მოკლედ, რას ნიშნავს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და რა იცვლება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

მოკლედ, რას ნიშნავს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და რა იცვლება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია ლეგალიზაციას არ ნიშნავს, - ამის შესახებ  "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

კახიანის თქმით, დეკრიმინალიზაცია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას გულისხმობს, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა რჩება და ერთი მეორესთან კავშირში არ არის.

"შეიძლება ამა თუ იმ რეგულაციის დეკრიმინალიზაცია მოხდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე პასუხისმგებლობა არ იარსებებს. პასუხისმგებლობა შეიძლება არ იყოს სისხლისსამართლებრივი, რასაც დეკრიმინალიზაცია გულისხმობს და შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს ასევე საია-ს წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე.

მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, პირებს, რომლებსაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული, სანქცია უნდა მოეხსნათ.

კერძოდ, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ ადამიანს შეუძლია, პირველ რიგში, ნასამართლეობის მოხსნა მოახდინოს, ასევე აღიდგინოს ჩამორთმეული ავტომობილის მართვის უფლება, იარაღის ტარების უფლება, საადვოკატო, საექიმო და სხვა კონკრეტული საქმიანობის წარმოების უფლება და ა.შ.

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის დ ქვეპუნქტში განმარტებულია, რომ თუ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში გამოყენებული კანონი, არის ახლად გამოვლენილი გარემოება, რაც არის გადასანიჯვის საფუძველი. ვადაში არ არის ადამიანი შეზღუდული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს განსჯადობის მიხედვით ქუთაისის ან თბილისის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია გააუქმოს შესაბამისი განაჩენი და ამ გზით ადამიანს შეუძლია პირველ რიგში ნასამართლეობის მოხსნა მოახდინოს, ასევე აღიდგინოს ჩამორთმეული ავტომობილის მართვის უფლება, იარაღის ტარების უფლება, საადვოკატო, საექიმო და სხვა კონკრეტული საქმიანობის წარმოების უფლება და ა.შ.", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა, დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ