ფოთის პორტში რამდენიმე საათში უკრაინის ბორანს, სახელწოდებით "ვილნიუსს" ელოდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, მასზე უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებოდნენ, მათ შორის, "რუსთავი 2"-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი.
ამ წუთებში ფოთის პორტში იმყოფება თამაზ შავშიშვილის მამა გიორგი შავშიშვილი და ბორანის შემოსვლას ელოდება. თუმცა, მისთვის ზუსტი ინფორმაცია უცნობია, იმყოფება თუ არა დეპორტირებულ მოქალაქეებს შორის მისი შვილი.
"ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ. ყველაფერი მედიის მეშვეობით შევიტყვე. შესაძლოა, ჩემი შვილიც იმყოფება დეპორტირებულ ქართველებთან ერთად ბორტზე. ბორანს ფოთის პორტში, სავარაუდოდ, 20.00 საათზე ელოდებიან", – განაცხადა გიორგი შავშიშვილმა.