ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - საქმეში ორი გარდაცვლილი არასრულწლოვნის გარდა, სხვა დაჭრილი პირები ფიგურირებენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - საქმეში ორი გარდაცვლილი არასრულწლოვნის გარდა, სხვა დაჭრილი პირები ფიგურირებენ

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის ფაქტი, რომ გარდაცვლილს მიყენებული აქვს იმაზე მეტი ჭრილობა და განსხვავებული ზომის, ვიდრე ეს საქმეშია წარმოდგენილი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწოვანის ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ადვოკატის განცხადებით, შესაბამისად ლოგიკურია, რომ საქმეში იმაზე მეტი დანა ფიგურირებს, ვიდრე ამას გამოძიება ამტკიცებს.

"დაცვის მხარის ვარაუდით, იმაზე მეტი დანა ფიგურირებს საქმეში, ვიდრე გამოძიებას აქვს წარმოდგენილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის ფაქტი, რომ გარდაცვლილს მიყენებული აქვს იმაზე მეტი ჭრილობა და განსხვავებული ზომის, ვიდრე ეს საქმეშია წარმოდგენილი. ჩვენ ვადასტურებთ, რომ გამოძიება არ არის ეფექტურად ჩატარებული და ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს", - განაცხადა ეკა მაჭარაშვილმა.

საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით კი, საქმეში ორი გარდაცვლილი არასრულწლოვნის გარდა, სხვა დაჭრილი პირები ფიგურირებენ.

პროკურორს არ დაუზუსტებია, თუ რამდენი პირია ხორავას ქუჩაზე დაჭრილი, თუმცა აღნიშნა, რომ დანიშნულია ექსპერტიზა.

"დღეს განვიხილავთ ორი პირის ბრალდების საქმეს, რომ მათი მოქმედების შედეგად დადგა ორი არასრულწოვნის გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დაზიანებულებს, დაჭრილებს, დანიშნულია ექსპერტიზა და დგინდება თუ რა გარემოებებში მიიღეს ეს ჭრილობები" , - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქმეში ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს, ზვიად ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქმიდან გამოყოფილია სხვა სისხლის სამართლის საქმე 5 პირის წინააღმდეგ, რომელიც დანაშაულის დაფარვას ეხება. შესაბამისად, მოცემული გამოძიების პროცესში, პროკურორის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ამასთან, პროკურორი უარყოფს დაცვის პოზიციას თითქოს საქმეში მონაწილეობს სხვა ცივი იარაღი, რომელიც გამოძიებაში არ არის დაფიქსირებული.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ