რა განათლება აქვს დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს, რომლის ციტატამ გლეხზე ინტერნეტსივრცე აღაშფოთა

რა განათლება აქვს დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს, რომლის ციტატამ გლეხზე ინტერნეტსივრცე აღაშფოთა

"სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში" - ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ფაროსანასთან ბრძოლის გზებს განიხილავდნენ. აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. "ფეისბუქში" ჭიჭინაძის კომენტარის პასუხად უამრავი ნეგატიური გამოხმაურება დაიწერა:

"ძალიან ბევრ მოქმედ და ძველ დეპუტატზე და თუ გინდა მინისტრზე ნასწავლი და აზრიანი გლეხი მინახავს; რა, დაზეპირებულ უცხოურ სიტყვას, თუ მესიჯბოქსის დავალებებს სხაპასხუპით რომ ლაპარაკობენ? თუ 5 და 6 ათასი რომ არ ყოფნით?";

"იქნებ მთლად კარგად ვერ გავიგე და მაშინ ახლავე ვიხდი ბოდიშს, მაგრამ ნასწავლი, განათლებული გლეხი და ხეპრე ქალაქელი არ უნახავს ბატონ ჭიჭინაძეს?";

"კარგი რამის თქმა უნდოდა და აშკარად ცუდად გამოუვიდა. ჯერ განვსაზღვროთ გლეხის ცნება. გლეხი არის მიწაზე მომუშავე ადამიანი, რომელსაც შესაძლოა ძალიან დიდი ინტელექტი ჰქონდეს. შედარებით დიდი მიწის მფლობელი გლეხი უკვე ფერმერია. ამ ადამიანმა გლეხი და უსწავლელი ადამიანი ერთმანეთში გააიგივა. მოკლედ ლოგიკასთან აქვს პრობლემა ადამიანების 99%-ს";

"მე სოფელში გავიზარდე და ვიცნობდი და ვიცნობ ბევრ განათლებულ გლეხს. გლეხი თუ განათლებული არ არის ის ვერც მოსავალს მოიყვანს და ვერც იცხოვრებს" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში.

ამასთან, ინტერნეტმომხმარებლები დაინტერესდნენ, რა განათლება აქვს დეპუტატს, რომელიც ორი მოწვევის პარლამენტარია. მისი ბიოგრაფიის მოძიება ადვილად შეიძლება საქართველოს პარლამენტის საიტზე parliament.ge. ჭიჭინაძე პირველად პარლამენტში 1999 წელს მოხვდა ბლოკი "საქართველოს აღორძინების" პარტიული სიით.

52 წლის ჭიჭინაძეს, დამთავრებული აქვს თბილისის 111-ე საჯარო სკოლა; 1982-1987 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტზე. პროფესიით მშენებელ ჰიდროტექნიკოსია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მან 2000 წელს დაამთავრა - მაშინ როცა პირველი მოწვევით გახდა დეპუტატი, "გეპეი" ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ჰქონდა. ამას მოწმობს პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე მის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია.

განახლებულ და უკვე შევსებულ ინფორმაციაში კი მითითებულია რომ ჭიჭინაძემ ჰიდრომშენებლის დიპლომი 2000 წელს აიღო. მისი სამუშაო გამოცდილება კი 1983 წელს იწყება - "სამტრესტის" მექანიკური სარემონტო-სამონტაჟო გაერთიანების მე-2 თანრიგის მუშის პოზიციაზე, სადაც მან ერთი წელი იმუშავა. შემდეგ პროფესიულ გამოცდილებაში მითითებულია, რომ 1990 - 1998 წლებში ტრადიციონალისტთა კავშირის აღმასრულებელი მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 1998-2004 წლებში კი აღმასრულებელი მდივნის პოსტი ჩაიბარა. 2004 წელს ბიზნესსაქმიანობა დაიწყო და 2016 წელს დეპუტატი გახდა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარული სიით.

მოგვიანებით, ჭიჭინაძემ მის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და ბოდიში მოიხადა, რომ მისი კომენტარი არასწორი კონტექსტით იყო მიღებული. დეპუტატმა "ნეტგაზეთთან" აღნიშნა, რომ ის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ცოდნაზე ლაპარაკობდა და არა ზოგად განათლებაზე. "პირიქით. ყველა ჩვენი დიდი მეცნიერი რაიონებიდან სოფლებიდან წამოსული ადამიანები არიან და ყველა ჩვენთაგანი აქედან მოდის", - აღნიშნა დეპუტატმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."