სოხუმში ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პავლე არძინბა ჩაცხრილეს

სოხუმში ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პავლე არძინბა ჩაცხრილეს

სოხუმში, გუმისთის ხიდთან, გუდაუთიდან მომავალ "მერსედესის" მარკის ავტომობილში, ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზატორი პავლე არძინბა ჩაცხრილეს. მასთან ერთად, ადგილზე დაიღუპა მისი მგზავრი, დიმიტრი ხაგბა... არძინბას ბრალი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი ოფიცრის მკვლელობაში ედება. მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მასზე ძებნა გამოცხადდა. შემდეგ ის დააკავეს, თუმცა, როდის და რა მიზეზით გაათვისუფლეს, ამის შესახებ არაფერია ცნობილი.  ადგილობრივებმა ისიც კი არ იცოდნენ, თუ თავისუფალი იყო...  

ადგილობრივი მედიის ცნობით, ის დანაშაულთან დაკავშირებით მხოლოდ დაკითხეს, თუმცა, "ძიების" დასრულებამდე, "ქვეყნიდან" გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლეს...

აფხაზური საზოგადოების ვარაუდით, პაველ არძინბა და დიმიტრი ხაგბა კრიმინალურ გარჩევებს შეეწირნენ. შესაძლოა, ეს არძინბას სახიფათო ბიზნესს უკავშირდებოდეს, ან სულაც, წლების წინ, ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმას, რაც ასევე დასაშვებია... თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე "სისხლის სამართლის საქმე" იყო აღძრული, ის თავისი ძველი გავლენებისა და კავშირების დახმარებით, "ბიზნესის კეთებას" მაინც არ შეეშვა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არძინბამ აფხაზეთიდან ხრეში და უნიკალური ჯიშის ხეები გაზიდა...

პავლე არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მესამე პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. ფაქტი 2012 წლის 22 თებერვალს მოხდა. მაშინ ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი წევრი – თენგიზ ფანდარაია და რემზიკ ცუგბა დაიღუპნენ.

ცნობისთვის, რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ, პავლე არძიმბა, რომელმაც ანქვაბზე თავდასხმის შემდეგ თავი რუსეთს შეაფარა, მიმდინარე წელს აფხაზეთში დაბრუნდა და ადგილობრივ "სამართალდამცავებს" საკუთარი ნებით ჩაბარდა... ის 5 წლის განმავლობაში ძებნაში იმყოფებოდა...

აფხაზეთში მის გამოჩენას მაშინ მითქმა-მოთქმა მოჰყვა, - ფაქტია, რომ არძინბა რეგიონში ისე არ გამოჩნდებოდა, ის სავარაუდოდ, გარკვეული "პირობის" სანაცვლოდ ჩავიდა.

პავლე არძინბა 1951 წელს გუდაუთის რაიონის სოფელ დურიპშში დაიბადა. გუდაუთის სკოლის დამთავრების შემდეგ, მან და ანქვაბმა ერთი და იგივე, როსტოვის უმაღლესი სასწავლებელი, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრეს... არძინბა აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ საომარ მოქმედებებში, - არსებული ინფორმაციით, მაშინ აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და შეიარაღების საკითხსაც კურირებდა, თუმცა, არაოფიციალურად...

აფხაზეთის ომის შემდეგ, მის პოლიტიკასთან კავშირზე რეგიონში ბევრი არაფერი იყო ცნობილი, ის უფრო ბიზნესით იყო დაინტერესებული, თუმცა, მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ანქვაბზე რიგით მეექვსე თავდასხმა განხორციელდა, არძინბას გვარმაც გაიჟღერა. ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელებმა გუდაუთის ტყეებს შეაფარეს თავი, შემდეგ კი რეგიონი დატოვეს...

ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში პავლე არძინბამ განაცხადა, რომ ომის დროს ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო აფხაზეთში, მის ანგარიშზე 600 მილიონზე მეტი იყო, თუმცა, ომი დროს მან აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს 3 მილიონი გადასცა; დაცვისა და შეიარაღებისთვის კიდევ 3 მილიონი გამოყო. ცალკე სოხუმს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, კიდევ 3 მილიონი აჩუქა; "სულ 15 მილიონი დავარიგე, როდესაც ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა, ტომრებით ვგზავნიდით ფულს სხვადასხვა რეგიონში, რათა მიზნობრივად დახარჯულიყო, იმათ დახმარებოდნენ, ვისაც სჭირდებოდა..."- წერდა არძინბა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?