რით დასრულდება ვაშინგტონ-ფხენიანის "კუნთების თამაში"

რით დასრულდება ვაშინგტონ-ფხენიანის "კუნთების თამაში"

ფხენიანი ბოლო ხანებში ამერიკის ნერვებზე თამაშობს - ან პირიქით, ამერიკა ცდის კიმ ჩენ ინის მოთმინებას... ფხენიანის განცხადებით, 29 ნოემბერს წარმატებით გამოსცადა ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა. ჩრდილოეთ კორეამ გამოცდას "გარღვევა" უწოდა, რადგან რაკეტის რადიუსი, მისი თქმით, მთელ ამერიკის ტერიტორიაზე ვრცელდება. შეშფოთებულმა ვაშინგტონმა მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან და გააფრთხილა, რომ "ომის დაწყების შემთხვევაში", მთლიანად განადგურდებიან.

მსოფლიო მედია უკვე იმაზე მსჯელობს, სადამდე მივა ამერიკა-ჩრდილოეთ კორეის დაპირისპირება და რა გზა დარჩა მათ ურთიერთობების მოსაგვარებლად და "თუკი ვითარების უკიდურეს გამწვავებას დავუშვებთ, - მოხდება თუ არა, ატომური ომი?.."

ექსპერტთა ერთი ნაწილი, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეაში ყოფილი ელჩი ივაშენცოვი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინს ხმამაღალი განცხადებები სჩვევია, თუმცა, ის პირველ დარტყმას არასდროს განახორციელებს.

"კიმ ჩინ ინი არ ლაპარაკობს, რომ ამერიკას, სამხრეთ კორეას ან იაპონიას თავს დაესხმება, ის ამბობს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეას დაესხმიან თავს, მაშინ აგრესორი გასაოცარ დარტყმას მიიღებს..." - განმარტავს ივაშენცოვი.

ატომური იარაღის გავრცელების საწინააღმდეგო პროგრამის დირექტორი ანდრეი ბაკლიცკი ამბობს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა პირველ დარტყმას განახორციელებს, ეს მისი დასასრული იქნება.

არსებობს თუ არა პრობლემის მოგვარების არასამხედრო გზა?

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, "მიუხედავად კიმ ჩენ ინის მიმართ ხისტი განცხადებებისა, ამერიკას უდიდესი ძალა და მოთმინება აქვს, თუმცა, ჩვენ თავის დაცვა მოგვიწევს, სხვა გზა არ დაგვრჩება და მოგვიწევს, ჩრდილოეთ კორეა ბოლომდე გავანადგუროთ...", - ეს განცხადება მან გაეროს ტრიბუნიდან გააკეთა "ადამიანი-რაკეტაზე" საუბრისას, როგორც ის ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტს უწოდებს.

დონალდ ტრამპი ბოლო დროს, აქტიურად ახორციელებს ფხენიანის მიმართ სანქციებს და ცდილობს, დანარჩენი მსოფლიო მის წინააღმდეგ გააერთიანოს. ჩრდილოეთ კორეის მიმართ აგრესიული პოლიტიკის გატარებას ცდილობს გაეროში ამერიკის წარმომადგენელი ნიკი ჰეილი, რაც უკვე გააპროტესტა რუსეთმა - მან ფხენიანის მიერ რაკეტის გამოცდას მოსკოვმა "პროვოკაცია" უწოდა, თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩრდილოეთ კორეის "პროვოცირებაში" აშშ დაადანაშაულა და მისი მოწოდება, - შეწყვიტოს ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან, უარყო. მისი აზრით, ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეას ლიდერს "ახალი უკიდურესი ქმედებებისკენ" უბიძგებს.

რის დამტკიცებას ცდილობს ჩრდილოეთ კორეა?

ფხენიანის თქმით, ჩრდილოეთ კორეას მიერ გაშვებულ რაკეტას ამერიკის ტერიტორიაზე ნებისმიერი მიზნის განადგურება შეუძლია. ვაშინგტონი მას შემდეგ გამოთქვამს პროტესტს, რაც ჩრდილოეთ კორეის რაკეტებმა საკმაო პროგრესს მიაღწიეს. დაპირისპირება სათავეს ჯერ კიდევ XX საუკუნის შუა პერიოდიდან იღებს, - საუბარია 1950-53 წლებზე, თუმცა, კონფლიქტი დღემდე არ დასრულებულა.

ფხენიანს ამბიცია აქვს, კორეული ნახევარკუნძული თავის მმართველობის ქვეშ გააერთიანოს... როგორც ირკვევა, ამერიკა სულაც არ აპირებს თავის პარტნიორი და მოკავშირე სამხრეთ კორეა საფრთხის წინაშე მარტო დატოვოს, ამიტომაც აქტიურად უტევს ფხენიანს. ფაქტია, რომ ამ კუთხით შეთანხმებას ჩრდილოეთ კორეამ და ამერიკამ ვერ მიაღწიეს.

რაკეტების გაშვება ფხენიანის გუშინდელი ახირება ნამდვილად არ ყოფილა - რაკეტის პირველი წარმატებული გამოცდა კიმ ჩენ ირმა ჯერ კიდევ 1998 წელს განახორციელა. ჩრდილოეთ კორეის ახლანდელი მმართველის მამამ გარდაცვალებამდე, სულ 16 რაკეტა გამოსცადა, კიმ ჩენ ინმა კი, რომელიც ხელისუფლების სათავეში 2011 წელს მოვიდა, შეიძლება ითქვას, "აიწყვიტა" და 90 სარაკეტო გაშვება განახორციელა, მათგან 20 - მხოლოდ 2017 წელს და რაც მთავარია, უმეტესობა - წარმატებით.

ჩრდილოეთ კორეამ ამ მხრივ, მართლაც უპრეცენდენტო შედეგი მიიღო - მაგალითად, Хвасон-15-მა 950 კილომეტრსა და 4475 კილომეტრ სიმაღლეზე იფრინა. ფხენიანი ირწმუნება, რომ მათ ახალ რაკეტას გაცილებით "დიდი სიმაღლეების" დაპყრობა შეუძლია... ფხენიანის აღებული ტემპის გათვალისწინებით, ამერიკასა და ზოგადად, დანარჩენ მსოფლიოს მღელვარების მიზეზი ნამდვილად აქვთ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

სითბური და რადიოლოკაციური რაკეტებისგან თავდაცვის აპარატურა დამონტაჟებული იყო ივანიშვილისა და სააკაშვილის პირად შვეულმფრენებზე - როგორ დავიცვათ ქართული "მიმინოები" რუსული "კრაზანებისგან"

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან