გასული კვირა ქართული კრიმინალური სამყაროსთვის საინტერესო იმით იყო, რომ საფრანგეთიდან საქართველოში ცნობილი კანონიერი ქურდი ამირან გაზდელიანი ჩამოიყვანეს. ლიონის პოლიციამ გაზდელიანი ხუთი წლის წინ დააკავა და თავისუფლება ხუთი წლით აღუკვეთა. მას შემდეგ კი, რაც გაზდელიანმა სასჯელი მოიხადა, პრაღის გავლით საქართველოში ჩამოიყვანეს.
კრიმინალურ სამყაროში "ბეგოს" მეტსახელით ცნობილი გაზდელიანი ლენტეხის რაიონიდან არის და ტარიელ ონიანის ახლო მეგობრად ითვლება. მისი უახლოესი გარემოცვის წევრია მურმან ტვილდიანი, იგივე "ხალვა", რომელიც ვატო ყიფიანთან ერთად იჯდა ციხეში და რომელთა ჩხუბის კადრებმა ქართული ტელევიზიები მოიარა.
ევროპაში, კერძოდ კი, საფრანგეთში დასახლებული "ბეგო", ძირითადად, ძვირად ღირებული ავტომობილების მოპარვითა და დსთ-ის ქვეყნებში მათი ჩაყვანის ორგანიზებით იყო დაკავებული. მას ამ საქმეში კანონიერი ქურდები პაატა ბაქრაძე და ჯეირან კინწურაშვილი ეხმარებოდნენ, რომლებიც დღემდე ლიონის ციხეში სხედან.
ახლა კი ყველაზე საინტერესო - როგორც შევიტყვეთ, გაზდელიანს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი და ესპანეთის მოქალაქეა. სავარაუდოდ, ეს მან ონიანის ხელშეწყობით მოახერხა. ჰოდა, საქართველოში ჩამოყვანილ გაზდელიანს ესპანეთში დეპორტაციას უპირებენ.
დავით მინდიაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)