ხუხაშვილი: "ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ სასამართლოს გზით დაამტკიცებენ სიმართლეს, ამიტომ "შავ სამყაროს" მიმართავენ"

ხუხაშვილი: "ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ სასამართლოს გზით დაამტკიცებენ სიმართლეს, ამიტომ "შავ სამყაროს" მიმართავენ"

"დღეს ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ საქართველოში სასამართლოს გზით მოახერხებენ სიმართლის დამტკიცებას, ამიტომაც უკვე არის შემთხვევები, როდესაც "შავ სამყაროს" მიმართავენ" - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომელიც ქვეყანაში გართულებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე საუბრობს.

"ჩვენ გამოვედით ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის ეპოქიდან, რაც სწორი და აუცილებელი იყო. დღევანდელი ხელისუფლების ხედვა უფრო ჰუმანური გახდა და ადამიანი, როგორც ფასეულობა, დაუბრუნდა ჩვენს სინამდვილეს, მაგრამ ნელ-ნელა დავიწყეთ სვლა მეორე უკიდურესობისკენ... ხელისუფლების ჰუმანურობა კრიმინალურმა სამყარომ საკუთარ თავზეც იგრძნო, ეს ჩაუთვალა სისუსტედ და დაიწყო 90-იანი წლების მერე დაკარგული პოზიციების დაბრუნება. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელიც არ არის მხოლოდ კრიმინალი, ეს არის მცდელობა, მეტასტაზებივით მოედონ ეკონომიკურ სისტემებს, საქმეები გაჩარხონ ქუჩური გარჩევებით და ა.შ. მით უფრო სასამართლო სისტემის სრული დისკრედიტაციის, თითქმის კოლაფსის პირობებში ნოყიერი ნიადაგი იქმნება, რომ სამართლის ძიება ქუჩაში დაბრუნდეს. დღეს ადამიანებს არა აქვთ განცდა, რომ საქართველოში სასამართლოს გზით მოახერხებენ სიმართლის დამტკიცებას, ამიტომაც უკვე არის შემთხვევები, როდესაც "შავ სამყაროს" მიმართავენ. ხელისუფლებამ, ჰუმანურობასთან ერთად, ვერ მოახერხა ეჩვენებინა, რომ ის შეუვალი და უკომპრომისოა კრიმინალთან ბრძოლაში! გარდა ამისა, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო წვრილმანმა კრიმინალმაც მოიმატა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, რაც ყველაზე სახიფათოა, კრიმინალურმა მისწრაფებებმა სოციალური ბაზის ფორმირება დაიწყო ახალგაზრდებში, იმ სეგმენტში, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტის რომანტიზაციისთვის ყველაზე მოწყვლადია.

"ბოლო ხანს ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ - სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი კონფლიქტებისა და ტრაგედიების შემდეგ არავინ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, არ იძლეოდნენ ჩვენებებს. ამით იქმნება ვითარების უკონტროლობის ძალიან სახიფათო სოციალური საფუძველი. ეს ხდება მაშინ, როცა ახალგაზრდას არც სახელმწიფო და არც საზოგადოება ალტერნატივას არ სთავაზობს. ამაში მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოები არ არიან დამნაშავენი, რაც ხდება ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე მხოლოდ შესაბამის სტრუქტურებს ძალიან გაუჭირდებათ შექმნილ ვითარებასთან გამკლავება. რას ვთავაზობთ ახალგაზრდებს? - ერთი მხრივ, ამ ქუჩური ცხოვრების რომანტიზაციას, მეორე მხრივ - კლუბურ ცხოვრებას, ანუ მეორე უკიდურესობას? ვგულისხმობ საზოგადოების ულტრალიბერალური ფრთის ინიციატივებს, საბოლოოდ კი ეს ორი შეთავაზება სადღაც კვეთს კიდეც ერთმანეთს. ვინმე ცდილობს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და ა.შ.?! ეს ყველაფერი მხოლოდ ჯოხით ვერ მოგვარდება, თუმცა ჯოხიც აუცილებელია", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, სამართალდამცავმა სისტემამ უნდა დაიბრუნოს ის ეფექტიანობა, რაც ჰქონდა.

"არ ვამბობ, რომ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოცხადდეს, მაგრამ დანაშაულთან ბრძოლაში პოლიცია უფრო აგრესიული და შეურიგებელი უნდა გახდეს. კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს და არავინ ეჭვობდეს, რომ ქვეყანაში სამართალი შერჩევითია. საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ სისტემებში უნდა მოვძებნოთ და შევქმნათ ის ალგორითმი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს გავზრდით. მხოლოდ ასე თუ მოხერხდება ვითარების შეცვლა. ჩვენს ქვეყანას როდის ექნება პერსპექტივა? მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი ადრეული ასაკიდანვე მიეჩვევა, რომ მისი მოქალაქეობრივი ვალია, აცნობოს სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ და ითანამშრომლოს მათთან. ქუჩური ომერტას პრინციპი, როდესაც სამართალდამცავებთან თანამშრომლობა უკადრის საქციელად მიიჩნევა, უნდა დასრულდეს. ამას სჭირდება გააზრებული პოლიტიკა როგორც კანონის გამკაცრების, ასევე პოზიტიური სტიმულირების თვალსაზრისითაც. ეს არის დიდი და კომპლექსური სამუშაო და ამ საქმეში ყველა ერთიანი უნდა იყოს. გარდა ამისა, ვფიქრობ, პრობლემებია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

ახალმა მინისტრმა გადადგა ნაბიჯები. მაგალითისთვის მოვიყვან ცნობილ ჰეშთეგს: "არა ჩადებას!" ამით ირიბად აღიარეს, რომ "ჩადება" სამართალდამცავი სტრუქტურების პრობლემაა. "ჩადებას", როგორც ინსტრუმენტს, კრიმინალური პოლიცია მხოლოდ პოლიტიკური მიზნით არ იყენებს და არც მხოლოდ საქართველოში ხდება ეს... ამ ინსტრუმენტის გამოყენება გავრცელებულია. მას ხშირად აგენტურის ფორმირებისთვის, ე.წ. დავერბოვკებისთვის, რეალური დანაშაულის გახსნის მოტივით და კიდევ ათასგვარი მიზნით იყენებენ... მაგრამ ეს ქმედებები უკანონოა და რაც უნდა კეთილი მიზნები ამოძრავებდეთ, ეს უნდა აღიკვეთოს! მინისტრმა სწორედ ამაზე მიანიშნა, რითაც, ჩემი აზრით, სისტემა დაიპირისპირა.

"ჩადება", როგორც ინსტრუმენტი და ვითარების გაკონტროლების საშუალება ჩვენში იმდენად ფეხმოკიდებულია, რომ დარწმუნებული ვარ, სისტემის შიგნით ეს დამოკიდებულება არ მოეწონათ. არ გამოვრიცხავ, რომ სისტემამ დაიწყოს მინისტრის საბოტაჟი, თუ უკვე არ დაიწყეს, კრიმინალური ვითარების გართულებითაც, უფრო სწორად, კრიმინალისთვის არასათანადო, არაადეკვატური პასუხით... შეეცდებიან ქაოსის ხელოვნურად შექმნას და ამის შემდეგ მინისტრის მოთვინიერებას, მის იძულებას, რომ ითამაშოს სისტემის წესებით ან, უკეთეს შემთხვევაში, წავიდეს სამინისტროდან", - აცხადებს ხუხაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."