ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ

ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ

როცა დაეცა დაჭრილი ამირან რობაქიძე, მასთან ავტომატი არ დამინახავს. არ მახსოვს, რომ ვინმეს, ვინც იმ ავტომანქანაში იყო, იარაღი ჰქონოდა, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ჭანტურიამ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა.

ჭანტურია მეწყვილე დავით აბუაშვილთან ერთად პირველი იყო, ვინც ის ავტომანქანა გააჩერა, რომელშიც რობაქიძე იჯდა. როგორც მოწმემ დაკითხვისას განაცხადა, მანქანა დაკავებაზე საღამოს მან და აბუაშვილმა გადასცეს, ვინაიდან ის ერთ-ერთი მოქალაქის ცემის ფაქტში ფიგურირებდა. ჭანტურიამ აღნიშნა, რომ დაკავებისას არც ერთი პირისთვის იარაღი არ დაუნახავს.

იხილეთ ვიდეო:"როცა რობაქიძე დავარდა, იქ იარაღი არ დამინახავს" - სკანდალური ჩვენება და დაპირისპირება ბუტა რობაქიძის დედასა და გურამ დონაძეს შორის

"ავტომანქანის გაჩერების შემდეგ ყველა პირი გადმოსული იყო მანქანიდან. ჩვენ ვუთხარით, თუ რატომ გავაჩერეთ, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა, ხმამაღალი საუბარი და შეხლა-შემოხლა დაიწყო. მოვთხოვეთ ყველას, ხელები დაელაგებინათ საბარგულზე. კანონსაწინააღმდეგო იარაღი არ ჰქონიათ. ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, დავრბმავებულვარ მაშინ. გამოვიძახეთ დახმარება. მოვიდნენ ლობჟანიძე და ბაშალეიშვილი. მათი მოსვლის შემდეგ ცოტა ხანში გავიგონე გასროლის ხმა. ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, რადგან არ იყო წინაპირობა გასროლა მომხდარიყო, რადგან ეს ადამიანები მაქსიმალურად გვემორჩილებოდნენ და რასაც ვეუბნებოდით, იმას აკეთებდნენ. ვკითხე ბაშალეიშვილს, რატომ გაისროლე-თქო. იარაღი გამივარდაო - ბაშალეიშვილმა მითხრა.

როცა დაეცა დაჭრილი რობაქიძე, მასთან ავტომატი არ დამინახავს. არ მახსოვს, რომ ვინმეს, ვინც იმ ავტომანქანაში იყო, იარაღი ჰქონოდა. არავის ჰქონია იარაღი. ჩავიხედე სალონშიც. განათებული იყო ის ადგილი, სადაც გავაჩერეთ მანქანა და ხილვადობა ნორმალური იყო. ადგილზე კრიმინალური პოლიციის მოსვლის შემდეგ ვნახე, რომ რობაქიძის გვერდით ჩნდება ავტომატი. ვინ დადო ვერ გეტყვით, არ დამინახავს. ასევე, მერე ვიღაცამ დაიყვირა, რომ მანქანაში იარაღი იყო. რომ მივედი მანქანასთან, დავინახე რომ წინ, მძღოლის გვერდით სავარძელთან იდო იარაღი და ვუთხარი კამერას, რომ გადაეღო", - განაცხადა მოწმემ.

მისივე თქმით, პოლიციის განყოფილებაში გადასვლის შემდეგ დააწერინეს პატაკი, სადაც არარეალური ვითარება აღწერა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მოგვიანებით ჩვენების გარკვეული ნაწილი ხელმძღვანელობის მოთხოვნით კიდევ შეცვალა.

"დამაწერინეს კრიმინალურ პოლიციაში პატაკი, რომ იყო ორმხრივი სროლა, რის შემდეგაც გარდაიცვალა ამირან რობაქიძე. ამას ვწერდი ჩემთვის უცნობი პირის კარნახით. მერე შეგვაცვლევინეს ჩვენების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ორმხრივ სროლას ეხებოდა", - აღნიშნა მოწმემ.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულებსა და რობაქიძის დედას, ია მეტრეველს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. მეტრეველის უკმაყოფილება ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას კითხვას მოჰყვა, რომელიც მოწმე გიორგი ჭანტურიასგან დაინტერესდა, მისცა თუ არა ცრუ ჩვენება 2006 წელს სასამართლოში. აღნიშნულ კითხვას მეტრეველის მიერ დარბაზიდან რეპლიკა მოჰყვა, რომ "მაშინ რეჟიმი იყო და მოუწია ამის გაკეთება".

მეტრეველის საპასუხოდ ბრალდებულმა გურამ დონაძემ განაცხადა, რომ ახლა უარესი რეჟიმია, რასაც სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა.

"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ", - განაცხადა ია მეტრეველმა. ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა ასევე დაინტერესდა, რატომ არ მიმართა მოწმემ ვინმეს 2007-2012 წლამდე, ვინაიდან ცრუ ჩვენებით დანაშაული ჩაიდინა, რაზეც მოწმემ აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ აპირებდა ოჯახთან მისვლას.

"2012 ის მერე ვაპირებდი მიმართვას ოჯახთან. მინდოდა მართალი ვყოფილიყავი", - აღნიშნა ჭანტურიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ