ახალი დეტალები თბილისში დაჭრილ მოსწავლეებთან დაკავშირებით - ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა ფეხბურთელია

ახალი დეტალები თბილისში დაჭრილ მოსწავლეებთან დაკავშირებით - ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა ფეხბურთელია

თბილისში, პავლოვის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. ორივე მათგანს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტებს გულმკერდის ზედაპირზე შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აღენიშნებათ.

"ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. ორივე მათგანი არის 17 წლის. მათ თვითონ მოგვმართეს. სასწრაფოს არ მოუყვანია", - განაცხადა თეა თავართქილაძემ. როგორც ცნობილია, ორივე დაჭრილი #35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

AMBEBI.GE სკოლის დირექტორს მიხეილ ჩიკვილაძეს ესაუბრა:

"ორივე დაჭრილი მე-12 კლასის მოსწავლეა. ისინი კარგი დისციპლინით გამოირჩევიან. პედაგოგებიც ორივე მათგანს დადებითად ახასიათებენ. დღეს ისინი სკოლაში არ იმყოფებოდნენ. მე ვესაუბრე დარაჯს, რომელმაც მითხრა, რომ სკოლის ეზოში მოზარდები ან უცხო პირები არ ყოფილან და ეს შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მომხდარი არ არის" - განაცხადა მიხეილ ჩიკვილაძემ.

ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ნ.ც. საფეხბურთო კლუბ "შევარდენი 1906"-ის, ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელია. როგორც AMBEBI.GE-ს კლუბის პრეზიდენტმა გეგი კიკაბიძემ განუცხადა, დაჭრილი მოზარდი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებოდა.

მისივე ინფორმაციით, ნ.ც-ზე დიდ იმედებს ამყარებენ და იმედოვნებს, რომ მოსწავლის ამჟამინდელი მდგომარეობა მის საფეხბურთო კარიერაზე გავლენას არ მოახდენს.

როგორც კლუბის პრეზიდენტი ამბობს, მოზარდს სხვა თანაგუნდელებთან კონფლიქტი არ ჰქონია და აღნიშნავს, რომ ის დღეს გამართულ ვარჯიშსაც ესწრებოდა.

"ბავშვები წლებია ერთად მოდიან და გუნდში ძალიან ჯანსაღი სიტუაციაა. არანაირი კონფლიქტი ან დაძაბულობა არ ყოფილა. ჩვენ მაქსიმალურად ვემიჯნებით ძალადობას და ამას თითოეული გუნდელი გრძნობს. ნ.ც დღესაც ვარჯიშზე იმყოფებოდა, სეზონისთვის აქტიურად ემზადებოდა. ჩვენ მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ", - აცხადებს გეგი კიკაბიძე.

ნიკა საჯაია

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ