ახმედ ჩატაევი საქართველოში, სავარაუდოდ, თურქეთიდან, ე.წ. მწვანე ზოლით შემოვიდა

ახმედ ჩატაევი საქართველოში, სავარაუდოდ, თურქეთიდან, ე.წ. მწვანე ზოლით შემოვიდა

ახმედ ჩატაევი საქართველოში, სავარაუდოდ, თურქეთიდან, ე.წ. მწვანე ზოლით შემოვიდა და ის ტერორისტულ აქტს გეგმავდა, - ამის შესახებ "კვირის პალიტრის" მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამი, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას და სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირებს ეხება. სტატიის მიხედვით, ჩატაევი თურქეთში ბოლო 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა და ის, თანამზრახველებთან ერთად საქართველოში, სავარაუდოდ, სწორედ თურქეთიდან შემოვიდა.

"სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა ჯგუფი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, სადაც ჩატაევი ბოლო 6 თვე იმყოფებოდა(?!). თავადაც და მისი სამი თანმხლები (მათგან მხოლოდ საიდ დუდაევია ცნობილი, მოხდა თუ არა დანარჩენი ორის იდენტიფიცირება, უცნობია) "ისლამური ხალიფატის" გამოცდილი მებრძოლები იყვნენ. ჩატაევის ჯგუფს შემოსვლა შეეძლო როგორც არალეგალურად (ე.წ. მწვანე ზოლით), ისე სარფის საბაჟოს გავლით. საზღვრის გადმოლახვა იოლი არ არის, მაგრამ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს. ეს საქმე 600-900 დოლარამდე ჯდება, თუ საზღვარზე გადმოსვლას კონკრეტულ ცვლას დაამთხვევ, ან საქართველოში მომავალი ავტობუსების გამჭრიახ მძღოლებთან დაიჭერ თადარიგს. ჩატაევმა ვაითუ, ვინმემ მიცნოსო, ალბათ, "მწვანე ზოლით" გადმოსვლა არჩია. ამ გზით შემოსვლა-გასვლის მსურველებს მომსახურებას გარკვეული ანაზღაურების ფასად "მეგზურებიც" სთავაზობენ, თუმცა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ეს "მეგზურის" გარეშეც შესაძლებელია. ვინაიდან მაღალმთიან აჭარაში "ისლამურ ხალიფატს" მხარდამჭერები ჰყავს (ხალიფატში "აჭარულ ფრთას" თამაზ ჭაღალიძე "აჰმედ გურჯი" ხელმძღვანელობს. 2015 წლის შემოდგომაზე აჭარაში ანტიტერორისტული ოპერაციაც კი ჩატარდა და "ისლამური ხალიფატის" ადგილობრივი წევრები დააკავეს), შესაძლოა, ჩატაევის ჯგუფისთვის მეგზურობა ერთ-ერთ მათგანს გაეწია", - ნათქვამია სტატიაში.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჩატაევს და მის თანამზრახველებს საქართველოში სავარაუდოდ ხელის შემწყობი ჰყავდათ, რომელიც "საიმედო" ბინის მოძიებასა და იარაღის მომარაგებაში ეხმარებოდა. სტატიის ავტორი ასევე ვარაუდობს, რომ ტერორიზმში ბრალდებულებმა იარაღი საქართველოშივე მოიძიეს, ვინაიდან, იმ რაოდენობის შეიარაღებით, რაც ბინაში იქნა აღმოჩენილი, ჯგუფი საქართველოში ვერ შემოვიდოდა. რაც შეეხება ჩატაევისა და მისი თანამზრახველების მიზნებს, როგორც "კვირის პალიტრის" მიერ მომზადებულ მასალაშია აღნიშნული, ჩატაევი საქართველოში, სავარაუდოდ, ტერაქტს გეგმავდა.

"თუ დადასტურდება, რომ ჩატაევმა შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი, ცხადი ხდება კიდევ რამდენიმე დეტალი. სავარაუდოდ, შაჰიდის ქამარი მაშინ გაიკეთა, როდესაც ბინაში მყოფებმა ჩაბარებაზე უარი თქვეს. შესაძლოა, ჩატაევი ვარაუდობდა, რომ ბინაში სპეცრაზმელების შეჭრის შემთხვევაში თავს აიფეთქებდა და ამას იქ მყოფი რამდენიმე ათეული სპეცრაზმელის სიცოცხლეც შეეწირებოდა. რას აპირებდა ჩატაევის ჯგუფი თბილისში და რა იყო მისი მოტივაცია, ამ კითხვებზე პასუხი არც ჩვენ გვაქვს, თუმცა შაჰიდის ქამრის არსებობა ბინაში (ის შეიძლება მხოლოდ ერთი არ ყოფილიყო), მიანიშნებს შემდეგზე: სავარაუდოდ, თბილისში იგეგმებოდა ტერაქტი, რომელიც თვითმკვლელებს უნდა განეხორციელებინათ, რაც ავტომატურად დიდ მსხვერპლს ნიშნავს", - ნათქვამია სტატიაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ