იტალიის ქალაქ კამპობასოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია, ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა მეორე მატჩიც მოიგო და მეოთხედფინალში გააღწია.
მე-3 ნომრად განთესილმა ჩახნაშვილმა პირველ რაუნდში მასპინძელ სულპიციოს სძლია, გუშინ კი ესპანელ იერა კამპოს-მოლინასაც იოლად – 6:4, 6:3 მოუგო.
მეოთხედფინალში მაკას მეტოქე პორტუგალიელი მარია ჟოაო კოელერი იქნება, რომელმაც ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო, ძირითად ტურნირში კი იტალიელი დი ჯიუზეპე და მაროკოელი ლალამი დამარცხა.
ბოლო ქართველი ჩოგბურთელი გამოეთიშა უზბეკეთის ქალაქ კარშის 25-ათასიან ტურნირს. წყვილთა გათამაშების ნახევარფინალში სოფო ქვაცაბაიამ და ბრაზილიელმა სენინიმ რუსეთის სახელით მოთამაშე ნათელა ძალამიძესთან და კუჩმინასთან 2:6, 2:6 წააგეს.