"იანვრიდან ვხსნით დაწესებულებას, სადაც გადავიყვანთ პირებს, რომლებსაც სასჯელის მოსახდელად დარჩათ 1 წელი"

"იანვრიდან ვხსნით დაწესებულებას, სადაც გადავიყვანთ პირებს, რომლებსაც სასჯელის მოსახდელად დარჩათ 1 წელი"

2018 წლის 1-ელი იანვრიდან ჩვენ ვხსნით გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებას, სადაც გადაყვანილნი იქნებიან ის პირები, რომლებსაც კალენდარულად გათავისუფლებამდე დარჩათ 1 წელი, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კახიშვილის განმარტებით, პატიმრებს ამ დაწესებულებაში საშუალება ექნებათ, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას.

"გარდა ამისა, ამ დაწესებულებიდან მოხდება მსჯავრდებულთა გათავისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში იმ შემთხვევაში, თუ ისინი იპოვიან მუდმივ სამუშაო ადგილს ან თუ ივლიან სასწავლო დაწესებულებაში. ბუნებრივია, ასევე, მათ ექნებათ საშუალება, დატოვონ დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე და სადღესასწაულო დღეებში", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

კახა კახიშვილმა ასევე, პატიმრების რისკ-ჯგუფების კლასიფიკაციის მოდელზეც გააკეთა განმარტებები.

"ჩვენ დავნერგეთ და განვახორციელეთ რისკების მიხედვით მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მულტიდისციპლინული ჯგუფები - სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, რეჟიმისა და უსაფრთხოების ინსპექტორები სწავლობენ თითოეული მსჯავრდებულის პირად საქმეს, დახასიათებას და შემდგომში, ანიჭებენ რისკს. ჩვენ გვაქვს ოთხი ტიპის რისკი - დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი. რისკის დადგენის შესაბამისად ხდება მსჯავრდებულების გადანაწილება შესაბამის დაწესებულებებში. მსჯავრდებულებს, გარკვეული თვეების შემდეგ, მისი რისკ-ჯგუფისთვის გადახედვის და მისი შეცვლის მოთხოვნის შესაძლებლობა აქვს", - განაცხადა კახიშვილმა.

მისივე განმარტებით, 1-ელი იანვრიდან მსჯავრდებულებს, რომლებიც იქნებიან დაბალი და საშუალო რისკის დაწესებულებაში, საშუალება ექნებათ დისტანციურად მიიღონ განათლება.

კახა კახიშვილის განცხადებით, უწყება ახალი მექანიზმის შემოღებაზე მუშაობს, რომლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავრდებულს, სამუშაო დღეების შესაბამისად, მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდება.

"ეს იქნება რევოლუციური საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც 2018 წელს წარმოვადგენთ და რომელიც შეეხება მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემცირებას, თუ ის იმუშავებს - ერთი სამუშაო დღე, მინუს ერთი დღე პატიმრობა და ასე საშიშროების რისკების შესაბამისად. ამით, მსჯავრდებულს მიეცემა საშუალება იმუშაოს და შესაბამისი ფორმულით შეიმციროს საპატიმრო ვადა. ეს იქნება სტიმული იმისა, რომ უფრო მათ მეტად იფიქრონ დასაქმებაზე, შეიმცირონ სასჯელი და არ იფიქრონ კრიმინალურ მენტალიტეტსა და მათ ადათ-წესებზე. მსჯავრდებულს უნდა შესთავაზო სხვა, ალტერნატიული გზა, იმისთვის, რომ ის გათავისუფლდეს კრიმინალური გავლენებისგან", - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ დასაქმება პენიტენციურ სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

კონკრეტული პროექტი, თუ რა კატეგორიის მსჯავრდებულებს შეეხებათ აღნიშნული სიახლე, როგორ მოხდება მათი ჩართვა საქმიანობაში და სხვა დეტალები, ახლო მომავალში იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობით მუშაობს, ასევე, სწავლობს ამ კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას.

პარალელურად ამისა, იგეგმება პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოებისა და დასაქმების ახალი კერების შესაქმნელად, ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა.

ამჟამად, პენიტენციურ სისტემაში დასაქმების არაერთი შესაძლებლობა არსებობს. ფუნქციონირებს საწარმოები, პურის საცხობები, სამკერვალო, ხის საამქრო, რომელშიც პატიმრები არიან დასაქმებულნი და შესაბამის ანაზღაურებას იღებენ. მსჯავრდებულები ჩართულნი არიან სამეურნეო სამუშაოებშიც, რომელიც ანაზღაურებადია. ამასთან, მსჯავრდებულები მიკრობიზნესის სტატუსით, პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალურ საქმიაობას ეწევიან. მათ მიერ დამზადებული ნივთები ონლაინ მაღაზიის www.online.moc.gov.ge-ს მეშვეობით იყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, პირად ანგარიშზე ერიცხებათ.

მსჯავრდებულთა დასაქმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ხელს უწყობს პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ