რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება

რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტმა ორი კვირის წინ უკვე მოახდინა. "დღეს უკვე ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ასევე დაგვიდასტურა, რომ პირველი იანვრიდან ძალაში შევა სრულყოფილად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის ტერიტორიაზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, დღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური პარკების და ინოვაციების შესახებ.

"ის თავის თავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას, ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას, იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის, ასევე ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. თავის თავში ეს ითარგმნება, როგორც ახალი სამუშაო ადგილები", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

რას გულისხმობს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება?

ხელშეკრულებას მაისში მოეწერა ხელი. ჩინეთს მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან აქვს გაფორმებული 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.

2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა.

ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."