ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ამ ოჯახის ისტორია უკიდურესი გაჭირვების და დიდი მადლის ისტორიაა - ნახევრად მშიერი ორი ობოლი ბავშვის ბებია, პოულობს ძალას და გარდაცვლილი ქმრის მეორე ცოლსაც უვლის, რომელიც დავარდნილია.

უსახური კედლები, ჩამონგრეული ჭერი, ჩამპალი იატაკი, რომელზეც ძალიან ფრთხილად უნდა იარო, ფეხქვეშ რომ არ ჩაგენგრეს... ერთი მაგიდა, ოთხი საწოლი ერთ ოთახში, რომელიც, ამავდროულად, სასადილოცაა... აქვეა უკარო კარადა, რომელზეც პატარა ტელევიზორი დევს და ერთი, პირობითად, სკამი - ესაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები კალანდაძეების ოჯახის მთელი ავლადიდება. ოჯახის, სადაც ორ ობოლს ბებია ზრდის და რომლის კიდევ ერთი წევრი, ინსულტგადანატანი, უნარშეზღუდული ქალბატონია.

ოჯახის დიასახლისის, ქალბატონი ნარგიზა შავაძის თქმით, მათი ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელსაც ოჯახის მხოლოდ სამი წევრი - ბავშვები და ავადმყოფი ბებია იღებენ. დახმარება მასაც რომ მიეღო, სოციალურ სააგენტოში უნდა შეეტანა განცხადება ოჯახის წევრის ცვლილების შესახებ. მისი თქმით კი, ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ პროცედურა გარკვეული ვადით დახმარების შეჩერებას იწვევს.

"მეორე წელია, რაც ჩემი საწყალი შვილი გარდაიცვალა და დამიობლდნენ ბავშვები. მას შემდეგ ჩამოვედი აქ საცხოვრებლად. ვუვლი ჩემს ორ ობოლ შვილიშვილს და დასამალი არაფერი მაქვს, ჩემი ქმრის მეორე ცოლს, რომელმაც ინსულტი გადაიტანა. მას მოძრაობის და მეტყველების უნარი შეზღუდული აქვს და მუდმივად წამლების მიღება ესაჭიროება. მართალია, პენსიონერია, მაგრამ, როდესაც ცუდად გახდა, მკურნალობის ჩასატარებლად გრძელვადიანი საპენსიო სესხი აიღეს და კიდევ დიდხანს ვერ მიიღებს სრულყოფილ პენსიას. ჩვენი შემოსავალი კი მხოლოდ ამათი სოციალური დახმარებაა. მე ჯერ საპენსიო ასაკი არ მაქვს. ვერც სოციალურ სააგენტოს მივმართე, რომ მეც დამნიშვნოდა დახმარება, რადგან, როგორც მითხრეს, ასეთ დროს, რამდენიმე ხნით შეგვიწყდებოდა დახმარება და მერე რა ვქნა... არ იფიქროს ვინმემ, შრომა მეზარება და ვმათხოვრობ - რაც შეიძლება მოიყვანოს ამ ეზოში ადამიანმა, ყველაფერი მოგვყავს, მაგრამ ამ პატარა ნაკვეთზე იმდენი რა უნდა მოიწიო, რომ მთელი წლის განმავლობაში გეყოს?! ეზოდან კი ავადმყოფი მოხუცის გამო ვერ გადავდივარ, რადგან ყოველ წუთს ყურადღება სჭირდება", - ამბობს ქალბატონი ნარგიზი და ოჯახის მძიმე სოციალური ყოფის შესახებ გვიამბობს.

"თქვენც ხედავთ, როგორ მდგომარეობაშია სახლი. ვიყავი მუნიციპალიტეტის გამგეობაში, დავწერე განცხადება და გამომიყვეს სახურავისთვის თუნუქი, თუმცა, მითხრეს, რომ "ხეობა" არ იყო გათვალისწინებული. უმადურობას კი არ ვიჩენ, მადლობელი ვარ ამისთვის, მაგრამ მარტო თუნუქი რად მინდა, სად წავიღო, რას დავაფარო, რამ დაიმაგროს? - ცრემლებს ვერ იკავებს შვილმკვდარი დედა.

"უნდა ნახოთ, წვიმის დროს რა მდგომარეობაა სახლში. როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგნითაც. მძინარე ბავშვები და ავადმყოფი მისველდებიან. ვიღაცას შეიძლება გაეცინოს კიდეც და თქვას, რომ რაში მევალება მე ამ მოხუცებულის მოვლა, მაგრამ ასე არ არის: როდესაც ჩემი საწყალი შვილი ქმარს გაშორდა, თავისი ორი ბავშვით აქ მოვიდა. ეს ქალბატონი თან ჰყვებოდა მათ, სანამ შეეძლო. ჩემი შვილი გარდაცვალებამდე, ბავშვები რომ გამოეკვება, ხან ყანაში მუშაობდა, ხან - სად. თითქმის სულ გასული იყო სახლიდან. ამ ბავშვებს კი ქალბატონი თინა უვლიდა და ახლა მე როგორ შემიძლია მისი ამდენი ხნის ზრუნვა და ამაგი დავივიწყო?! ამას ჩემი შვილის სულიც არ მაპატიებს".

ოჯახის ეკონომიკურ გასაჭირს სიცივეც ემატება. როგორც მისი ნაამბობიდან შევიტყეთ, შეშის მოძიება მას ბავშვებთან ერთად უხდება: "ბავშვები მეხმარებიან, რომ სიცივით არ გავიყინოთ. ხან ღელის პირას ვეძებთ ფიჩხებს, ხან ყანების ნაპირებზე. მებრალებიან, გაყინული ხელებით როგორ ცდილობენ დახმარებას, მაგრამ მარტო არ მიშვებენ. მეზობლები მეხმარებიან, ძირითადად. იმაზე მეტად მიდგანან გვერდით, ვიდრე ჩემს შვილს ედგნენ. ალბათ, ამ ობლების საცოდაობით. მაგრამ სულ სხვის იმედად ხომ ვერ იქნები, მოვა და ხელს გამიმართავსო?! ღმერთი გვმფარველობს-მეთქი ვამბობ, რომ არ გათოვდა, თორემ სახლი თოვლის სიმძიმეს ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა და ჩამოიქცეოდა. ჩვენ კი გაგვესწრო იქნება გარეთ, მაგრამ მოხუცებულისთვის რა უნდა გვექნა", - ამბობს ქალბატონი ნარგიზი.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების დედის გარდაცვალებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, ბავშვებს ობლობის პენსია ჯერ კიდევ არ დანიშვნიათ, რადგან ბავშვების მამასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება. შესაბამისი განცხადებით კი სოციალური მომსახურების სააგენტოს არასრულწლოვნის მეორე მშობელმა, ამ შემთხვევაში მამამ უნდა მიმართოს.

"ხათუნა რომ გარდაიცვალა, მივედი სოციალურ სააგენტოში, სადაც მითხრეს, რომ რადგან ბავშვების მეორე მშობელი ცოცხალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს, განცხადება მან უნდა შეიტანოს პენსიის დანიშვნის თაობაზე. მაგრამ ჩვენ მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ. ის მაინც არ დათანხმდება ამაზე. არასოდეს არაფერი გაუკეთებია ბავშვებისთვის. ერთხელ, ჩემი შვილის სიცოცხლეში წაიყვანა ბავშვები და თხილი აკრეფინა. ბავშვებს შეჰპირდა, რომ გაყიდდა და სკოლისთვის მოსამზადებელ ფულს მისცემდა, მაგრამ არაფერი მიუცია, ტყუილად ამუშავა ბავშვები. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მას სხვა ცოლი და ორი შვილი კიდევ ჰყავს. პატიმარი იყო და დაავადებული გამოვიდა. სახელმწიფომ ის ბავშვებიც გამოიყვანა ოჯახიდან.

არადა, ობლობის პენსია ძალიან დაგვეხმარებოდა, რომ ცოტათი სული მოგვეთქვა. დღე და ღამე იმის ფიქრში ვარ, რით გამოვკვებო ავადმყოფი და ჩემი ობოლი შვილიშვილები, საჭმელი საიდან და რით მოვიტანო. რას ვწვალობ და ვჯახირობ ლუკმის მოსაპოვებლად, არავინ იცის!"

კითხვაზე, მიმართა თუ არა მუნიციპალიტეტის გამგეობას საშეშე მერქნით დახმარების თაობაზე, ნარგიზა შავაძე გვპასუხობს, რომ არ მიუმართავს, რადგან დახმარების იმედი არ ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ: ობლებს უკვე ეხმარებიან

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

უამინდობის გამო, მაღალმთიან აჭარაში საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლა შეწყდა