რატომ არის მარტივი საქართველოში ცივი იარაღის შეძენა - "დანის მსურველი ბავშვებიც მოდიან, თუმცა არ ვაძლევთ..."

რატომ არის მარტივი საქართველოში ცივი იარაღის შეძენა - "დანის მსურველი ბავშვებიც მოდიან, თუმცა არ ვაძლევთ..."

"თბილისში, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა," "19 წლის ბიჭს ცივი იარაღით ყელის და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს"; "ხაშურის ცენტრში ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს"; "კლუბ "ბასიანთან" 27 წლის ახალგაზრდამ სამ პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა" - ეს შემზარავი ფაქტები, მხოლოდ ბოლო კვირეების სტატისტიკაა. სისხლიანი დანაშაულის დიდი ნაწილი საქართველოში სწორედ ცივი იარაღით ხდება. ფაქტია, რომ ნებისმიერ პირს, იქნება ის მოზარდი თუ სრულწლოვანი, ცივი იარაღის შეძენა და ტარება თავისუფლად შეუძლია, მაშინ, როცა კანონში სულ სხვა რამ წერია...

AMBEBI.GE-მ გადაწყვიტა შეემოწმებინა, რამდენად ღიად ხდება ცივი იარაღის რეალიზაცია. აღმოჩნდა, რომ თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ბაზრობებზე სრულწლოვანს საყოფაცხოვრებო თუ არასაყოფაცხოვრებო დანის შეძენა თავისუფლად შეუძლია, რაც შეეხება არასრულწლოვნებს, რეალიზატორების თქმით, მათზე ცივ იარაღს არ ყიდიან.

"თუ მშობლებთან ერთად არის, მხოლოდ მაშინ შეიძლება მივყიდო, სხვა შემთხვევაში, ბავშვებზე დანა არ იყიდება," - აღნიშნა საბურთალოზე, ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული სავაჭრო ობიექტის გამყიდველმა ჩვენთან საუბრისას.

"დანის მსურველი ბავშვები მოდიან ხოლმე და რა თქმა უნდა, არ ვაძლევთ, ყველამ იცის, რომ ბავშვებზე დანა არ იყიდება, განსაკუთრებით ხორავაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ. თუ დანის მსურველის ასაკი საეჭვოდ მომეჩვენა, რა თქმა უნდა, პირადობის მოწმობას ვთხოვ, აბა ისე როგორ მივყიდი, მაგრამ 50 წლის კაცი რომ მოვა, ზოგი მაგალითად კოლექციონერია, იმას უნდა მივყიდო," - განმარტავს ერთ-ერთი მოვაჭრე.

თუმცა, ის რომ აკრძალული ნივთები არასრულწლოვნებისთვისაც ხელმისაწვდომია, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციიდანაც ირკვევა. მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი), მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას, საქართველოს 1242 სკოლაში ამოღებულია 94 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი, მათ შორის - დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები და ა.შ.

რა მიიჩნევა ცივ იარაღად და რა რეგულაციები არსებობს მის შეძენა-ტარებასთან დაკავშირებით?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, გოგა ხატიაშვილის თქმით, იარაღის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულია, რომ ცივი იარაღი, არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ადამიანის ფიზიკური ძალით ხორციელდება და განკუთვნილია ობიექტის დასაზიანდებლად უშუალო შეხებით. მისი განმარტებით, ცივ იარაღად შეიძლება ჩაითვალოს როგორც დანა, ისე კასტეტი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რასაც მოქმედებისთვის ადამიანის ფიზიკური ძალა ესაჭიროება.

"კონკრეტულად ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებული საკითხები ორი კანონმდებლობით არის მოწესრიგებული: ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსით. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, როდესაც პირის იარაღის ტარების გამო დაფიქსირება პირველ ორ ჯერზე მოხდება, ეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რკინიგზის სადგურებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ცივი იარაღის ტარება 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს.

იმ შემთხვევაში, თუ პირმა ამ ჯარიმის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში ცივი იარაღი კვლავ ზემოთხსენებულ საზოგადოებრივ ადგილებში გამოიყენა, ეს ისევ ადმინიტრაციული სამართალდარღვევაა და ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარამდე გაიზრდება ან პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში 15 დღე-ღამემდე ვადით იქნება" - განმარტავს სისხლის სამართლის ანალიტიკოსი.

რაც შეეხება ცივი იარაღის შეძენა-ტარების სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირებას, გოგა ხატიაშვილი განმარტავს, რომ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაშინ დგება, როდესაც ცივი იარაღით მისი მესამედ დაფიქსირება ხდება, - "აღნიშნული უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე პრიმა მუხლით რეგულირდება. ამ შემთხვევაში პირს პროკურორი ბრალს წაუყენებს, გამოძიება დაიწყება და სასამართლოს წინაშე წარდგება," - აღნიშნავს ხატიაშვილი.

კანონმდებლობაში არასრულწლოვნებთან დაკავშირებით უფრო მკაცრი რეგულაციებია. სისხლის სამართლის ანალიტიკოსის განმარტებით, მაგალითად, სავაჭრო ობიექტებში, სადაც ცივი იარაღი იყიდება, აუცილებელია, თვალსაჩინო ადგილზე იყოს განთავსებული არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერი. რაც შეეხება ცივი იარაღის ზრდასრულებზე რეალიზაციის საკითხს, საია-ს იურისტის თქმით, ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში ცალსახა რეგულაცია არ გვაქვს.

"მე რომ მაღაზიაში შევიდე და პურის საჭრელი დანა შევიძინო, ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხს არავინ მომთხოვს, მაგრამ არასრულწლოვანს მოსთხოვენ. საინტერესოა ისიც, რომ თავდაცვის სამინისტრო იარაღის დამზადებასა და ვაჭრობასთან დაკავშირებით ლიცენზიებს გასცემს, თუმცა ეს ლიცენზია ცივ იარაღს არ მიემართება და ამიტომაც მიმაჩნია, რომ რეალიზაციის საკითხში კანონმდებლობა გარკვეულწილად მოწესრიგებული არ არის," - აღნიშნავს სისხლის სამართლის ანალიტიკოსი.

გოგა ხატიაშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში გახშირებული ცივი იარაღით ჩადენილი დანაშაულები და არასრულწლოვნების მიერ აღნიშნული პროდუქციის შეძენა-შენახვა-ტარება გვიჩვენებს, რომ მძიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე. თუმცა მისი თქმით, პრობლემა არა კანონმდებლობაში, არამედ პრაქტიკაშია, რადგან, ცივი იარაღის გამოყენების აღსაკვეთად ეფექტურად უნდა იმუშაონ როგორც ძალოვანმა სტრუქტურებმა, ისე საზოგადოებამ.

"დაწესებულია გარკვეული რეგულაციები, თუმცა თუ ეს პრაქტიკაში არ იქნება ეფექტურად გამოყენებული, მივალთ, პრევენციას საერთოდ ვერ მოვახდენთ. უნდა ჩატარდეს ტრენინგები, არასრულწლოვნებთან საინფორმაციო შეხვედრები, რომ ცივი იარაღის უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდეს," - აღნიშნავს ხატიაშვილი.

საია-ს იურისტის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უნდა ჩატარდეს ანალიზი, საჭიროა თუ არა კანონის გამკაცრება, თუ მის აღრულებაშია პრობლემა და ამაზე უფრო მეტი უნდა იმუშაოს. ასევე, გოგა ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნების მხრიდან ცივი იარაღის შეძენა-ტარების პრობლემა მწვავეა და უნდა დადგეს მათი რეალიზატორებისა და იმ სკოლების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი, სადაც მოსწავლეები საზოგადოებისთვის საფრთხისშემცველი საგნებით გადაადგილდებიან.

"ეს ყველაფერი კომპლექსურია და სანამ ყველაფერს არ გავაანალიზებთ კანონმდებლობის შეცვლაზე საუბარი რთულია. თუ სკოლების ადმინისტრაცია, მშობლები, ცივი იარაღის რეალიზატორები თავის წილ პასუხისმგებლობას არ გაიაზრებენ, საბოლოოდ იმ შედეგებამდე მივალთ, რომ ჩვენ საზოგადოებას, არასრულწლოვნებს ხელს შევუწყობთ რომ იარაღით იყვნენ აღჭურვილები და ამისათვის მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ეფექტურად გამოყენება," - დასძენს სისხლის სამართლის ანალიტიკოსი.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ორდღიანი საპოლიციო კონტროლის შედეგად დააკავეს 127 პირი, ცივი იარაღის ტარების ფაქტზე კი გამოავლინეს 96 პირი.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ