აზრი აქვს თუ არა ჟენევის დისკუსიების გაგრძელებას?

აზრი აქვს თუ არა ჟენევის დისკუსიების გაგრძელებას?

9 - საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი მე-11 რაუნდი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა აშშ-ს, რუსეთის, საქართველოს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომდაგნელები, უშედეგოდ დასრულდა. ჩაშლის მიზეზად დასახელდა ის, რომ რუსული მხარე ცხინვალის და სოხუმის რეჟიმების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს დელეგაციისაგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ "რეალურად მოქმედი დოკუმენტის გაფორმებას" ითხოვდა, რაზეც ქართულმა მხარემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ფარგლებში დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების აუცილებელობას ვერ ხედავს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით "ცეცხლის განუახლებლობის შესახებ" რუსულ-ქართულ მხარეებს შორის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები ძალის გამოუყენებლობაზე თანხმდებიან, ასევე რუსეთის ჯარები 2008 წლის 7 აგვისტომდე მდგომარეობას უნდა დაუბრუნდნენ.

რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თვლის, რომ ტერმინი "ძალის გამოუყენებლობა" იურიდიულ ხასიათს უნდა ატარებდეს.

"რასაც ქართული მხარე გვთავაზობს, ეს უბრალოდ სიტყვებია. დოკუმენტს ძალა უნდა ჰქონდეს. 12 აგვისტოს შეთანხმებაში არ არის ახსნილი, თუ როგორ მოხდება ძალის გამოყენება და რა გარანტიებია", - აცხადებს კარასინი. აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის განცხადებით კი "აშშ ძალის არგამოყენების შესახებ ახალი დოკუმენტის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ისედაც ავალდებულებს მხარეებს, არ გამოიყენონ ძალა".

აშშ-ს დელეგაციის განცხადებაში, რომელიც მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გავრცელდა, ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების პირობებს.

მოლაპარაკებათა რიგით მე-12 რაუნდი ა.წ. 27 ივლისს გაიმართება, მანამ კი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები პიერ მორელი, ანტი ტურენენი და ბულატ ნურგალიევი მხარეებს მოუწოდებენ განაახლონ ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები.

მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები და მის ჩაშლაში აშშ-სა და ჟენევის პროცესიის თანათავმჯდომარეებს ეუთოს, გაეროს და ევროკავშირს ადანაშაულებენ.

"მოლაპარაკებები, რომელიც უსაფრთხოებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავების საკითხს ეხებოდა, რთულად მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული მხარე ყოველმხრივ შეეცადა თავი აერიდებინა ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულების პროექტის განხილვას და ღიად დაიწყო თავის მოსაზრების დაფიქსირება, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ახალი დოკუმენტის გაფორმების აუცილებლობას ვერ ხედავს. სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს მხარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა დაუჭირა.

"იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გვექნება გარანტია ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით, ჟენევის მოლაპარაკებების გაგარძელებას აზრი არა აქვს. ფაქტიურად ჩიხში ვართ. რაზე უნდა ვიმსჯელოთ დევნილებზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე", - აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომდგენელი ბორის ჩოჩიევი.

რამდენად პროდუქტიულია ჟენევის მოლაპარაკებები და რეალურად ვის ინტერესებში შედის პროცესის ჩაშლა - "რეზონანსი"ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ნამდვილად არ არის პროდუქტიური.

"მთავარი მიზანი, რისთვისაც ეს ფორმატი შეიქმნა, მიღწეული არ არის. ცხარე დებატები, რომელიც მხარეებს შორის მიმდინარეობს, ეხება ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ახალი ხელშეკრულების გაფორმებას. რუსებს, აფხაზებს და ოსებს უნდათ ქართულმა მხარემ ამას ხელი მოაწეროს. ძირითადად ეს არის საჯილდაო ქვა, რაზეც ვერ თანხმდებიან.

"ბოლო რაუნდებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებებმა წინ ვერ წაიწია და ის, რომ პროგრესი არ ფიქსირდება, საერთო ჯამში რამდენად იმოქმედებს ამ ფორმატის ბედ-იღბალზე, ძნელი სათქმელია. იმდენად პრინციპული საკითხები იხილება, რომ პროცესი მალე ვერ დასრულდება, თუმცა ეს ფორმატი ყველა მხარეს უნდა აწყობდეს.

"ქართულ მხარეს, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჟენევის ფორმატის გაუქმება არანაირად არ აწყობს და იგი უნდა გაგრძელდეს, თუნდაც ყოველი რაუნდი უნაყოფო იყოს. ეს ის ფორმატია, სადაც საქართველო პირდაპირ ელაპარაკება რუსეთს.

"სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები რუსეთის განზრახვებს ახმოვანებენ, ხოლო აფხაზებს ამ ფორმატის გაუქმება არ აწყობთ, იგი ამ ფორმატში ხედავს საერთაშორისო ლეგიტიმურობის საშუალებას და რუსეთთან პირისპირ დარჩენა არ აწყობს, თუმცა ამას ხმამაღლა არ ამბობენ.

"რაც შეეხება რუსეთს, რუსეთი ამ ფორმატში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ის წარმოადგენს მხარეს და მას ეთაკილება, რომ მხარეა. რუსეთის ინტერესი შეიძლება იყოს ის, რომ ჟენევის ფორმატი გაუქმდეს და ეს საკითხი განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოში გადავიდეს. ეს მისთვის უფრო კომფორტული იქნება. რუსეთს გაეროში ვეტოს უფლება აქვს და სხვა სტატუსით იქნება. გამორიცხული არ არის მის წარმოდგენაში ასეთი ჩანაფიქრი იყოს, მთლიანად საუბარი ამ თემებზე არ მოკლას", - განაცხადა "რეზონანსთან" არჩილ გეგეშიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის აზრით, ჟენევის მოლაპარაკებები არასერიოზული აქციების სახეს იღებს. მისი თქმით, ვინც პოლიტიკაში ჩახედულია, ხვდება, რომ აქედან არაფერი გამოვა და რომ ეს ფორმატი უკვე ნულის ტოლია.

"ჟენევა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია და იქ მივლინების გამოწერა ძალიან ძვირია. მაპატიეთ ჩემი ცინიზმი, მაგრამ მითხარით, ვის არ მოუნდება მუქთად სეირნობა ამ ლამაზ ქალაქში? თორემ ეს პრობლემა რომ მინიმუმ კიდევ 10 წელი არ გადაიჭრება, ყველამ კარგად იცის, მითუმეტეს თუ ეს სტატუს-კვო შენარჩუნდა.

"პრინციპში იქ სულ ორი მხარეა. მაპატიონ სეპარატისტულმა რეგიონებმა, მათი მონაწილოება ამინდს ვერ ქმნის. ამიტომ, ახლა ყველა ელოდება, ვინ ჩაშლის მოლაპრაკების პროცესს, რომ ერთმანეთს დააბრალონ. საერთაშორისო ორგანიზაციებს ფიქრობენ - ჯობს ფული მივცეთ ოღონდ არ ისროლონო. რუსეთს კი უნდა საერთაშორისო ორგანიზაციები აჩვენოს, რომ ცდილობს. უთხრას - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ არაფერი გამოგვდისო. ასე რომ, თუ ვინმეს ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლა არ უნდა, შეიძლება ისევ რუსეთი იყოს. ჩვენები კი ვერ ხვდებიან, რომ რუსეთის თამაშს თამაშობენ", - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ კლიმიაშვილმა.

ია აბულაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?