იურისტების შეფასება ექს-პრეზიდენტის დაკავებაზე - რა შემთხვევაში არ მოხდება სააკაშვილის დეპორტაცია

იურისტების შეფასება ექს-პრეზიდენტის დაკავებაზე - რა შემთხვევაში არ მოხდება სააკაშვილის დეპორტაცია

თუ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა ეხება იმ სავარაუდო დანაშაულს, რომელიც ჩადენილია უკრაინის ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია სხვა ქვეყანაში არ მოხდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურისტმა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა დავით ჯანდიერმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც დავით ჯანდიერმა აღნიშნა, პირველ რიგში, გასარკვევია, რა სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში მიმდინარეობს ის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება.

„თუ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა ეხება იმ საკითხს და იმ სავარაუდო დანაშაულს, რომელიც ჩადენილია უკრაინის ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში, მისი დეპორტაცია სხვა ქვეყანაში არ მოხდება და ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურებით წავა ეს საკითხი. თუ საკითხი ეხება ექსტრადიციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნა მოთხოვნილი, რაშიც მე ამ შემთხვევაში, ეჭვი მეპარება, რადგან ნათელია, რომ სხვა საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა მიხეილ სააკაშვილის სახლში, ასეთ შემთხვევაში მას შეიძლება შეეფარდოს 40 დღის განმავლობაში პატიმრობა და შემდეგ სასამართლო განიხილავს მისი ექსტრადიციის საკითხს, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა ვალიდურია, უკრაინის ხელისუფლებას აქვს უფლება უარი თქვას ექსტრადიციაზე, თუკი მის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი წარმოება. მესამე საკითხი არის ის, რაც მე ყველაზე ნაკლებად მგონია ამ შემთხვევაში, რომ ეს პროცედურა უკავშირდებოდეს საზღვრის უკანონო კვეთას და აქედან გამომდინარე, იყოს. ფაქტია, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი პროცედურები და დაკავებაც სწორედ უკავშირდება სავარაუდო დანაშაულს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი“, - განაცხადა ჯანდიერმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებისთვის სამართლებრივი საფუძველი ობიექტურად არ არსებობს.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოში რა საქმეებიც მიმდინარეობს და რა საფუძვლებითაც იყო ექსტრადიცია მოთხოვნილი, ერთხელ უკვე უარი ითქვა უარის მხრიდან.

”ამ წუთას რა ინფორმაციაც გვაქვს შეგვიძლია გითხრათ, რომ უკრაინაში მიმდინარე რაღაც საქმეზე მოხდა მისი დაკავება, შესაბამისად, სასამართლო პროცესიც იქ გაიმართება. ამ საქმეზე ვერაფერს გეტყვით, რადგან საქმის მასალები ცნობილი არ არის, თუმცა თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა. დაკავება მოხდა პოლიტიკური ქმედებების გამო, იმის გამო, რომ ხელისუფლების მთავარი ოპონენტია. სწორედ ამიტომ მიმდინარეობდა მისი დევნა, მისი დაცვის წევრების შევიწროვება. შესაბამისად, სამართლებრივი პროცედურები უკვე მეორე გვერდზე გადადის, რამდენადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მიღებული მის დაკავებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ქართულ მხარეს, საქართველომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს მიმართა უკრაინას ექსტრადირების მოთხოვნით. რაზეც უკრაინის გენერალურმა პროკურტურამ უარი განაცხადა. შესაბამისად, ამ ეტაპზე სამართლებრივი საფუძველი ობიექტურად არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებისთვის, თუმცა რაზე გარიგდება ეს ორი ხელისუფლება ერთმანეთთან, ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, მათთვის სამართლებრივ ჩარჩოებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ მოვლენებს საეჭვოდ ემთხვევა ე.წ. შეწყალების საქმის დაჩქარება თბილისის საქალაქო სასამართლოში”, - განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში ეს მხოლოდ პოლიტიკური მოტივით იქნება განპირობებული.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ სააკაშვილს ამ ეტაპზე არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს და შესაძლოა თუ არა ეს გახდეს ექსტრადირებაზე უარის თქმის საფუძველი, ადვოკატმა განმარტა, რომ ”ეს დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა ვერ გახდეს”.

”მოთხოვნილია მისი ექსტრადირება კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში. ის, რომ მას მოქალაქეობა არ გააჩნია, დამაბრკოლებელი გარემოება ვერ იქნება საქართველოში ექსტრადიციისთვის. მე ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოში რა საქმეებიც მიმდინარეობს და რა საფუძვლებითაც იყო ექსტრადიცია მოთხოვნილი, ერთხელ უკვე უარი ითქვა უარის მხრიდან, ახლა შეიძლება გადაწყვეტილება შეცვალონ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით, ამაზეა საუბარი. ამას ვერავინ გათვლის. ასე მოიქცევიან თუ არა”, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ