პაატა ბურჭულაძის შვილი - ჩემს ტელეფონში, სავარაუდოდ, ვიღაც აპირებდა შემოღწევას

პაატა ბურჭულაძის შვილი - ჩემს ტელეფონში, სავარაუდოდ, ვიღაც აპირებდა შემოღწევას

პაატა ბურჭულაძის შვილებმა მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართეს. ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძეები მთავარ პროკურატურაში ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ალექსანდრე ბურჭულაძის ტელეფონში ვიღაც ცდილობდა შეღწევას და ტელეფონი პატრონისგან დამოუკიდებლად სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებდა.

როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, პროკურატურას მიმართეს, რადგან საქმე სრულყოფილად იქნას მოკვლეული.

„ალექსანდრე ბურჭულაძის მობილურ ტელეფონზე გარკვეულწილად ძალიან უცნაური გამავალი ზარები იყო, ისეთი რომელიც არ გამოუყენებია. როცა კონსულტაცია გავიარეთ პირებთან, რომლებასაც მობილურზე წვდომა აქვთ, დაგვიდასტურეს, რომ შესაძლებელია იყოს გარკვეული კიბერშეტევა, როგორც პირადი ცხოვრების, ასევე საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ინტერესი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს ფაქტი დაკავშირებული იყოს პაატა ბურჭულაძის საქმესთან, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამაზე საუბრისგან თავს შეიკავებს. მისივე განცხადებით, ალექსანდრე ბურჭულაძე მზად არის გამოძიებას წარუდგინოს მობილური ტელეფონი. ადვოკატის განცხადებით, ალექსანდრე ბურჭულაძის ტელეფონზე მუქარის შემცველი „სქრინშოტებიც“ იყო.

„უცნაურია, რომ გარკვეული სახის სქრინშოტები არის მობილურზე, რომელიც ცოტა მუქარის შემცველიც კი არის, გარკვეულწილად დამუქრება: „ნახეთ რა მოგივათ“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება ალექსანდრე ბურჭულაძეს, ის კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ მისმა ტელეფონმა თავისით დაიწყო სხვადასხვა ოპერაციების შესრულება.

„ჩემს ტელეფონში, სავარაუდოდ, ვიღაც აპირებდა შემოღწევას. ტელეფონმა თავისით დაიწყო სხვადასხვა ოპერაციების შესრულება. აქედან გამომდინარე, მივმართავ პროკურატურას, რომ მოხდეს შესაბამისი გამოძიება“, - განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, მის ტელეფონში გარკვეული მუქარები იყო. მან არ იცის ეს ფაქტი მისი საქმიანობიდან გამომდინარეობს თუ სხვა ფაქტორებიდან. ალექსანდრე ბურჭულაძე ასევე არ გამორიცხავს, რომ ეს ფაქტი პაატა ბურჭულაძის საქმეს უკავშირდებოდეს.

„არ გამოვრიცხავ, რომ უკავშირდებოდეს იმ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც მამაჩემის მიმართ ხორციელდება. ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, მაგრამ ამ ბოლო დროს საკმაოდ უცნაური ფაქტები ხდება ჩვენს გარშემო. სრულიად უცხო ჟურნალისტები მოდიან, იღებენ ჩვენ სახლს, ეკითხებიან მეზობლებს თუ „როგორი შვილები ჰყავს“. ასევე ჩვენ ინტერნეტმაღაზია „ირისში“ რაღაც გაუგებრობა მოხდა“, - განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, მას ობიექტური გამოძიების იმედი აქვს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ