პუტინის ქალიშვილი ქმარს დაშორდა და რუსი ბიზნესმენის ქონება რამდენიმე მილიონით შემცირდა

პუტინის ქალიშვილი ქმარს დაშორდა და რუსი ბიზნესმენის ქონება რამდენიმე მილიონით შემცირდა

რუსი ბიზნესმენი კირილ შამალოვი ფონდ "ეროვნული ინტელექტუალური განვითარების" გენერალურ დირექტორს, კატერინა ტიხონოვას დაშორდა, ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს.

შამალოვი კომპანია "სიბურის" ერთ-ერთი მმართველია, ტიხონოვა კი - სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილი.

2017 წლის აპრილში შამალოვმა "სიბურის" აქციების მისი კუთვნილი 17% ლეონიდ მიხელსონს მიჰყიდა. თავის მხრივ, შამალოვმა აღნიშნული აქციები 2014 წელს ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოსგან იყიდა. "ბლუმბერგის" წყაროს მოსაზრებით, ეს აქციები ერთგვარი "ნდობის გარანტია" იყო ვლადიმერ პუტინის ოჯახის ახალი წევრისთვის.

"ბლუმბერგის" მტკიცებით, აქციების გაყიდვით მას მოგება არ ჰქონია. ის ახლა "სიბურის" აქციების 4%-ზე ნაკლებს ფლობს.

სააგენტო სხვა დეტალების შესახებ არ წერს. არც ის არის ცნობილი, ოფიციალურად დაშორდნენ თუ არა შამალოვი და ტიხონოვა ერთმანეთს. რუსული საინფორმაციო საშუალება РБК წერს, რომ მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სასამართლო ბაზებში განქორწინების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

ბანკ "რასიას" აქციონერის შვილის, კირილ შამალოვისა და კატერინა ტიხონოვას დაქორწინების შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი. "როიტერსი" წერდა, რომ ტიხონოვა პუტინის უმცროსი ქალიშვილია. სააგენტოს ინფორმაციით, ქორწილი 2013 წელს შედგა ლენინგრადის ოლქში, ერთ-ერთ კურორტზე, თუმცა მათი ქორწინება ოფიციალურად არასოდეს დადასტურებულა. პუტინის ოჯახის წევრები ყოველთვის ახერხებენ, პირადი ცხოვრება საზოგადობისგან დაფარული ჰქონდეთ.

ამასთან, კრემლში არასოდეს დაუდასტურებიათ, რომ ტიხონოვა პრეზიდენტის შვილია. 2017 წელს პუტინმა განაცხადა, რომ მისი შვილები არ არიან პოლიტიკასთან დაკავშირებულნი და ცხოვრობენ "ნორმალური, რიგითი ადამიანების ცხოვრებით".

ნახეთ ასევე: რუსულმა მედიამ პუტინის უმცროსი ქალიშვილი "გაშიფრა" - ვინ არის იდუმალებით მოცული გოგონა

შამალოვი ჟურნალმა Forbes 2016 წელს ყველაზე ახალგაზრდა რუს მილიარდერად დაასახელა. მისი ქონება 1,2 მილიარდი დოლარი იყო.

"ბლუმბერგის" მტკიცებით, "სიბურის" აქციების გაყიდვის შემდეგ შამალოვის ქონება 800 მილიონ დოლარამდე შემცირდა.