თბილისის მერიის შენიშვნები გენგეგმის პროექტთან დაკავშირებით

თბილისის მერიის შენიშვნები გენგეგმის პროექტთან დაკავშირებით

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტში არ გვხვდება უფლებრივი ზონირების რუკაში განსახორციელებელი ზონის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, რაც ართულებს დოკუმენტის ინსპექტირების პროცესს, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასებაში, რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის საიტზე დღეს გამოქვეყნდა.

როგორც მერიაში მიიჩნევენ, გენგეგმის პროექტში არ არის დასაბუთებული, კონკრეტულად რის საფუძველზე ხდება ზონის ცვლილება ან არსებული ზონის დატოვება.

”წარმოდგენილი დოკუმენტის ტექსტურ ნაწილში არ გვხვდება უფლებრივი ზონირების რუკაში განსახორციელებელი ზონის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, რაც ართულებს დოკუმენტის ინსპექტირების პროცესს. გარდა ამისა, არ არის დასაბუთებული კონკრეტულად რის საფუძველზე ხდება ზონის ცვლილება ან არსებული ზონის დატოვება. შესაბამისად, მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს შემოთავაზებული ფუნქციური ზონები. საკრებულოს მიერ შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმები სრულად არ არის ასახული და შესაბამისად, ადევს არაადექვატური ზონა, რაც გაართულებს მომავალში კონკრეტულ ტერიტორიებზე სამშენებლო განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

მგგ-ს ფარგლებში საჭიროა გაიწეროს რეკომენდაციები, თუ რა ძირითადი პრინციპების

გათვალისწინებით უნდა იქნას გაანალიზირებული საკითხები ცალკეული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების დასადგენად, რომელიც უკვე ჩამოყალბებულია და არ საჭიროებს გრგ-ს დამუშავებას”, - ნათქვამია შეფასებაში.

მერია მიიჩნევს, რომ გენერალური გეგმის პროექტში უგულებელყოფილია მწვანე ქალაქის კონცეფციით გასათვალისწინებული პრიორიტეტები - სარეკრეაციო ზონები: ბაღები, სკვერები და საუბნო მწვანე კორიდორები.

”გენგეგმის ჯგუფის პოზიცია, რომ იმ არეალებზე, რომლებზეც მოქმედ გენგეგმაში სარეკრეაციო ზონების ასახვა გამორჩენილია, მათი ასახვის, არსებულის დაზუსტების და შენარჩუნების ნაცვლად უმჯობესია მათ უმრავლესობას მოეხსნას ეს სარეკრეაციო ზონა და განესაზღვროს სხვადასხვა სამშენებლო ზონა. მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული მიდგომა მიუღებელია და მიაჩნია, რომ ნებისმიერი სკვერი მისი ფართობის მიუხედავად საჭიროებს სარეკრეაციო ზონის განსაზღვრას. საჭიროა მწვანე კორიდორების გაჩენა და ასახვა. ზონირების ნაწილში გათვალისწინებული და ასახული უნდა იქნას, არსებული და დაგეგმილი სატრანსპორტო ქსელი და გზის შემადგენელი ელემენტები”, - აცხადებენ მერიაში.

თბილისის მერიის შენიშვნების თანახმად, გენერალური გეგმის ის თავი, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება, არანაირ მონაცემებს და დამამტკიცებელ საფუძვლებს არ იშველიებს, გაურკვეველია რა პრინციპების საფუძველზე გაკეთდა ალტერნატიული გზები.

თბილისის მერია შენიშვნებს აქვეყნებს, რომელიც აღნიშნულია, რომ ტრანსპორტის მიმართულებით ტექსტში არ არის რეფერენსირებული არც ერთი მოქმედი პოლიტიკის დოკუმენტი ან ევროკავშრის დირექტივა და საუკეთესო პრაქტიკა ამ მიმართულებით.

”ასევე არ არის ნახსენები თბილისზე არსებული კვლევები და მონაცემები. ტექსტი უნდა ეყრდნობოდეს თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიას (2015), რომელიც თბილისის მთავრობის მიერ არის მოწონებული. ამჟამად თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მუშაობს ამ სტრატეგიის განახლებაზე, რაც ასევე უნდა იქნას ნახსენები ტექსტში. გაურკვეველია რა პრინციპების საფუძველზე გაკეთდა ალტერნატიული გზები და სხვა შემოთავაზებები.

გენერალური გეგმის ეს თავი (ტომი 5. ნაწილი 1. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის

განვითარება) არანაირ მონაცემებს და დამამტკიცებელ საფუძვლებს არ იშველიებს, როგორც ჩანს, არც ყოფილა გამოყენებული წინადადებების მომზადებისას. გენერალური გეგმა არ შეიძლება განვითარდეს მონაცემების გარეშე.

ნებისმიერი სტრატეგიული დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე ნაწილს, რომელთა შორის კავშირები უნდა იყოს ნათელი: მდგომარეობის შესწავლა (მონაცემები და მეთოდოლოგია), ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება, პრინციპების განსაზღვრა, გადაჭრის გზები და სხვა. ამ ნაწილებს შორის პირდაპირი კავშირი, არის ის, რაც დოკუმენტს აძლევს ვალიდურობას და სანდოობას. მოცემულ დოკუმენტში ეს სტრუქტურა და მეთოდოლოგია აბსოლუტურად არ არის დაცული. სწორედ ამას ვგულისმობდით, კვლევებისა და სტრატეგიების რეფერენსირების ნაკლებობაში, რაც შემოთავაზებული მიდგომების საფუძველი უნდა იყოს”, - ნათქვამია შენიშვნებში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."