თბილისის დროით 18 საათზე იოჰანესბურგში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

თბილისის დროით 18 საათზე იოჰანესბურგში მსოფლიო  ჩემპიონატი იწყება

როგორც 4 წლის წინათ, წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატსაც მასპინძელი ნაკრების თამაში გახსნის. სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების პირველი მეტოქე მექსიკა იქნება. მატჩი თბილისის დროით 18 საათზე, სამხრეთ აფრიკის უდიდეს ქალაქ იოჰანესბურგში არსებულ "სოკერ სიტი სთედიუმზე" (88460 მაყურებელი) გაიმართება.

აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ გახნის მატჩი გულშემატკივრებს დაძაბულ ბრძოლას ჰპირდება. ძალზე რთულია შეხვედის შედეგის პროგნოზირება. მექსიკის ნაკრები კლასით მეტოქეზე მაღლა დგას, მაგრამ სამხრეთაფრიკელ გულშემატკივართა დიდი არმია ჩრდილოამერიკელებს პრობლემებს აუცილებლად შეუქმნის. მაგრამ აფრიკელებს მხოლოდ გულშემატკივრების იმედად არ მოუწევთ ყოფნა.

კარლოს ალბერტო პერეირამ, რომელიც "ბაფანა ბაფანას" ხელმეორედ სათავეში გასული წლის ოქტომბერში ჩაუდგა (პირველად პერეირა სამხრეთ აფრიკას 2007-2008 წლებში წვრთნიდა), საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნა. ბრაზილიელი სპეციალისტის მიერ დამოძღვრილმა აფრიკელებმა 13 მატჩი ჩაატარეს და ჯერაც დაუმარცხებლები არიან. პერეირას გუნდში მისვლამდე და მისი მისვლიდან მცირე ხნის განმავლობაში, აფრიკელთა მთავარი პრობლემა გოლის გატანა იყო. ისინი ამას ზედიზედ ოთხ მატჩში ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ბრაზილიელმა სპეციალისტმა ეს პრობლემა აღმოფხვრა და ბოლო 10 მატჩიდან, მუნდიალის მასპინძლებმა მხოლოდ ერთში ვერ მოახერხეს გატანა.

მართალია, სამხრეთ აფრიკელების მეტოქეები ამ 12 მატჩში, ძირითადად, სუსტი გუნდები იყვნენ, მაგრამ რამდენჯერმე მათ ძლიერ მეტოქესთანაც მოუწიათ გაჯიბრება და დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს. სამხრეთაფრიკელებმა ფრედ ითამაშეს პარაგვაისთან და ბულგარეთთან, ხოლო კოლუმბიასთან და დანიასთან მოიგეს კიდეც.

კიდევ უფრო შთამბეჭდავად ჟღერს მექსიკელთა ბოლო მოგება. ხავიერ აგირეს გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იტალიის ნაკრები დაამარცხა 2:1. აგირე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე საკმაოდ წარმატებით დაბრუნდა. მის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 28 თამაშიდან 19 მოიგო და მხოლოდ 4 წააგო, მათ შორის ორი კი, ძალზე ძლიერ ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრებებთან. მექსიკელთა მთავარი იმედი ახალგაზრდა შემტევი დუეტია, რომელიც ჯოვანი დოს სანტოსისგან და კარლოს ველასგან შედგება. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ არც ვეტერანები – ნახევარმცველი ხერარდო ტორადო და რა თქმა უნდა, დაცვის ბურჯი, რაფაელ მარკესი.

გუნდები ერთმანეთს აქამდე სამჯერ შეხვედრიან და სამჯერვე ნეიტრალურ მოედანზე. 1993 წელს, ლოს ანჯელესში მექსიკელებმა 4:0 იმარჯვეს. 7 წლის შემდეგ, დალასში გამართული მატჩი 4:2 დასრულდა, კვლავ ჩრდილოამერიკელთა გამარჯვებით. 2005 წელს, ლოს ანჯელესში უკვე სამხრეთაფრიკელებმა იმარჯვეს, ანგარიშით 2:1. მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის პროგრესი სახეზეა.

თუ დღევანდელი შეხვედრა ფრედ არ დასრულდა, მაშინ მოხდება ის, რაც აქამდე არასდროს, მომხდარა. თუ მექსიკელებმა მატჩი დათმეს, მაშინ სამხრეთ აფრიკა პირველად მოიგებს თავის სასტარტო მატჩს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხოლო თუ "სამფეროვნებმა" იმარჯვეს, სიახლე გაცილებით მასშტაბური იქნება.

მოვლენების ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, მასპინძელი ქვეყანა მუნდიალის გახსნით მატჩში ისტორიაში პირველად დამარცხდება. გარდა ამისა, მექსიკა პირველად მოიგებს ტურნირის გახსნით მატჩს. ჩრდილოამერიკელებს ამის მცდელობა აქამდე ოთხჯერ, 1930, 1950, 1958 და 1970 წლებში ჰქონდათ, მაგრამ გამარჯვებას ვერცერთ ცდაზ მიაღწიეს, მეტიც, პირველ სამ ჯერზე მექსიკელები განადგურდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ გათამაშებაში მექსიკამ საფრანგეთთან წააგო 1:4, 20 წლის შემდეგ, ბრაზილიასთან 0:4, 1958 წელს შვედეთთან დათმო შეხვედრა ანგარიშით 0:3, ხოლო 1970 წელს, საკუთარ კედლებში, საბჭოთა კავშირს უგოლოდ დაუზავდა.

მუნდიალის გახსნით მატჩს უზბეკი არბიტრი, რავშან ირმატოვი განსჯის. იგი ფიფას შეხვედრებში 2003 წლიდან მსაჯობს. 2009 წელს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ირმატოვმა გამბიასა და მექსიკის ნაკრების შეხვედრაში იმსაჯა. იმ მატჩში, მექსიკელთა მხრიდან ითამაშეს ეფრენ ხუარესმა, ჰექტორ მორენომ, კარლოს ველამ, ჯოვანი დოს სანტოსმა, პაბლო ბარერამ და ხავიერ ერნანდესმა, რომლებიც დღეს მექსიკის ეროვნული ნაკრების წევრები არიან. მატჩი მექსიკამ 3:0 მოიგო, გოლები კი, დოს სანტოსმა, მორენომ და ერნანდესმა გაიტანეს. ასე რომ, მექსიკელი ფეხბურთელების ნაწილს ირმატოვთან კარგი მოგონებები აკავშირებს.

11 ივნისი, 18:00, Soccer City Stadium (იოჰანესბურგი)

სამხრეთ აფრიკა-მექსიკა

სავარაუდო შემადგენლობები

სამხრეთ აფრიკა: ხუნე, გაქსა, ხუმალო, მასილელა, მაკოენა, პიენაარი, მოდისე, ცაბალალა, ლესოლონიანე, ხუბონი, მფელა

მთავარი მწვრთნელი: კარლოს ალბერტო პარეირა

მექსიკა: ოჩოა, ხაურესი, ოსორიო, მარკესი, სალსიდო, დოს სანტოსი, კასტრო, ტორადო, გუარდადო, ველა, ერნანდესი

მთავარი მწვრთნელი: ხავიერ აგირე

მსაჯი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)

მიშა ზაქარეიშვილი

"მსოფლიო სპორტი"

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო