19 წლის სირიელი გოგონას მოგონებები ალეპოს ჯოჯოხეთზე: "როცა თავშესაფარს ვეძებდით, ცხედრებზე გვიწევდა გადახტომა..."

19 წლის სირიელი გოგონას მოგონებები ალეპოს ჯოჯოხეთზე: "როცა თავშესაფარს ვეძებდით, ცხედრებზე გვიწევდა გადახტომა..."

19 წლის სირიელი გოგონა ალეპოს დაბომბვის დღეებსა და იმ ჯოჯოხეთურ პერიოდს იხსენებს, როდესაც ორმხრივი გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა და რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სუადი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს...

"ალეპოში დარჩენა მინდოდა და იქაურობის დატოვებაზე არ ვფიქრობდი, ვიდრე ყუმბარამ თავზე არ გადამიფრინა... მივხვდი, რომ გამიმართლა, რადგან გადავრჩი. შემდეგ, ერთი სახლიდან მეორეში გადავრბოდი, რომ შენობებს შევფარებოდი. ისინი ერთი მეორის მიყოლებით იბომბებოდა. დაიბომბა ჩემი, ბიძაჩემის, მამიდაჩემისა და მეზობლების სახლები... საერთო თავშესაფარს ვეძებდით. თვითმფრინავები ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ერთი რომ წავიდოდა, მეორე მოფრინდებოდა... მუდმივად ასე ცვლიდნენ ერთმანეთს.

ალეპოს ქუჩები დაღუპული ადამიანების ცხედრებით იყო მოფენილი და დაბომბვისას, როდესაც თავშესაფარს ვეძებდით, დაღუპულთა ცხედრებზე გვიწევდა გადახტომა... ჩემი მეზობლები, მთელი ოჯახი მომწამვლელი გაზით დაიღუპა, - დედ-მამა, ბავშვები...

სირიაში ყოველმა მეორემ იცის, როგორ გააკეთოს კუსტარული აირწინაღი, კოკა კოლას ბოთლისგან... მიუხედავად ყველაფრისა, არიან ისეთები, ვინც იმ საშინელ პერიოდს გაუძლო, იქ დარჩნენ და გადარჩნენ... არადა, საშინელი სიძვირეა, საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, ყოველდღიური მომხარების ნივთები, ყველაფერი ჩვეულებრივზე ბევრად ძვირი ღირს... იქ ადამიანები ათჯერ მეტად უარეს დღეში არიან, ვიდრე საერთაშორისო გამოცემების მიერ მომზადებულ სიუჟეტებში ჩანს..." - ამბობს სირიელი გოგონა.

მან სირია დასთან ერთად დატოვა და თურქეთში წავიდა, საზღვარზე გოგონა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მისი და კი მოკლეს...

"ახლა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, - გერმანელები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ასე მგონია, მათთვის არაკომფორტულია, როდესაც მე ჰიჯაბში ვარ - თითქოს თავს იკავებენ ჩემთან ურთიერთობისგან... ადრე ვატარებდი ჰიჯაბს, თუმცა მუდმივად არა, ახლა ის ჩემთვის უცხოა, - მასში თავს სხვა ადამიანად ვგრძნობ..." - წერს ახალგაზრდა სუადი...

მას შემდეგ, რაც ასადის ხელისუფლებამ რუსეთთან ერთად გააკეთა განცხადება, რომ ISIS დამარცხებულია, "ხალიფატი დაეცა" და სირია თავისუფალია, რამდენიმე ათასი ადამიანი, უფრო მეტად ისინი, ვისაც ოჯახის წევრები და ახლობლები იქ დარჩათ, სამშობლოში დაბრუნდა... როგორც საერთაშორისო მედია წერს, მათ უკიდურესად მძიმე რეალობაში უწევთ ცხოვრება.

პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთის განცხადება, რომ სირიის ტერიტორიაზე ISIS მეომრები აღარ არიან დარჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სირიასა და ერაყში ჯერ კიდევ 3000-მდე ისლამისტი მებრძოლი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

პენტაგონის წარმომადგენლის, ერიკ პეჰონის თქმით, "რუსეთმა რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლაში დიდ წინსვლას ვერ მიაღწია." არადა, 7 დეკემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა გამოაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" ყველა შენაერთი გაანადგურეს და ქვეყანა მათგან "გათავისუფლებულია".

მას შემდეგ, რაც სირიის არმიამ პროვინცია დეირ-ეზ-ზორის დასახლებებიდან "ისლამური სახელმწიფოს" წევრები გააძევა, რუსეთი და ასადის ხელისუფლება მსგავს განცხადებებს მუდმივად აკეთებდნენ. თუმცა, რუსეთის ბოლო განცხადება უარყო ორგანიზაცია "კონფლიქტის სადაზვერვო ჯგუფმაც", რომელიც სირიაში ვითარების მონიტორინგს აწარმოებს.

უფრო საშიშ განცხადებას აკეთებენ ექსპერტები - მათი თქმით, სირიის რამდენიმე პროვინციაში კვლავინდებურად აქტიურობს ისლამისტების რამდენიმე დაჯგუფება, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივთა უსაფრთხოება დაუცველია...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მთავარი ფოტო: AP

ხაშურის სასტუმროდან ბოქსირებულ პალატაში სამი პირი, მათ შორის ირანის ორი მოქალაქე მოათავსეს

ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები

შს მინისტრის მოულოდნელი საჩუქარი თანამშრომელს, რომელიც 30 წელია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს