"ლეოგრანდის" საევაკუაციო კიბე უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებდა - ნიკოლოზ სირაძე

"ლეოგრანდის" საევაკუაციო კიბე უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებდა - ნიკოლოზ სირაძე

საევაკუაციო კიბე, რომელიც სასტუმრო "ლეოგრანდის" შენობაშია, სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სირაძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. როგორც მან განმარტა, მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციის დროს აღნიშნული კიბის გამოყენება ვერ შეძლეს.

"შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება 243-ე მუხლით. წინასწარი მონაცემებით, საევაკუაციო კიბე, რომელიც შენობაშია, ვერ აკმაყოფილებდა სახანძრო-უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის შექმნის დროს, მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. დანარჩენს გამოძიება დაადგენს", - განაცხადა სირაძემ.

სასტუმროს თანამშრომლების ნაწილი და თვითმხილველები კი აცხადებენ, რომ სასტუმროს საევაკუაციო კიბე აქვს და მისი გამოყენება ძლიერი დაკვამლიანების გამო ვერ მოხერხდა.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა. დაშავებულთა შორის ასევე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ