რას ყვება "ბასიანთან" მომხდარ დაჭრაში ბრალდებული ინციდენტზე - ადვოკატის კომენტარი

რას ყვება "ბასიანთან" მომხდარ დაჭრაში ბრალდებული ინციდენტზე - ადვოკატის კომენტარი

ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გირაო სამართლიანად შეუფარდა.

როგორც თამაზ ქვლივიძის ადვოკატმა ზაზა მესხმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბრალდებული თავდაპირველად დუმილის უფლებას იყენებდა, თუმცა მოგვიანებით სასამართლოზე თავი დამნაშავედ სცნო. რაც შეეხება ინციდენტის მიზეზს, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ყველაფერი ღამის კლუბში არშეშვების გამო დაიწყო.

რაც შეეხება ქვლივიძის მიერ დაზარალებულებისთვის მიყენებულ ჭრილობებს, ადვოკატის თქმით, ყველაზე მძიმე დაზიანება, ერთ-ერთ დაზარალებულს მაშინ მიადგა, როდესაც ბრალდებულისთვის დანის წართმევას ცდილობდნენ.

"როგორც თავად მითხრა, იყო ნასვამ მდგომარეობაში და ამიტომ მოხდა ეს ინციდენტი. ჩვენება მიცემული არ აქვს. დუმილის უფლებას იყენებდა და სასამართლოზე აღიარა დანაშაული. გადმოცემით ვიცი და მასთან პირადი საუბრით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ არ შეუშვეს კლუბში. ეს ბანალური ამბავი გახდა ასეთი დიდი განხილვის საფუძველი. არ მაქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობის გარეშე რაიმეს გაჟღერების უფლება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მის მიმართ ყოფილიყო როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა", - განაცხადა ზაზა მესხმა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებაზე დაწყებული განხილვები სასამართლოს საქმიანობაში აშკარა ჩარევაა.

"მითქმა-მოთქმა რომ არის და ასეთი კომენტარები კეთდება, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ჩაერიო სასამართლოს მუშაობაში. აშკარა ზემოქმედებაა სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე. სასამართლომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. თუ ვინმე არ ეთანხმება, შეუძლია გაასაჩივროს კანონის მიხედვით. პროკურატურამ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. ხვალ არის ჩანიშნული პროცესი სააპელაციო სასამართლოში და გადაწყვეტს სასამართლო, სწორი იყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თუ არა. მე ვთვლი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი იყო", - განაცხადა ზაზა მესხმა.

იხილეთ ვიდეო: "აფექტში მოხდა, დაცვები იცით თქვენც წესიერად რომ არ იქცევიან" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომლის შვილმა "ბასიანში" 3 პირი დაჭრა

ადვოკატის თქმით, მან ბრალდებულისთვის 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს 30 ათასის გადახდა დააკისრა.

"საქმეზე მიდის ძიება. მხოლოდ ერთადერთი მუხლია მძიმე, რომელიც ბრალად აქვს შერაცხული, თუმცა ჯერ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნები. გასარკვევია ის ფაქტობრივი გარემოებები, თუ რამ გამოიწვია და როგორ მოხდა ამ დაზიანებების მიყენება. არც ერთი ჭრილობა არ არის შემავალი და შესაბამისად, თუ ვარაუდია, რომ მას უფრო მძიმე დაზიანებების მიყენება უნდოდა, ეს ფაქტი ამ ყველაფერს გამორიცხავს", - აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა.

წაიკითხეთ:

"ჩემთვის მოქნეული დანა პოლიციელმა ხელით დაიჭირა..." - რას ყვება "ბასიანის" დაცვის უფროსი სისხლიან გარჩევაზე

"დღეს სისტემა მკვლელებს გირაოთი ათავისუფლებს!" - რა გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში, 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ