სხვადასხვა ეკონომიკური მოვლენების გარდა, 2017 წელს საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიზნეს გარიგებაც შედგა. "ბიზნესპრესნიუსი" წლის ბიზნეს გარიგებებს გთავაზობთ:
"ალტა" და "მეტრომარტი" გაერთიანებას გეგმავენ
"ალტა" და "მეტრომარტი" გაერთიანებას აპირებენ. კომპანიებს შორის დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება კონკურენციის სააგენტოს 18 ოქტომბერს წარედგინა და საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტო "ალტასა" და "მეტრომარტის" კონცენტრაციას დათანხმდა.
ცნობისთვის, საჯარო რეესტრის 2017 წლის 27 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, შპს "ალტას" 52%-იან წილს თეა კაკაბაძე; 31.3236%-იან წილს ირაკლი კაკაბაძე; 7.3863%-ს გრიგოლ ნიკოლაიშვილი; 5.3494%-ს ლევან ნიკოლაიშვილი; 2%-იან წილს დავით სოფრომაძე; 1.148%-ს ზურაბ ტაბიძე; 0.5%-ს კახა ჭოველიძე და 0.2927%-იან წილს გია ზაზაშვილი ფლობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს "ალტა" შპს "ალტაოქეის" 50%-იანი წილის მფლობელია.
რაც შეეხება შპს "მეტრომარტს", მიმდინარე წლის 26 ივნისის ამონაწერის მიხედვით, "მეტრომარტის" 33.34%-იან წილს ოფშორულ ზონაში სენტ-ვინსენტი და გრენადინებში რეგისტრირებული "სი.სი. ქორფორეიშნ"; 33.33%-ს - "ელვა ქორფორეიშნ"; ხოლო 33.33%-იან წილს ასევე ოფშორში რეგისტრირებული "ნექსტ ელექტრონიკს"-ი ფლობს.
8 იანვრიდან გლობალ ტვ-ის აბონენტებს სატელევიზიო სიგნალს სილქნეტი მიაწვდის
"გლობალ ტვ" აბონენტებს აფრთხილებს, რომ 2018 წლის 8 იანვრიდან სატელევიზიო სიგნალის მოწოდებას, გლობალ ტვ-ის ნაცვლად "სილქნეტი" უზრუნველყოფს.
კომპანია "სილქნეტის" მიერ "გლობალ TV"-ის შეძენასთან
დაკავშირებით, ინფორმაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში გავრცელდა. როგორც მაშინ კომპანია "სილქნეტში" განაცხადეს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან ელოდებოდნენ დასტურს.
ნოემბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "სილქნეტს" "გლობალ TV"-ს ("გლობალ კონტაქტ კონსალტინგი") შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა.
საჯარო რეესტრში გლობალ TV სს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" სახელითაა რეგისტრირებული. 3 ოქტომბრის ამონაწერით, სააქციო საზოგადოების "სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარე/წევრი: გიორგი ქსოვრელი, წევრები კი მალხაზ ლოლაშვილი და გიორგი ჯანელიძე არიან.
რაც შეეხება სს "სილქნეტს" 11 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი გიორგი რამიშვილი , მოადგილე/წევრი გიორგი ხარაბაძე, წევრები ვასილ კენკიშვილი, ლევან ბუჩუკური, თეოდორ ჩარლზი ჯონასი და ალექსი თოფურია არიან.
"ენერგო პრო ჯორჯიამ" კახეთის ენერგო დისტრიბუცია იყიდა
"ენერგო პრო ჯორჯიამ" სს "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" აუქციონზე 21 716 382.97 ლარად შეიძინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აგვისტოში გავრცელდა.
ს/ს"კახეთის ენერგოდისტრიბუცია" 2003 წელს შეიქმნა. 2005 წლიდან კი გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა, რაც 2008 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა. აღნიშნულ პერიოდში კომპანია აუქციონზე 6 მილიონ 100 ათას დოლარად ლიტვურმა კონცერნმა "ახემა-გრუპმა" შეიძინა. თუმცა, "ახემა-გრუპის" მფლობელობის ქვეშ კომპანია კვლავ გაკოტრების რეჟიმში აღმოჩნდა, 2011 წელს მის მიმართ გაკოტრების საქმე გაიხსნა.როგორც კომპანიის გვერდზეა მითითებული, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 417 544 ლარი დავალიანება აქვს. დღემდე კომპანია გაკოტრების რეჟიმში მუშაობს და გაკოტრების მმართველი, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.