სერგეი ლავროვი: საქართველოს კონფლიქტები რუსეთისთვის საბოლოოდ გადაჭრილია

სერგეი ლავროვი: საქართველოს კონფლიქტები რუსეთისთვის საბოლოოდ გადაჭრილია

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ "კომერსანტთან" საუბარში განაცხადა.

ლავროვის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტები რუსეთისთვის საბოლოოდ გადაჭრილია, ასევე მიაჩნიათ "სერიოზულ ქვეყნებს" და ამას მხოლოდ პოლიტკორექტულობის გამო არ აღიარებენ.

"ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. თუ ვინმეს რამე პრეტენზია დარჩა, პრეზიდენტ სააკაშვილისკენ მიმართოს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა გაანადგურა. ვიდრე იგი ჩვენი სამშვიდობოებისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ბრძანებას გასცემდა, რუსეთი ცდილობდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში დახმარებოდა", - განაცხადა ლავროვმა.

მისივე მტკიცებით, რუსეთი არ აპირებდა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ამ მოსაზრების დასადასტურებლად ლავროვმა 6-პუნქტიანი შეთანხმება დაასახელა, რომელის მიხედვითაც, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრისთვის საერთაშორისო დისკუსიები უნდა დაწყებულიყო.

"მზად ვიყავით, სამხედრო ოპერაციის დასრულების დღესვე დაგვეწყო დისკუსიები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე. დოკუმენტი შეთანხმებული იყო და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თბილისში წაიღო. მერე კი, მან დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ სააკაშვილი ამ რესპუბლიკების სტატუსის განხილვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ეს ფრაზა უნდა ამოგვეშალა. ჩვენ დავთანხმდით", - განაცხადა ლავროვმა.

გარდა ამისა, რუსეთმა მედვედევი-სარკოზის შეთანხმების ის პუნქტი შეასრულა, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, - აღნიშნა მინისტრმა.

ლავროვის თქმით, ჯარები, რომლებმაც "სამხრეთ ოსეთზე თავდასხმები მოიგერიეს", საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანეს.

"იმ დროისთვის თბილისიდან გაისმოდა რევანშისტული განცხადებები, რომ ომი ჯერ არ იყო დასრულებული. ამიტომ აგვისტოს ბოლოსთვის მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აფხაზებისა და ოსების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი დამოუკიდებლობის აღიარების გარდა, სხვა გზა არ არსებობდა.

ამჟამინდელი კონტიგენტი კი, სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში სხვა სამართლებრივ საფუძველზე იმყოფება – რუსეთსა და ამ სახელმწიფოებს შორის დადებული შეთანხმებების საფუძველზე. რუსეთმა მედვედევი-სარკოზის გეგმა ამ ნაწილში შეასრულა", - განაცხადა ლავროვმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?