ნარმანია ამის გამო უნდა ჩაჯდეს ციხეში, მიუჯდეს გვერდით შპს "ყვარელრემმშენის" ხელმძღვანელი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ალეკო ელისაშვილი ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოშლის ფაქტს და აცხადებს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით უნდა დაიწყოს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, რეაბილიტაციის პროცესის დაწყებამდე არანაირი საჭიროების კვლევა არ ჩატარებულა და კორუფციის ნიშნები თავიდანვე გამოკვეთილი იყო.
"თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე რომ საუბრობს, გამოვიძიებთ რაც მოხდაო, რა უნდა გამოიძიონ, აქ აშკარად არის კორუფციული სქემა. "ყვარელრემმშენი" შავ სიაშია შეყვანილი ყველა მანამდე ჩატარებული ტენდერების პირობების დარღვევისთვის. არანაირი შემხებლობა მას მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან არ ჰქონდა. შესაბამისად, აქ იყო კორუფციული სქემა. რისი გამოძიება უნდათ? - ერთი მხრივ, აქ არის ნარმანია, რომელიც ამ კომპანიას მფარველობდა, მეორე მხრივ, კომპანიის ხელმძღვანელი; ასევე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელი უფროსი, რომელსაც მონიტორინგი ევალებოდა. ამას არ უნდა გამოძიება და უცხოელების ჩამოყვანა.
მაშინაც ვაპროტესტებდი და ლამის ხალხის მტრად გამომიყვანა "ქართულმა ოცნებამ", რომ თითქოს არაფერი მომწონდა. არანაირი აუცილებლობა ჭერის მოხსნის და ახალი ჭერის გაკეთების არ იყო. თავის დროზე სააკაშვილის დროს ის შეკიდული ჭერი რომ გაკეთდა, ეს იყო სისულელე. იქ არის ბეტონის თაღოვანი ნაგებობა და ბეტონი შეიძლებოდა ისევე დაეტოვებინათ. რადგან კორუფცია იყო, აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ და მოიფიქრეს შეკიდული ჭერის გაკეთება, რაც არის აბსურდი, მითუმეტეს, სწრაფად აალებადი მასალის გამოყენება მეტროში", - აცხადებს ელისაშვილი.
მისივე თქმით, ყველა იმ მეტროსადგურის შემოწმება უნდა ჩატარდეს, რომლის რეაბილიტაციაც განხორციელდა.
"6 მეტროსადგურის რეაბილიტაცია გააკეთეს ზაფხულში ფართხა-ფურთხით. 6-ვე არის სასწრაფოდ შესამოწმებელი. ოღონდ ეს უნდა გააკეთოს კვალიფიციურმა კომისიამ. უნდა გაიგოს ამ ხელისუფლებამ, რომ როცა ადამიანი ოპოზიციაშია და აკრიტიკებს, სიძულვილის გამო კი არ აკეთებს ამას, არამედ, მას ამოძრავებს საქმის უკეთესად გაკეთების სურვილი. მაშინ როცა ვაკრიტიკებდი, ყური რომ შეებერტყათ, ასე არ მოხდებოდა. არ მიყვარს ნიშნის მოგებით ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა. ვამბობდი, რომ ძალიან არასერიოზულად, ნაჩქარევად მიმდინარეობდა სამუშაოები, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა, მათ შორის არც საკრებულოს ახლანდელმა თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ. ფულზე აღარ ვლაპარაკობ, ნახეევარი მილიონი რომ წყალში გადაიყარა, როდის რა ჩამოიქცევა კაცმა არ იცის. სასწრაფოდ არის შესამოწმებელი ავლაბარი, ღრმაღელე და მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი", - აცხადებს ელისაშვილი.
ელისაშვილის თქმით, არ ჩატარებულა არანაირი საჭიროების კვლევა, რომ მეტროსადგურების რეაბილიტაცია აუცილებელი იყო.
"ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. არანაირი კვლევა არ ჩაუტარებიათ. მაშინ საკრებულოში დავაყენე საკითხი, რომ შეგვემოწმებინა ყველაფერი და მერე დაგვეწყო სამუშაო, მაგრამ მტრად გამომაცხადეს. მეტროს რეაბილიტაცია სჭირდება, მაგალითად "ღრმაღელის" და "სარაჯიშვილის" მეტროებს, თაღები ისეთ მდგომარეობაშია, შესაძლოა, ჩამოინგრეს, მაგრამ რაც საჭიროა ის უნდა გაკეთდეს და არა ის სისულელეები, რაც გააკეთეს.
პასუხისმგებლობის საკითხი არის მარტივი - ნარმანია ამის გამო უნდა ჩაჯდეს ციხეში, მიუჯდეს გვერდით ამ შპს-ს ხელმძღვანელი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელი უფროსი, რომელსაც სამუშაოს შემოწმება და მონიტორინგი ევალებოდა. სამი კაცის ადგილია გამოთავისუფლებული ციხეში ამ ინციდენტის გამო. სამივემ უნდა აგოს პასუხი.
პირობას ვდებ, რომ თუ საკრებულოში სხდომას არ მოიწვევენ, სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავენ, არ დასჯიან დამნაშავეებს, ამ ამბავს არ მოვეშვები. ამის გარანტიას გაძლევთ. ყველაზე კარგი ბერკეტი ხალხია და ამ ბერკეტს აუცილებლად გამოვიყენებ. ეცდებიან, რომ მეათეხარისხოვან ჭიჭიკოებს გადააბრალონ ყველაფერი, მაგრამ ასე არ გამოვა. ჩასვან ციხეში ნარმანია, კომპანიის ხელმძღვანელი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილში" დაახლოებით 10:30 საათზე, ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდა, რის გამოც 14 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.