დაჭრაში ბრალდებული მოსწავლის ადვოკატი: "სასამართლომ დააპატიმრა ბავშვი, რომელიც წარჩინებით სწავლობს"

დაჭრაში ბრალდებული მოსწავლის ადვოკატი: "სასამართლომ დააპატიმრა ბავშვი, რომელიც წარჩინებით სწავლობს"

"სამწუხაროა, რომ სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე" - ამის შესახებ 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქმეში არანაირი დამატებითი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

"არანაირი დამატებითი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ბრალდების მხარემ მიმართა ამ მზაკვრულ ხერხს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლოს დაეპატიმრებინა არასრულწლოვანი", - განაცხადა ჭკადუამ.

ადვოკატის თქმით, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო ბრალდების შუამდგომლობა და სასამართლომაც დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

"ყველაზე მთავარი დაზიანების ხარისხია. ბავშვებს რა დაზიანებაც აქვთ, ეს არაა მძიმე ხარისხი. მათ არ დასჭირდათ ოპერაციული ჩარევა და ბუნებრივია, ეს ძალიან კარგია. სამწუხაროა, რომ სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, მაშინ როდესაც ჩვენ ვართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხელშემკვრელი მხარე და ზოგადად, პრიორიტეტი არათუ არასრულწლოვნების შემთხვებაში, სრულწლოვნების შემთხვევაშიც ენიჭება არასაპატიმრო ღონისძიებას. მან პრაქტიკულად დააპატიმრა ბავშვი, რომელიც მე-12 კლასში წარჩინებით სწავლობს, ის ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო ბრალდების შუამდგომლობა, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ", - განაცხადა ჭკადუამ.

მისივე თქმით, დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"რასაკვირველია, გავასაჩივრებთ და ჩვენ დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარებაზე ჩატარდება, რაც საფუძველი გახდება ჩვენთვის კიდევ ერთხელ მივმართოთ სასამართლოს და ბრალდების მხარეს კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით", - განაცხადა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, რომ 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულს, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ