გიორგი ვაშაძე ოპოზიციის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატურის დასახელების პროცესში "ევროპული საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსის" ადგილს ვერ ხედავს

გიორგი ვაშაძე ოპოზიციის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატურის დასახელების პროცესში "ევროპული საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსის" ადგილს ვერ ხედავს

პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ოპოზიციური პარტიების მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერიზის ჩატარებაზე, მიესალმება. თუმცა, როგორც ვაშაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ პროცესში ვერ ხედავს "ევროპული საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსის" ადგილს, რადგან ისინი ხელისუფლებასთან არიან გარიგებულები.

"ძალიან მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პრაიმერი არის ერთადერთი გზა, რათა მაქსიმალური კონსოლიდაცია მოხდეს არჩევნების თვალსაზრისით. გამეღიმა, როდესაც ამ შეთავაზებას ვისმენდი, რადგან როდესაც მე შევთავაზე ოპოზიციურ პარტიებს პრაიმერის გამართვა თბილისის მერის არჩევნებზე, მაშინ მწვავე უარი მივიღეთ ყველასგან. ძალიან კარგია, როდესაც ის საუბრობს პრაიმერზე. პრაიმერი არის ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელია მოხდეს ოპოზიციის კონსოლიდაცია და "ქართული ოცნების" დამარცხება", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ვინც ჩაშლის პრაიმერს და ხელს შეუშლის ოპოზიციური პარტიების ერთიანი კანდიდატით გამოსვლას საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეს არის "ევროპული საქართველო".

"მიხარია, რომ მათ შორის ჩემმა გზავნილებმა მოახდინა "ნაციონალური მოძრაობის" ძალის ტრანსფორმაცია გამარჯვებაზე ორიენტირებულ ძალად. მთავარი ოპოზიციური ძალის იმიჯს ძალიან ბედნიერად მოირგებს "ევროპული საქართველო", რომელიც პოლიტიკურად არის ნული. "ევროპული საქართველო" ყოველთვის იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება მომხრე, რომ დაიშალოს ნებისმიერი ოპოზიციური გაერთიანება. მათი მთავარი ფუნქცია და ამ პოლიტიკური ძალისთვის მიცემული ძალა არის, რომ უნდა იყვნენ ოპოზიციური ძალა - მეტი არაფერი. ვინც ჩაშლის პრაიმერს და ხელს შეუშლის ოპოზოციური პარტიების ერთიანი კანდიდატით გამოსვლას საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეს არის "ევროპული საქართველო". ევროპასთან არავითარი კავშირი არ აქვს", - აღნიშნა ვაშაძემ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატი პრაიმერიზით გამოავლინონ. როგორც სააკაშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში, „განსხვავებულ აქცენტებში" აღნიშნა, როდესაც ქვეყანაში არსებობს დიდი გამოწვევები, ოპოზიციის არ გაერთიანება დანაშაულია. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციის საერთო კანდიდატის შერჩევა სამართლიანი და ობიექტური თამაშის წესებით უნდა მოხდეს.

ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე საუბრისას მის ყოფილ თანაპარტიელებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ შესაძლებელია თანამშრომლობა „ევროპულ საქართველოსთანაც" შედგეს. „მე არავისთან არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას, გარდა რუსების იმ ღია აგენტებისა, როგორიც არის ინაშვილი და ვიღაცეები. რა თქმა უნდა, არც „ევროპულ საქართველოსთან" არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას. ის ხალხი, ვინც „ევროპულ საქართველოში" არიან, თუ ისინი არ არიან პირდაპირ ივანიშვილს მიყიდულები და მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ასეთი ხალხიც არის იქ, თუმცა უმეტესობა მათგანს ეს არ ეხება, ამ ხალხთან არის სამუშაო. იმ ხალხს უნდა მაქსიმალურად ხელის შეწყობა და სამომავლო გაერთიანებაში შემოყვანა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების შეტანისთვის "ბიძინა ივანიშვილისგან ფული მიიღო".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."