"რუსიკო" და "გაუმარჯოს" - ვარშავაში ცნობილი ქართული რესტორნების წარმატების ფორმულა

"რუსიკო" და "გაუმარჯოს" - ვარშავაში ცნობილი ქართული რესტორნების წარმატების ფორმულა

პოლონეთი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც ქართველები უყვართ, კარგად იცნობენ ჩვენს ისტორიას, კულტურას და... სამზარეულოს. ამაში ვარშავაში ვიზიტისას დავრწმუნდი. ჩემთვის, როგორც მოგზაურობის მოყვარულისთვის და ამავდროულად გურმანისთვის, ახალი ქვეყნის სტუმრობა ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობით იწყება. გამგზავრებამდე, აუცილებლად მოვიძიებ ადგილებს, სადაც გემრიელ კერძებთან ერთად, რაიმე განსაკუთრებულსა და საინტერესოს შემოგთავაზებენ. ამ მხრივ, იტალიელები, უდავოდ შეუდარებლები არიან, მაგრამ ვარშავამ სასიამოვნოდ გამაოცა.

პირველი, რაც თვალში მომხვდა, დახვეწილი და გემოვნებიანი ინტერიერებია. სამზარეულო თითქმის ყველგან ღიაა, კერძები სტუმრების თვალწინ მზადდება, ხშირად, თავად მფლობელი გახლავთ შეფ-მზარეული, რამდენჯერმე მიდის თითოეულ მაგიდასთან, სიამოვნებით ემსახურება და ეკითხება, რა მოეწონათ და რა - არა.

მაგრამ მიუხედავად მრავალფეროვანი არჩევანისა, ვარშავაში ქართული რესტორნები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამაში კი, როგორც იქაური ქართველები ირწმუნებიან, დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ზეინაბ ამაშუკელს, რომელმაც პოლონეთის დედაქალაქში ჯერ კიდევ 90-იან წლებში პირველი ქართული რესტორანი "თბილისი" გახსნა და ძალისხმევა არ დაიშურა ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის. მის საქმეს კი დღეს უკვე რამდენიმე ქართველი რესტორატორი დიდი წარმატებით აგრძელებს.

რესტორან "რუსიკოს" შესახებ 2 წლის წინ ჩემს მიერ დაწერილ სტატიას - "როგორ გაითქვა ვარშავაში ქართულმა რესტორანმა სახელი უპოვარი ბებოს დაპურებით", დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს გასაკვირიც არ არის - გვიხარია ქართველებს, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების წარმატებები და მათ შესახებ კარგი ამბების გაგება. ამით კი, სამწუხაროდ, განებივრებული არ ვართ.

მოკლედ, მას მერე "რუსიკოს" დიდი ქომაგი გავხდი და სურვილი მქონდა, პირადად გამეცნო მისი მფლობელი და თანამშრომლები. ეს სურვილი ამიხდა, გარდა ამისა, კიდევ ერთ შესანიშნავ ქართველ რესტორატორს შევხვდი, რომელსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ.

რესტორანი "რუსიკო" ვარშავაში დავით თურქესტანიშვილმა 2015 წლის 9 აპრილს გახსნა. სახელი დედის პატივსაცემად შეურჩია, რომელიც ამავდროულად რესტორნის შეფ-მზარეულიცაა. სულ რაღაც ერთი წელი დასჭირდა "რუსიკოს", წლის საუკეთესო რესტორნად რომ ეღიარებინათ. კონკურსში მას მეტოქეობას იტალიური და პოლონური სამზარეულოები უწევდნენ.

დავით თურქესტანიშვილი, რესტორან "რუსიკოს" მფლობელი:

"ვარშავაში 18 წლის წინ, სამი გასაყიდი ხალიჩით ჩამოვედი და... დავრჩი. ამ ხალიჩებისგან ერთ-ერთი, დღეს "რუსიკოს" ყველაზე თვალსაჩინო ადგილას ჰკიდია. სარესტორნო ბიზნესზე ან მზარეულობაზე არასოდეს მიფიქრია, ეს უბრალოდ მოიტანა გარემოებამ, რომ შინ ხშირად მსტუმრობდა სხვადასხვა ეროვნებისა და ინტერესების მქონე უამრავი მეგობარი. მათთვის კერძების მომზადება მიწევდა - უფულობის გამო რესტორნებში შეკრება დიდი ფუფუნება იყო იმ დროს ჩვენთვის. ექსპერიმენტები დავიწყე და აღმოჩნდა, რომ კარგად გამომდის ეს საქმე. ვიძენდი კულინარიულ ლიტერატურას, თვალყურს ვადევნებდი შოუებს, ვიძიებდი რეცეპტებს ინტერნეტში.

ჩემი დიდი "კულინარობის" შესახებ ხმა მალე გავარდა და პირველი შემოთავაზებაც მივიღე - კერძო წვეულებაში მზარეულად მიმიწვიეს. მასპინძელმა დიდის ამბით წარმადგინა, როგორც სუპერ-პოპულარული მზარეული, მეც შევიფერე და არც თუ ისე ცუდად გავართვი თავი. კმაყოფილმა სტუმრებმა ჩემი საკონტაქტო ჩაიწერეს და მას მერე რამდენიმე წელი ამ საქმით ვიყავი დაკავებული.

შემდეგ იყო სტადიონი, სადაც ევროპის უმსხვილესი ბაზრობა იმართებოდა. ორი კონტეინერი ვიქირავე და სამწვადე გავხსენი. ვარშავის ელიტისთვის ასეთი ადგილების ვიზიტი ძალიან ექსტრემალური იყო, მაგრამ ჩემი მწვადები იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბაზრობის სამწვადის სტუმრობასაც არ თაკილობდნენ. ამას მოჰყვა სერიოზული ნაბიჯი - ინვესტორების დახმარებით დიდი რესტორნის გახსნა მოდურ ადგილას. სპეციალიზაცია, რა თქმა უნდა, ქართული გახლდათ, სახელწოდებაც შესაბამისი - "გემო". პარტნიორთან უთანხმოების გამო იქაურობის დატოვებამ მომიწია, თუმცა, დიდი გამოცდილებაც მივიღე.

მას მერე სარესტორნო ბიზნესზე სულ ვფიქრობდი. 3 წლის წინ, ადგილი, სადაც ახლა "რუსიკო" არის გახსნილი, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. მეორე სართულზე საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთ პროექტზე ვმუშაობდი. ამ ადგილას ნახევრად გაპარტახებული და გაკოტრების პირას მყოფი მექსიკური რესტორანი ფუნქციონირებდა. თუმცა, როგორც არქიტექტურის მოყვარულმა, შენობას სულ სხვა კუთხით შევხედე. შევიტყვე შენობის მფლობელების ვინაობა და დიდი ძალისხმევის შემდეგ დავარწმუნე, ფართი მოექირავებინათ.

მინიმალური დანაზოგით, ძვირფასი ნივთების გაყიდვისგან მიღებული თანხითა და სესხებით მოვახერხეთ რესტორნის გახსნა. გავარემონტეთ, დეკორი ძველი ხალიჩებითა და ანტიკვარული ნივთებით მოვრთეთ ჩემი პირადი კოლექციიდან და აქედან დაიწყო "რუსიკო". სხვათა შორის, დედამ ბოლო წუთამდე არ იცოდა სახელწოდების შესახებ, ეს სიურპრიზი იყო" - მეუბნება დავით თურქესტანიშვილი.

რესტორნის მფლობელის თქმით, "რუსიკოს" პოპულარობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:

"უშუალო კონტაქტი ხალხთან - ჯავშნებს თავად ვიღებ, მენეჯერიც მე ვარ, ხანდახან დამლაგებელიც, მიმტანიც და მზარეულიც. ასეთი მასშტაბის რესტორანს სხვაგვარად ვერ წარუძღვები. სტუმართან მიდგომა ძალიან დელიკატური ზღვარია, რომლის დაცვაც კარგად უნდა იცოდე. უშუალოდ და ბუნებრივად უნდა დახვდე, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს მართლაც ჩემი სახლია. მას ვინც ამ ზღურბლს გადმოკვეთს, კლიენტის თვალსაზრისით არ განვიხილავ. თანამშრომლებთანაც ასეთივე დამოკიდებულება მაქვს, ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. მომწოდებლების შერჩევასაც ფაქიზად ვეკიდები. მირჩევნია მეტი გადავიხადო, მაგრამ პროდუქციის ხარისხში დარწმუნებული ვიყო. პრესტიჟული ადგილმდებარეობაც ხელს გვიწყობს. ჩვენს მეზობლად პარლამენტი და მრავალი ქვეყნის საელჩოებია. თითქმის ყველა მინისტრს და მთელ დიპლომატიურ კორპუსს ვიცნობ, რადგან ხშირად გვსტუმრობენ.

ეს არ გახლავთ ბიზნესი, ეს არის ცხოვრების სტილი. თუ არ გიყვარს, არაფრით გამოგივა. ამ საქმით მილიონებს ვერ იშოვი, თუმცა, თუ პატიოსნად მიუდგები, არც თავად დარჩები უკმაყოფილო და თანამშრომლებისთვის ღირსეული ხელფასების გაცემას შეძლებ. კარგი გუნდი მყავს, რომლის წევრების უმეტესობა ქართველები არიან. რა თქმა უნდა, მირჩევნია თანამემამულეს გავუმართო ხელი და დავასაქმო" - ამბობს "რუსიკოს" მეპატრონე.

ჩემი გასტრონომიული ტური ვარშავის კიდევ ერთი პოპულარული ქართული რესტორნის სტუმრობით გაგრძელდა. რესტორანი "გაუმარჯოს" უკვე ორ ფილიალად არის წარმოდგენილი, ქალაქგარეთ და ცენტრში, სწორედ აქ აღმოვჩნდი. შემოსასვლელში ხალხი რიგს ელოდება - სამ დარბაზში თავისუფალი მაგიდა არ არის. რესტორნის მფლობელს, ქალბატონ ლიანა გამცემლიძეს ყველა სტუმარი სახელით მიმართავს, შინაურულად მოიკითხავენ. ისიც თითოეულ მაგიდასთან მიდის, თავადაც ემსახურება, ისმენს უამრავ კომპლიმენტს, შემდეგ კი ფორტეპიანოზე შესანიშნავ კომპოზიციებს ასრულებს და ისედაც სასიამოვნო საღამოს კიდევ უფრო ალამაზებს.

ლიანა გამცემლიძე, რესტორან "გაუმარჯოს" მფლობელი:

"ვარშავაში 1991 წელს ჩამოვედით მეუღლესთან და შვილთან ერთად. ომს, უმუშევრობას და გაჭირვებას გამოვექეცით... მოგეხსენებათ, როგორი რთულია ემიგრანტისთვის უცხო ქვეყანაში ფეხის მოკიდება. მრავალი წლის განმავლობაში უამრავ წინააღმდეგობას წავაწყდით. რესტორნის გახსნის იდეა ჩემმა პოლონელმა მეგობრებმა მოგვაწოდეს, რომლებიც შინ ხშირად გვსტუმრობდნენ და ქართული კერძებით აღფრთოვანდებოდნენ. მე და ჩემმა მეუღლემ, დავით გამცემლიძემ, რომელიც იმ დროს პოლონეთში პირველი ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი გახლდათ, გადავწყვიტეთ, ჰობი ჩვენი ცხოვრების საქმედ გვექცია და დიდი ძალისხმევის შედეგად, 2007 წელს რესტორანი გავხსენით. სარესტორნო საქმეს სირთულეები მუდამ ახლავს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, რამდენიმე წელიწადში ფილიალის გახსნამ მოგვიწია, ვინაიდან, ქართულ სამზარეულოზე ვარშავაში მოთხოვნა მართლაც დიდია.

სტუმრების რაოდენობას არასოდეს ვუჩიოდით, თუმცა, ჩვენი რესტორნის უჩვეულო წარმატების მიზეზი ერთი შემთხვევა გახდა: პოლონეთის წამყვან არხზე გადის ძალიან პოპულარული კულინარიული შოუ, რომელიც ცნობილ ტელეწამყვანს, მაგდა გესლერს მიჰყავს. იდეა შემდეგში მდგომარეობს: წამყვანი მიდის რესტორანში და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ახდენს გადატრიალებას. ძალიან მკაცრი და მომთხოვნია. შეიძლება მფლობელებს ინტერიერის, ან სულაც სპეციალიზაციის შეცვლა მოსთხოვოს. თუ რაიმე არ მოეწონა, საკმაოდ უხეშ ფორმაში გამოხატავს.

დადგა დღე, როდესაც რესტორნის "გაუმარჯოს" დალაშქვრა გადაწყვიტა. ძალიან ვნერვიულობდი, ვფიქრობდი, როგორ შემეკავებინა თავი, უხეშობა რომ გამეტარებინა. თუმცა, ყველაფერმა მეტისმეტად მშვიდ გარემოში ჩაიარა. მაგდამ ინტერიერი და სამზარეულო ზედმეტი კომენტარების გარეშე დაათვალიერა, შემდეგ გადამღებ ჯგუფთან ერთად კერძები დააგემოვნა. გავიგონე, როგორ ეუბნებოდა ოპერატორს, რა გვინდოდა, აქ საერთოდ რისთვის მოვედით, ამათ მე რა უნდა ვასწავლო ან რა უნდა შევუცვალოო. თანაც, ანსამბლი "რუსთავის" ვარშავაში გასტროლებიც დაემთხვა და იმ დღეს გვსტუმრობდნენ. ეს კი უკვე ნამდვილად "საკონტროლო გასროლა" გახდა.

ცოტა ხანში კი მოხდა საოცრება. გადაცემის ეთერში გასვლის წუთიდანვე ტელეფონზე ზარები არ შეწყვეტილა, ჯავშანს ჯავშანზე ვიღებდით, მეორე დღესვე უზარმაზარი რიგები დადგა რესტორანთან, მავზოლეუმში მეგონა თავი. მთელი პოლონეთიდან ჩამოდიოდნენ ოჯახებით, უცხოეთიდანაც გვიკავშირდებოდნენ, როცა პოლონეთში ჩამოვალთ, აუცილებლად უნდა გესტუმროთო. პროდუქტების მომარაგებას ვერ ვასწრებდით, საღამოსთვის უკვე ყველაფერი გამოცარიელებული იყო. რიგში მდგომებისთვის ხაჭაპურებს ვაცხობდით და ვურიგებდით, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ.

ასე გაგრძელდა ნახევარ წელზე მეტ ხანს. თუმცა, ახლაც, უქმე დღეებზე ხალხს რიგში დგომა მაინც უწევს. გადაცემა 5 წლის წინ გავიდა, ის დღემდე უამრავჯერ გაიმეორეს. მე და მაგდა გესლერი კი ახლო მეგობრები გავხდით. თავადაც რესტორატორია, ვარშავაში ათამდე რესტორანს ფლობს. თუმცა, ქართული კერძების დასაგემოვნებლად ჩვენ გვსტუმრობს ხშირად" - ამბობს ლიანა გამცემლიძე.

ქართული რესტორნების პოპულარობაში თავადაც დავწმუნდი, როგორც უკვე მოგახსენეთ. თუმცა, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ გემრიელი სამზარეულოს დამსახურება არ არის. ჯერ ერთი, ყურადღება მივაქციე ფაქტს, თუ როგორი პატივისცემით მოიხსენიებენ ერთმანეთს მფლობელები, როგორ უდგანან გვერდში, აძლევენ რჩევებს და მიესალმებიან ახალი ქართული რესტორნების გახსნას, ვინაიდან ეს ხელს უწყობს ჩვენი სამზარეულოს პოპულარიზაციას.

მეორეც, დავინახე, თუ როგორი დამოკიდებულებაა კოლექტივში. თავად თანამრომლებისგან მოვისმინე უამრავი ისტორია, თუ როგორ ზრუნავენ მათზე მფლობელები, როგორ ეხმარებიან დასაქმებაში სრულიად უცხო ადამიანებს. თავად ამ თემაზე არც ქალბატონი ლიანა და არც ბატონი დავითი არ საუბრობს. მსგავსი არაფერი გვახსენდებაო, ასე მიპასუხეს...

დუდანა ზაქარაია ვარშავიდან, სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

"ბებია ავად გახდა, მის მოსავლელად გურიაში გადავედი და სწავლა ვერ გავაგრძელე" - თვითნასწავლი ხელოვანი ბათუმიდან, რომელიც სხვისი ოცნების ასრულებაზე ზრუნავს

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ ერთი - მე-8 ადამიანი გარდაიცვალა

,,საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ’’ ჯიქურების მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქა