6 ზღაპრული ადგილი საქართველოში, რომელიც ზამთარში აუცილებლად უნდა ნახოთ

6 ზღაპრული ადგილი საქართველოში, რომელიც ზამთარში აუცილებლად უნდა ნახოთ

საქართველოს მაღალმთიანეთი უკვე დაითოვლა. ზამთრის კურორტებზე სეზონი თანდათან იხსნება და საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის - ტურისტებსა და ადგილობრივებს ელის გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი, სვანეთში კი მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტები.

თუმცა, ზამთრის ტრადიციული დასასვენებელი ადგილების გარდა, საქართველოში კიდევ რამდენიმე ადგილია, რომელიც ზამთარში განსაკუთრებით ჯადოსნური ხდება და მათი ნახვა აუცილებელია. გთავაზობთ 6 ადგილს, რომელიც ზამთრის სეზონზე აუცილებლად უნდა მოინახულოთ:

სოფელი ჯუთა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში მდებარე სოფელი, ზაფხულში დამსვენებლებს არ უჩივის. ჯუთა ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. შეუდარებელი სოფელი ულამაზესი სანახავია როგორც ზაფხულში, ასევე ზამთრის პერიოდში, დათოვლილი ქედები, რომელიც ზღაპრულ სამყაროს ქმნის, სამწუხაროდ მაცხოვრებლებისგან თითქმის დაცლილია. 2014 წლის დემოგრაფიული აღწერის მონაცემებით სოფელში 26 ადამიანი ცხოვრობს.

მარტყოფის ღვთაების მონასტერი

მონასტერი მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფის მახლობლად, თბილისის აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. მოქცეულია ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის - მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში.

მარტყოფის ღვთაების მონასტერი მოქმედებდა 1934 წლამდე, შემდეგ ის კომუნისტებმა გააუქმეს. XX ს. 50-60-იან წლებში მონასტერში უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს, შემდეგ კი 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად გადააქციეს. მონასტერში სამონასტრო ცხოვრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1989 ელს აღდგა. მონასტრის ისტორიაში განსაკუთრებით ტრაგიკულია 1918 წლის 26 აგვისტოს ღამე, როდესაც აქ თავის სენაკში მოკლეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II.

შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შაორის ტბა მდებარეობს. ის ხშირად ექცევა ტურისტების ყურადღების ცენტრში, სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით შაორის ტბის საოცარ ფოტოებს, რომელიც წლის ყველა სეზონზე განსაკუთრებულად ლამაზი ბუნებით გამოირჩევა.

შაორის წყალსაცავის სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე კი 2,7 კილომეტრია. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ². წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³. საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის (წელიწადში 1500 მმ).

ხულოს მუნიციპალიტეტი

აჭარას დამსვენებლები ძირითადად ზაფხულის პერიოდში, ზღვის სეზონზე სტუმრობენ, თუმცა აჭარაში ზამთარში ჩასულ ტურისტებს სხვა უამრავი ულამაზესი ადგილიც ელით. სამთო-სათხილამურო კურორტ "გოდერძის" გარდა, აჭარაში ზამთარში საოცრად ლამაზი ადგილია დათოვლილი ხულო, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 923 მ, ბათუმიდან 88 კმ. სახელწოდება "ხულოს" ძველი ფორმაა "ხულა", რომელიც სავაჭრო სახლს ნიშნავს. როგორც ცნობილია, შუა საუკუნეებში აქ სავაჭრო-საქარავნო გზა გადიოდა.

დაბა მესტია

თუ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და ბუნების განსხვავებული მშვენიერების ნახვა გსურთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ სვანეთს, განსაკუთრებით ზამთარში და განსაკუთრებით დათოვლილი მესტიის სანახავად.

მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს. ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია და სხვა

თუშეთი

თუშეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მისი ფართობია 896 კვ/კმ. ადმინისტრაციულად იგი ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და ზღვის დონიდან 1650-4493 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს; თუშეთში იანვარ-თებერვლის საშუალო ტემპერატურა 3-8 გრადუსია, თოვლის საფარი კი აქ 5-6 თვემდე პერიოდს ძლებს.

ფოტო: სოსო მამნიაშვილი; რომან თოლორდავა; გიორგი ნიკოლავა; გოგა ჩანადირი

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

echstars-ის სტარტაპ კვირეული დაიწყო!

ამბავი ქალზე რომელიც მის გარშემო მიმდინარე რელიგიური კონფლიქტის ფონზე ცხოვრობს - რის შესახებაა სან-სებასტიანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ქართული ფილმი

"ფეხბურთელებმა ისტორიას გადახედონ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში" - კალაძე ფარერულ კლუბთან "დინამოს" მარცხს "სამარცხვინოს", რომან ფიფიას კი "სუსტ მენეჯერს" უწოდებს