აფხაზური მხარე პირობას დებს, რომ გალში ქართველთა სახლების გადაწვის საქმეს გამოიძიებენ

აფხაზური მხარე პირობას დებს, რომ გალში ქართველთა სახლების გადაწვის საქმეს გამოიძიებენ

გალში ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა საგანგებო შეხვედრაზე რაიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი ინციდენტები განიხილეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.

"გალის რაიონში ქართველების სახლების დაწვის ფაქტებთან დაკავშირებით აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ამ ფაქტებს გამოიძიებენ. მათ ქართული მხარე დაადანაშაულეს ბოლო დღეებში გალის რაიონში სამი ადამიანის მკვლელობაში. ჩვენ შესაბამისი მტკიცებულებები მოვითხოვეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ამ მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლეს", - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა გალში 22 ივნისის ნაცვლად 20 ივლისს გაიმართება.

ივნისის დასაწყისიდან გალის რაიონში დე-ფაქტო ხელისუფლების სამი წარმომადგენელი მოკლეს. ქართული მხარის ვერსიით, მკვლელობების მიზეზი ქართული მოსახლეობიდან ძალით ამოღებული გადასახადების განაწილება გახდა.

მკვლელობებს დიხაზურგაში აფხაზური მილიციის სადამსჯელო ოპერაცია მოჰყვა, რომლის დროსაც გადაწვეს რამდენიმე სახლი და სცემეს რამდენიმე ახალგაზრდას. აფხაზური მხარე თავდაპირველად სახლების გადაწვისა და ადგილობრივების ცემის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფდა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?