი მინისტრები ტოვებენ კაბინეტს და რომელი სამინისტროები უქმდება

მოკლედ: რომელი მინისტრები ტოვებენ კაბინეტს და რომელი სამინისტროები უქმდება

მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მინისტრთა კაბინეტს რამდენიმე მინისტრი დაემშვიდობება.

უფრო კონკრეტულად, არსებული ინფორმაციით, მინისტრის პორტფელს დატოვებს:

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი, რომელიც მთავრობის მიერ დაანონსებული, ახალი საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელად სახელდება, ასევე ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

ამასთან, რამდენიმე უწყება, სავარაუდოდ, გაერთიანდება. კერძოდ, დაგეგმილია ეკონომიკისა და ენერგეტიკის, კულტურისა და სპორტის, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის, ასევე გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შერწყმა. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კი უქმდება და აღნიშნული მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება.

თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ რამდენიმე მათგანმა შესაძლოა მუშაობა კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებაში განაგრძოს და მათ იმ მიმართულებებს გაუწიონ კურირება, რომელთა სამინისტროების ხელმძღვანელებიც იყვნენ და რომლებიც ამჯერად სხვა უწყებებთან ერთიანდება.

აღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციით, გაერთიანების შემდეგ ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაიბარებს, კულტურისა და სპორტის გაერთიანებულ უწყებას - კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს გაერთიანებულ უწყებას კი, კვლავ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

არსებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილის შემცვლელად "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძისა და ქუმსიშვილის პირველი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნულ ძალოვან უწყებას სავარაუდოდ ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ჩაიბარებს.

განახლება: დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ორი სამთავრობო უწყება - სასჯელაღსრულების სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფუნქციონირებას არსებული სახით გააგრძელებს და ცვლილებები ამ ეტაპზე არ შეეხება. ამის შესახებ მთავრობაში გამართული კონსულტაციებისას შეთანხმდნენ. შესაბამისად პოსტებს ინარჩუნებენ მინისტრები - კახა კახიშვილი და ვიქტორ დოლიძე.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."