ავტორი:

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

გუშინ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 3 და დაშავდა 5 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეტაკებები გვიან ღამითაც გაგრძელდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოუზის რაიონის სოფელი აღდამის მიმართულებით 120 მმ-იანი ნაღმტყორცნების გამოყენებით ცეცხლი გახსნეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანული დასახლებების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაცია უარყო.

გუშინ და დღეს მტერმა ადეკვატური პასუხი მიიღო, ჩვენი ჯარისკაცების გამო შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც, - სააგენტო APA-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთის პროვოკაციის ერთ-ერთი მიზეზი აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული დიდი წარმატებაა.

„ვფიქრობ, ამ პროვოკაციის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანმა საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებებს მიაღწია. ჩვენი ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების სამიტები. ჩვენი ინიციატივით ჩატარდა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სხდომა. ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 130-ზე მეტმა ქვეყანამ, ხოლო სომხეთი წინააღმდეგი წავიდა და ამით საკუთარი თავის მსოფლიოდან იზოლირება მოახდინა. თავისი გაუგებარი პოზიციით კოვიდ 19- ის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც დღეს მსოფლიოს დღის წესრიგის სათავეშია, სომხეთმა კიდევ ერთხელ მიაპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება საკუთარი უსახური პოლიტიკისკენ. როგორ შეიძლება ეს იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ მთელი მსოფლიო გაერთიანდეს ამ ბრძოლაში, სომხეთი დაუპირისპირდა მას,” - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, სომხეთი საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერას კარგავს.

„სომხეთის ხელისუფლების მიერ გუშინდელი ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუის კიდევ ერთი ნიშანია. მათ სურთ, პასუხისმგებლობა აზერბაიჯანზე გადაიტანონ. მათ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის, ან ჩვენი სამხედრო საგუშაგის წინააღმდეგ მოულოდნელი ცეცხლის გახსნა შეუძლიათ. ისინი ასე მოიქცნენ და კიდევ ერთხელ გამოავლინეს თავიანთი მახინჯი და მზაკვრული ბუნება,” - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი კი "რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე" პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

"გუშინ, 12 ივლისს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს პროვოკაციული მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თავს დაესხნენ ჩვენს სასაზღვრო პუნქტებს, რომლებიც მდებარეობს ტავუშის რაიონის სოფელ მოვსეს მიმართულებით. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული მოქმედებები მკაცრად დასაგმობია. დღეს დილით ეს ოპერაციები განახლდა. აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობას დაეკისრება მთელი პასუხისმგებლობა რეგიონალური დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე”, - განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომა „შემაშფოთებელია“.

„შემაშფოთებელია რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომა, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ასახული, სადაც აზერბაიჯანის ქმედებების მიმართ აშკარა და უკვე ტრადიციული ანტისომხური ლოგიკით უპირობო მხარდაჭერაა გამოხატული,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სროლისას ორი სომეხი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ორი პოლიციელი, რომელიც საზღვარზე მოვალეობას ასრულებდა, მტრის მიერ საგუშაგოსთან ახლოს გახსნილი ცეცხლის შედეგად მსუბუქად დაიჭრა“, - წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს.

„ჩვენმა სამხედრო ნაწილებმა ღამის შეტაკებების დროს არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და ტანკების საშუალებით მტრის ძირითადი პოზიციები, საარტილერიო ხელსაწყოები, საავტომობილო და ცოცხალი ძალები გაანადგურეს. ამჟამად მდგომარეობას ჩვენი ჯარისკაცები აკონტროლებენ, მტრის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები ხორციელდება", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ბრძოლის დროს დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის უფროსი ლეიტენანტი მაჰმუდოვ რაშად რაშიდი.

რუსეთის საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მოსკოვი მდგომარეობის მკვეთრი გამწვავების გამო შეშფოთებულია.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება გრძელდება. არიან მოკლულები და დაჭრილები,“ - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა მიუღებელია, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას.

„სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა მიუღებელია, ვინაიდან ეს რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეში აგდებს. მხარეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულება.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის, ხელი შეუწყოს სიტუაციის სტაბილიზაციას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ორმხრივი სროლის გამო შეშფოთებას გამოხატავს და მხარეებს კომუნიკაციის ყველა არხის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ორმხრივი სროლის გამო. ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, გამოიჩინონ თავშეკავება და კომუნიკაციისთვის ყველა არხი, როგორც პირდაპირი, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ოფისები გამოიყენონ,“ - წერს ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა