თაშმიჯაბი - როგორ უნდა მოამზადოთ სვანური სამზარეულოს სიამაყე

თაშმიჯაბი - როგორ უნდა მოამზადოთ სვანური სამზარეულოს სიამაყე

ქართული სამზარეულოს უნიკალურ გემოზე ქართველებიც და უცხოელებიც ერთხმად თანხმდებიან. თუმცა, არის კერძები, რომლებსაც ქართველებიც ნაკლებად ვიცნობთ და მხოლოდ ამა თუ იმ კუთხეში მოხვედრის შემდეგ დავაგემოვნებთ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთია თაშმიჯაბი - თამამად შეიძლება ითქვას სვანური სამზარეულოს სიამაყე, რომელსაც სვანეთში ყველგან აკეთებენ და სტუმრებსაც სიამოვნებით უმასპინძლდებიან.

თაშ'მ'ჯაბ (ქართულად ნიშნავს მოხარშულ ყველს), ზემო სვანეთში შუშას და მერწვსაც ეძახიან - კარტოფილის მდუღარე პიურეში ჩაზელილი ახალი ყველია, ამიტომაც მას ხშირად სვანურ ელარჯსაც უწოდებენ. მისი მომზადება ძალიან მარტივია, ცოტა ინგრედიენტსა და მცირე დროს მოითხოვს. ძნელია, მის დაგემოვნებაზე ვინმემ უარი თქვას. რა თქმა უნდა, უმჯობესია თაშმიჯაბი სვანეთის მთებში ყოფნისას გასინჯოთ, თუმცა მისი მომზადება და დაგემოვნება, არც სახლში იქნება ურიგო.

თაშმიჯაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კარტოფილი, - სასურველია სვანეთში მოყვანილი, რადგან ამ კერძს განსაკუთრებულ გემოს ზუსტად ადგილობრივი კარტოფილი სძენს, ასევე ჭყინტი ყველი (ახალი, რბილი სულგუნიც შეიძლება), წყალი და მარილი.

მომზადება: კარტოფილი მოხარშეთ კანიანად, მარილიან წყალში. მოხარშვისთანავე გააცალეთ კანი და დაჭერით ან გახეხეთ, გაზქურაზე შემოდგით ქვაბი და დაჭრილი კარტოფილი მოამზადეთ, როგორც პიურე. კარგად მოზელილ კარტოფილს ჩააჭერით ჭყინტი ყველი და შეაზილეთ მანამ, სანამ ყველი არ დადნება და წელვადი არ გახდება. ძალიან სქელი რომ არ გამოვიდეს დაუმატეთ თბილი რძე ან კარტოფილის ნახარში წყალი და მარილი გემოვნებით. მიიღებთ შესანიშნავ კერძს!

თუ ამ კერძს სახლში ამზადებთ, უკეთესია, თუ მას ქვაბიდან სასწრაფოდ თეფშზე გადაიტანთ და ასევე სწრაფად მიირთმევთ, რომ არ გაცივდეს. ამასთან, შეგიძლიათ ბურთულები გააკეთოთ, გააცივოთ - ამ შემთხვევაში ყველი წელვადი აღარ იქნება, თუმცა ორიგინალური კერძი-სტარტერი გამოგივათ.

"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვვლილი ექთნის შესახებ

რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში? - "ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო"

დროის რა პერიოდი უნდა გავიდეს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან მეორემდე და დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია?