"ბადაგონის" დირექტორი - სამუშაო პროცესი გაჩერებულია, იკვეთება გავლენიანი პირების ინტერესები

"ბადაგონის" დირექტორი - სამუშაო პროცესი გაჩერებულია, იკვეთება გავლენიანი პირების ინტერესები

კომპანია "ბადაგონის" გენერალური დირექტორის, გიორგი სალაყაიას განცხადებით, უახლოეს დღეებში მათი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები "ბადაგონის" მხარდასაჭერად ჩამოსვლას გეგმავენ.

"ბადაგონის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი სალაყაიამ ადვოკატ ზაზა ხატიაშვილთან და თანამშრომლებთან ერთად, დღეს ზემო ხოდაშნის ქარხანაში პრესკონფერენცია გამართა.

როგორც სალაყაიამ აღნიშნა, "ბადაგონში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის შემდეგ მთელი საწარმო პარალიზებულია და სამუშაო პროცესი მთლიანად გაჩერებულია.

"ბადაგონი" უპირობო ლიდერია და სწორედ ამიტომ გუშინ შემოვარდნენ. ამ ყველაფრის უკან იკვეთება გავლენიანი პირების ინტერესები, მათ შორის, ყოფილი პარლამენტარის, დავით ბეჟუაშვილის, რომელმაც იარაღად გამოიყენა ვლადიმერ ჯანჯღავა. ჩვენ ასე მარტივად არ დავნებდებით. უახლოეს სამ დღეში მოხდება ჩვენი პარტნიორი კომპანიების მობილიზება, რომლებიც ჩამოვლენ მხარდასაჭერად და საერთაშორისო საზოგადოება შეიტყობს, თუ რა პირობებშია დღეს ქართული ბიზნესი", - განაცხადა სალაყაიამ.

მისივე თქმით, უკვე დაწყებულია ზარალის შესწავლა, თუ რა ზიანი მიადგა აღნიშნული პროცესის გამო კომპანიას.

გენერალური დირექტორის განცხადებით, "ასეთი ვანდალური შემოვარდნით უამრავი ადამიანი უმუშევარი რჩება".

კომპანია "ბადაგონში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გუშინ შევიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს "ბადაგონის" მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის" ყოფილი მეწილის, კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" წარმომადგენლის განცხადება.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, 2018 წლის 1-ელ თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისში მდებარე შპს "ბადაგონის" ოფისში მინდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები