შურისძიებიდან კრიმინალამდე - ვინ იყო ცხინვალში მოკლული მარეკ დუდაევი?

შურისძიებიდან კრიმინალამდე - ვინ იყო ცხინვალში მოკლული მარეკ დუდაევი?

ცხინვალის რეგიონის სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს. ოსური მედიის ინფორმაციით, დუდაევი იმ სოფლის ყოფილ კლუბში იპოვეს მოკლული, სადაც დაიბადა და გაიზარდა. მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი...

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიტოვებულ შენობაში სუფრა იყო გაშლილი, რომელზეც დუდაევის ერთი თანასოფლელი იმყოფებოდა. სწორედ მან ესროლა ოს კრიმინალს, შემდეგ კი მიიმალა. თუმცა, კიდევ ერთი ვერსიით, მას მილიციის თანამშრომლებმა ესროლეს.

ქართული საზოგადოება მარეკ დუდაევის პერსონას კარგად იცნობს, - ის 2004 წლის მარტში, ქართველმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს დუდაევს თბილისის სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასჯელს #7 დაწესებულებაში იხდიდა და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მას ამნისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც, ოთხი წელი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შემდეგ, ესეც მოეხსნა და საბოლოოდ, 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გათავისუფლების შემდეგ, მან ძველი პროფესია გააგრძელა, - ე.წ. რეკეტიორი იყო, რომელიც ადგილობრივ კრიმინალებს, ან მისთვის პერსონალურად მისაღებ მეწარმეებს მფარველობდა... უცნობია, ჰყავდა თუ არა შვილები, თუმცა, ცნობილია, რომ ბოლო დროს მისმა მეუღლემ, მართა ვაზაგოვამ არაერთხელ მიმართა თხოვნით ადგილობრივ ე.წ. მილიციას - მისი თქმით, ქმარი მასზე ძალადობდა და ის დახმარებას ითხოვდა...

დუდაევი მეუღლესთან ერთად

დუდაევის თბილისიდან გათავისუფლებას მთელი რიგი პროცესები უძღოდა წინ - 2005 წლის ივლისში, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ცხინვალი-ვლადიკავკაზის ავტომაგისტრალი გადაკეტეს და ამ ფორმით, ცხინვალის ციხეში დაკავებული თანასოფლელების გათავისუფლება მოითხოვეს. მაშინ საქმეში ჩაერთო რუსეთის ე. წ. სამშვიდობო ძალების სარდალი, გენერალ მარატ კულახმეტოვიც... თავის მხრივ, ცხინვალმა ქართველი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ, მარეკ დუდაევის გათავისუფლება მოითხოვა. თუმცა, საქართველოს მაშინდელმა შსს უწყებამ განაცხადა, რომ ეს შეუძლებელი იყო...

უფრო მოგვიანებით, 2007 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულ მხარეს მარეკ დუდაევი ძმებ ხაჭაპურიძეებში უნდა გაეცვალა, მაგრამ ცხინვალის მაშინდელი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, მიხეილ მინძაევის განცხადებით, გაცვლა არ შედგებოდა...

"საველე მეთაური", "არცევის მგელი", "მთის მგელი" - ეს ის ზედმეტსახელებია, რომლითაც დუდაევს ცხინვალის რეგიონში მოიხსენიებდნენ, თუმცა, მას ოფიციალურად ქართული სახელი, ნოდარი ერქვა, რაც ნიშნავს, რომ 90-იანი წლების ქართულ-ოსურ კონფლიქტამდე იქ ეთნიკური განსხვავება არ იგრძნობოდა.

სწორედ ამ ომმა მის კრიმინალურ წარსულში დიდი როლი ითამაშა - ქართულ-ოსური მოვლენების დროს ის 13 წლის იყო, როდესაც მამა თვალწინ მოუკლეს, მისი და გააუპატიურეს და დედა ცოცხლად დაწვეს... Human Rights Watch-ის ერთ-ერთ ანგარიშში, ქართველი სამხედრო ექსპერტები ამბობდნენ, რომ დუდაევების ოჯახს ქართველები, მათივე მეზობლები დაესხნენ თავს. შემდეგ კი დუდაევი რეგიონში აგორებულ "ტალღას" აჰყვა, მთაში გაზრდილი და შურისმაძიებელი პირიდან, დაუნდობელ კრიმინალად გადაიქცა და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

ცნობისთვის, ქართველი ექსპერტები მის ოსურ წარმოშობასაც ეჭვქვეშ აყენებდნენ და ამბობდნენ, რომ მისი წინაპრები ჩრდილო კავკასიიდან, კონკრეტულად, ჩეჩნეთიდან სისხლის აღების სასტიკ ტრაგედიას გაექცნენ და ჩრდილოეთ ოსეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩასახლდნენ...

არსებული ცნობებით, მარეკ დუდაევის ძმა - ერიკ დუდაევი, რომელიც კოკოითის ხელისუფლების დროს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო, "სახელმწიფო მოხელეობამდე", "კანონიერი ქურდი" გახლდათ, ადამიანებს იტაცებდა, ძარცვავდა და ყაჩაღობდა... მიუხედავად იმისა, რომ კოკოითი ქართულ მხარესთან მარეკ დუდაევის გათავისუფლების მოთხოვნით მუდმივად სპეკულირებდა, ოსური მედია წერდა, რომ მისი დაბრუნებით, რეგიონში კრიმინალი მოიმატებდა... თუმცა, მისი გათავისუფლების შემდგომ დანაშაულის სტატისტიკა არავის უწარმოებია.

იხილეთ ვიდეო: ცნობილი კრიმინალი მარეკ დუდაევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოკლეს

ოსური მედიის ცნობით, მარეკ დუდაევი, საკუთარ სოფელში პირად დაპირისპირებას შეეწირა. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მკვლელს ეძებენ. როგორც სააგენტო "რესს" წერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს მინისტრმა იგორ ნანიევმა განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მკვლელის ვინაობა დაადგინეს. "ეჭვმიტანილი მიიმალა. სავარაუდოდ, ის საქართველოში გადავიდა", - განაცხადა ნანიევმა.

ე.წ. სამართალდამცველების ინფორმაციით, საქართველოში მარეკ დუდაევის მკვლელის ნათესავები ცხოვრობენ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?