სოსო რობაქიძის პირველი კომენტარი თბილისის კრიმპოლის ყოფილი უფროსის სკანდალური აღიარების შემდეგ

სოსო რობაქიძის პირველი კომენტარი თბილისის კრიმპოლის ყოფილი უფროსის სკანდალური აღიარების შემდეგ

ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმდენად ახალი გარემოებაა, რომ ეს გამოძიება თავიდანაა დასაწყები, გურამ დონაძეს და ზურაბ მიქაძეს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაზა (ზურაბ) ბაქრაძის მიერ "პალიტრანიუსის" ეთერში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

"ეს კაცი ლაპარაკობს აბსოლუტურ სიმართლეს, ვერ ისვენებს, მის ოჯახს დონაძე, მიქაძე ძალიან აწუხებდნენ, აშინებდნენ, აშატნაჟებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერს შენ მოგაწერთო და ამ კაცმა ბოლობოლო ამოიღო ხმა და სიმართლე თქვა. ეს კაცი კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო. რასაც ის ამბობს, რომ ფირი გურამ დონაძეს აქვს, მე ამას სასამართლოზე ყოველდღე ვამბობ. პირშიც ვეუბნები, რომ მას აქვს ფირი დამალული. იმ კასეტაში ჩანს ყველაფერი - რომელი თანამდებობის პირები დადიან შემთხვევის ადგილზე, ვინ ვის გაჰყავს და ა.შ", - განაცხადა რობაქიძემ.

მისივე თქმით, რასაც ზურაბ ბაქრაძე ამბობს, არის აბსოლუტურად სიმართლე და მას ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა. რობაქიძის განცხადებით, გურამ დონაძეს მონტაჟში პირველი ადგილი აქვს აღებული მთელს მსოფლიოში.

"ორშაბათს სასამართლოა და ვფიქრობ, რომ დონაძეს და მიქაძეს ხელბორკილები უნდა დაადონ. ისინი უნდა დააკავონ პირდაპირ. მე რომ მკითხოთ, ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმდენად ახალი გარემოებაა, რომ ეს გამოძიება თავიდანაა დასაწყები. უნდა ჩამოიყვანონ ბაქრაძე, უნდა დალაგდეს ეს თემა, დონაძეს და მიქაძეს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ, რადგან დღესაც კი სასამართლოს ატყუებენ ისინი", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის თემაში" დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანა. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე, ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.

ასევე წაკითხეთ: გურამ დონაძის კომენტარი რობაქიძის საქმეში ბრალდებული ზაზა ბაქრაძის აღიარების შემდეგ და პასუხი ბრალდებაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ