ავტორი:

ბლო - თითქმის გამქრალი ულამაზესი სოფელი, სადაც ერთი ადამიანი ცხოვრობს

ბლო - თითქმის გამქრალი ულამაზესი სოფელი, სადაც ერთი ადამიანი ცხოვრობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბლო ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. სოფელში მხოლოდ ერთი მაცხოვრებელია, რომელიც ზამთარში ტოვებს სახლს და ჟინვალში იზამთრებს... გიგაურების გვარი ამ სოფლიდან იღებს სათავეს. აქვეა გვარის მთავარი სალოცავი - მუხის გიორგის ჯვარი. ვინაიდან სოფელს მდიდარი ისტორია და წარსული აქვს, იქაურები გზის მიყვანას ითხოვენ, რომ სოფელში სახლები ააშენონ და თავიანთ კერას დაუბრუნდნენ...

ხელოვნებათმცოდნე, სკრიპტოგრაფი, თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების წევრი გიორგი გიგაური ბლოში სახლს აშენებს... როგორც ის ამბობს, თითქმის გამქრალი ულამაზესი სოფლისგან, შეიძლება საქართველოში კიდევ ერთი კარგი ეთნოგრაფიული კუთხე გაჩნდეს. უკვე არსებობს სოფლის აღდგენის პროექტიც.

"სოფელი ბლო პირაქეთ ხევსურეთის სოფელ როშკიდან 5 კილომეტრშია და დღემდე სამანქანე გზის გარეშეა დარჩენილი. 1926 წლის აღწერით ამ სოფელში 28 კომლი ცხოვრობდა (111 სული)... კომუნისტების მიერ ჩამოსახლებული ხევსურები და მათ შორის ბლოს მაცხოვრებლები, მწარედ იხსენებენ მიტოვებულ მამა-პაპეულ სახლ-კარს.

სოფელი ბლო 1905 წელს

1988 წელს იმ დროინდელ "გზათა მოწყობის" სამინისტროში შევიტანეთ ხალხის ხელმოწერილი თხოვნა, რათა ბლოში სამანქანო გზა ასულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ასევე უყურადღებოდ დარჩა რამდენჯერმე სარაიონო დონეზე დასმული საკითხი. 2005 წლიდან, უგზოობის და უყურადღებობის გამო, სოფლის ერთადერთი მაცხოვრებელიც ჩამოსახლდა დაბა ჟინვალში. ზამთარს იქ ატარებს და ერთ-ერთი უძველესი მებრძოლი გვარის სოფელი, მიტოვებული გახდა დღეს, შველას ითხოვს. ამ სოფლისთვის გზის გაყვანა ნამდვილად დააბრუნებს რამდენიმე ოჯახს და ისევ სიცოცხლე დაბრუნდება შავი არაგვის სათავესთან" - გვიყვება გიორგი გიგაური.

მისივე თქმით, სოფლის ტერიტორიაზე შეიძლება ელექტროჰესების აგება და სასოფლო მცირე მეურნეობის მოწყობა:

"სოფელში რამდენიმე უბანი არსებობდა - "აბაბუხნა", "ქალქვისთავი" "ჭალაისკარი"... სოფლის ერთ-ერთი უბანი ქალქვისთავი ალპურ ზონაშია და გამოირჩევა ბუნებრივი წყაროებით და აქვს თავისი საძოვრები. სოფელში გზის მიყვანა ბევრად წაადგება ამ გვარის წარმომადგენლებს და მთლიანად ხევსურეთსაც. გზის მიყვანა არ გააფუჭებს ბუნებრივ ლანდშაფტს და არ დააზიანებს ტყეებს (გზის მარშუტი: როშკა - ბლოღელე - ქალქვისთავი). სოფელთან გზის მიახლოების მომხრეა მთელი მოსახლეობა, რომელიც გაფანტულად ცხოვრობს კახეთის სხვადასხვა რაიონში. ჩვენი მონაცემებით 78 ოჯახი.

თვითოეულ გვარს, ღრმა წარსულიდან, თავისი მითოსი და ტრადიციები აქვთ შემონახული, რომელიც მთლიანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ხევსურეთის სოფელ ბლოს მეტი ყურადღება მიექცეს, რათა დღევანდელი დღის სიკეთემ აქაც იზეიმოს და ხალხსაც აგრძნობინოს მხარში დგომა..."

- ამ სოფელში სახლის მშენებლობას იწყებთ... რატომ გადაწყვიტეთ ასე?

- დიახ, საძირკველი გაჭრილია უკვე და სახლის მშენებლობა დაწყებულია... სოფელში მხოლოდ ერთი კაცი ცხოვრობს და ისიც მაისიდან ადის, თორემ ისე ჟინვალში ჩამოსახლდა, როგორც მოგახსენეთ. მისი სახლი ჩაიქცა, კარავი ააშენა და კარავში ცხოვრობს შუქის და ყოველგვარი ცივილიზაციის გარეშე. საქონელი აჰყავს და ზამთრამდე იქ უვლის. გოგია გიგაური ახლა ორმოც წლამდეა და ცოლ-შვილი არ ჰყავს...

არის სოფლები, სადაც მხოლოდ ერთი მოსახლეა, მაგრამ გზა მიუყვანიათ. ადრე როცა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა 1930-1940 წლებში სოფელ ბლოში სამკლასიანი სკოლაც ყოფილა. სოფელს დიდი ისტორია აქვს: რამდენიმე გმირი იყო ამ სოფლიდან, ბოლოს ერთ-ერთი აფხაზეთის ომში იბრძოდა... მე თიანეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ მამაჩემი სოფელ ბლოშია გაზრდილი და ამიტომ მომინდა ამ ულამაზეს სოფელში დაბრუნება.

გზა თუ აღდგება თერთმეტი ოჯახი არის მზად, მაშინვე დაბრუნდეს საცხოვრებლად. შემდეგ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება სურვილი. საუბარია მხოლოდ სამკილომეტრან მონაკვეთზე! გზის მიყვანას ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან გვპირდებიან და დღემდე ვერაფერს მივაღწიეთ. არხოტის გზა რომ გააკეთეს, ჩვენც იმედი გვქონდა, მაგრამ ამაოდ...

ბლოში ოთხი უძლიერესი სალოცავი გვაქვს, ულამაზესი ბუნებაა და გაზაფხულიდან იქ ყოფნას არაფერი სჯობს. ადგილზეა ქვა და სახლის ასაშენებლად მხოლოდ სახურავის ატანა თუ იქნება საჭირო. მე მაგალითად საძირკველი გავაკეთე, ქვა იქვეა და ნელ-ნელა ვაშენებ სახლს. მსურს აღვადგინო მამა-პაპისეული სამჭედლო და ბავშვებს ვასწავლი ამ ხელობას. სოფელში ადრე რამდენიმე სამჭედლო ყოფილა... სოფელ ბლოს სახელის რამდენიმე ვერსია არსებობს: ერთი ვერსიით როგორც საზღვართან ბოლო სოფელი, მერე ვერსიით ბიბლიური სახელწოდებით მჭედელი - თუბალი იყო და იმის პატივსაცემად დაერქვაო...

ბლოს წყალი კალმახიანია. წყაროების წყალი წამოვიღე გასასინჯად და მითხრეს რომ სამკურნალო თვისებებისაა, რომელიც სასურველია ჩამოისხას. სოფელი ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის. საძირკველს რომ ვაკეთებდი, იქვე დადიოდნენ ტურისტები საფეხმავლო ბილიკით და აღფრთოვანებული იყვნენ ულამაზესი ბუნებით. სალოცავზე ყოველ წელს ამოდიან მომლოცველები, წელსაც ჩვენი გვარიდან ყველა ასაკის ადამიანები იყვნენ. ერთ-ერთი ბავშვი სალოცავზე ასვლისას გზიდან ხევში გადაგვივარდა და მადლობა ღმერთს უვნებლად გადაგვირჩა... დრო მიდის და ხალხს ავიწყდება ამ სოფლის წარსული, გმირები და სანამ დროა, უნდა ვიზრუნოთ სოფელი დავიბრუნოთ და ავაღორძინოთ!

- თქვით, რომ ბლოს სალოცავებს დიდი წარსული აქვს?

- დიახ... ერთი სალოცავი წმინდა გიორგის სახელობისაა, სალოცავში დარბაზია სადაც ლუდი დუღდებოდა და რიტუალები ტარდებოდა. კარებთან დევს დიდი ქვა, სატრაპეზო ქვა იყო თუ სკამია ვერ გავიგეთ, გვერდზე ხუთი ნიშანი აქვს. გოგიას მამას რომ ვკითხეთ ქვასთან დაკავშირებით, საინტერესო რამ გვიამბო: ამ სოფელში თურმე ადრე ანთაურებიც ცხოვრობდნენ და ერთ-ერთი მათ შორის მედროშე ყოფილა. ეს კაცი თურმე ზამთარში გარდაიცვალა და სამი დღე ამ ქვაზე დაუსვენებიათ. იგი სამი დღის შემდეგ გაცოცხლდაო და ეს საოცარი ამბავი უძველესი დროიდან ლეგენდასავით არის შემორჩენილი... ამ ნიშნიან ქვებთან დაკავშირებით სხვაგანაც ბევრი მსმენია. მაგალითად, თუშეთში ვიღაცას სალოცავიდან წამოუღია, სახლის საძირკველში ჩაუტანებია და მთელი ოჯახი მალევე დახოცილან...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ