ავტორი:

"კლინიკაში რომ გაიგეს ჩივილს ვაპირებდი, გაჩუმების სანაცვლოდ ფული შემომთავაზეს" - პაციენტების გარდაცვალების საქმეები და ექიმისთვის ორი თვით შეჩერებული საქმიანობა

"კლინიკაში რომ გაიგეს ჩივილს ვაპირებდი, გაჩუმების სანაცვლოდ ფული შემომთავაზეს" - პაციენტების გარდაცვალების საქმეები და ექიმისთვის ორი თვით შეჩერებული საქმიანობა

2020 წელს საქართველოში 134 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. მათ შორის 24 მედიკოსს სერტიფიკატის მოქმედება გარკვეული პერიოდით შეუჩერდა.

ჯანდაცვის სამინისტროში არ გვიპასუხეს კითხვაზე, ექიმების რა შეცდომები გამოავლინეს მოკვლევის პროცესში და რა გადაცდომებისთვის შეუჩერდათ ექიმობის უფლება მედიცინის მუშაკებს. თუმცა, AMBEBI.GE-მ გაარკვია, რომ იმ 24 ექიმს შორის, რომლებსაც გასულ წელს სხვადასხვა ვადით შეუჩერდათ საექიმო საქმიანობა, ერთ-ერთი ბათუმის "მედცენტრის" უროლოგი თენგიზ ლორთქიფანიძეა. მედიკოსს უწყებამ 2020 წლის ოქტომბერში ორი თვით აუკრძალა პროფესიული საქმიანობა 51 წლის პაციენტის საქმის გამო.

  • 51 წლის ელზა ჩხობაძის გარდაცვალების საქმე

გარდაცვლილი პაციენტის შვილი, ლიკა ლომთათიძე, AMBEBI.GE-სთან საუბარში პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილებას დაცინვას უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს.

51 წლის ელზა ჩხობაძე კლინიკაში მიყვანის შემდეგ, თრომბით გარდაიცვალა

როგორც რესპოდენტი გვიყვება, დედამისი ელზა ჩხობაძე 2018 წლის 16 დეკემბერს თირკმლის შეტევით შეიყვანეს ბათუმის "მედცენტრში". ქალს მხოლოდ მორფი გაუკეთეს და საავადმყოფოდან გაწერეს. წამლის მოქმედების გასვლისთანავე, პაციენტს ძლიერი ტკივილები და პირღებინება დაეწყო, რის გამოც ისევ მიიყვანეს "მედცენტრში". ლიკა ლიმთათიძის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში დედისთვის არანაირი მედიკამენტი არ მიუციათ და ახალგაზრდა ქალი გამთენიისას თრომბით გარდაიცვალა.

"დიალეზიც კი გადაარჩენდა დედას, მაგრამ ისიც არ გაუკეთებიათ. ექიმიც არ იყო, რამე რომ მეკითხა. მთელი ღამე კლინიკაში მხოლოდ ექთანს ვხედავდით. რომ ვკითხე, თითი რატომ გაულურჯდა-მეთქი, ნემსი რომ გაუკეთეს, მაგან იცისო - მიპასუხა. თურმე, თრომბი იწყებდა განვითარებას და ამასაც ვერ მიხვდნენ...

მას შემდეგ რაც დედა გარდაიცვალა, გადავწყვიტე სიმართლის დასადგენად დამეწყო ბრძოლა და პირველ რიგში რეგულირების სააგენტოს მივმართე. "მედცენტრში" რომ გაიგეს ჩივილს ვაპირებდი, კლინიკის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო ცხვარაძე, პირადად მოვიდა ჩემთან და გაჩუმების სანაცვლოდ, ირიბად ფული შემომთავაზა. მეკითხებოდა ჩემი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, როგორ შევძლებდი ბანკის ვალის გადახდას და ა.შ. თან მთხოვდა რეგულირების სააგენტოსთვის არ მიმემართა.

სულ 20 დღის გარდაცვლილი იყო დედა, ეს საუბარი რომ შედგა ჩვენ შორის. ყველაფრის ჩანაწერები და მტკიცებულებები მაქვს. უშუალოდ ბიძაჩემს კი, 20 000 ლარი შესთავაზა

ცხადია, ჩვენ არ გავჩუმდით და მივმართეთ საგენტოს, რომელმაც თითქმის 2 წელი მოანდომა საქმის მოკვლევას და გასული წლის ოქტომბერში მოვიდა დასკვნა. დოკუმენტში ეწერა, რომ უროლოგ თენგიზ ლორთქიფაძეს 2 თვით შეუჩერდა საექიმო საქმიანობის უფლება და დაევალა კვალიფიკაციის ამაღლება. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ისევ დაბრუნებულა "მედცენტრში" და ახლა ის უნდა მოვიკითხო, მართლა აიმაღლა თუ არა კვალიფიკაცია.

რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დაცინვაა და მეტი არაფერი! სასამართლოში გავასაჩივრებ. ახალგაზრდა დედა მომიკლეს და 2 თვით საქმიანობის შეჩერება რა სანქციაა?! რას ემსახურება ეს?! დაისვენა 2 თვე და ისევ დაიწყო მუშაობა?!" - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში გარდაცვლილი პაციენტის შვილი.

ბათუმის "მედცენტრის" კიდევ ერთ ექიმს შეუჩერა სამედიცინო რეგულირების სააგენტომ პროფესიული საქმიანობის ლიცენზია. კარდიოლოგ ბეჟან ხოზრევანიძეს სანქცია დაეკისრა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის - 26 წლის ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. ერთთვიანი პაუზის შემდეგ "მედცენტრმა" ექიმი ძველ პოზიციაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის პოსტზე დააბრუნა. ეს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პაციენტის ოჯახმა სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესები 2 წელზე მეტია მიმდინარეობს.

  • 26 წლის ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმე

ზუკა ფაღავა 2018 წლის 31 მარტს, საღამოს 9 საათისთვის კუჭის ძლიერი ტკივილის გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის "მედცენტრში" გადაიყვანა. კარდიოლოგმა ბეჟან ხოზრევანიძემ პაციენტის ოჯახის წევრებს უთხრა, რომ კუჭის ტკივილის მიზეზებიდან გულის პრობლემა გამორიცხული იყო და შესაბამის მკურნალობას ჩაატარებდნენ. პაციენტი საავადმყოფოში შეყვანიდან დაახლოებით 2 საათში გარდაიცვალა. ოჯახმა მომხდარში ბეჟან ხოზრევანიძე დაადანაშაულა და რეგულირების სააგენტოს საჩივრით მიმართა.

"თავიდანვე ვეჭვობდით, რომ გულის პრობლემა იქნებოდა. ექიმს რამდენჯერმე ჩავეკითხეთ, გულზე ხომ ყველაფერი რიგზეა-თქო. ჩვენი თუ არ გჯერა, ჩვენს ჭაღარას და გამოცდილებას დაუჯერეთ, გული აქ გამორიცხულია, კუჭზე მივხედავთო. რადგან ბეჟან ხოზრევანიძე სპეციალობით კარდიოლოგი იყო, იმედიანად ვიყავი. თურმე, სულ არ წაუკითხავს კარდიოგრამა. ბავშვს 2 გადასხმა გაუკეთეს ზედიზედ, საპირფარეშო მონდომებია და გასვლა უთხოვია, გავიდა და საპირფარეშოში გარდაიცვალა. ეს შემდეგ მომიყვა იმ პაციენტმა, რომელიც ჩემს შვილთან ერთად იწვა პალატაში...

ტრაგედიის შემდეგ რომ გამოვითხოვეთ კარდიოგრამისა და რადიოგრამის დოკუმენტები, გაირკვა, რომ ჩემს შვილს ჰქონდა მიოკარდიული ინფარქტი და ისინი ამ დროს კუჭს ურეცხავდნენ. მივმართეთ რეგულირების სააგენტოს, მოიკვლიეს და მხოლოდ ერთი თვით შეუჩერეს საქმიანობის უფლება. დავრწმუნდით, რომ რეგულირების სააგენტოში დავას ფაქტობრივად აზრი არ აქვს, ამიტომ სასამართლოშიც გვაქვს საქმე, თუმცა დროში ჭიანურდება პროცესები, მესამე წელია მიმდინარეობს" - გვეუბნება გარდაცვლილი ზუკა ფაღავას დედა თამარ გოგლიშვილი.

  • "მედცენტრი" კითხვებს არ პასუხობს

ბრალდების ადრესატ ექიმებთან დაკავშირების მიზნით, ბათუმის "მედცენტრს" მივმართეთ. კლინიკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ცხვარაძემ ჩვენს არცერთ კითხვას არ უპასუხა. "ამ თემებზე საუბრის სურვილიც კი არ მაქვს, ისეთი აბსურდია. აღარ დამირეკოთ!“ - გვითხრა მან.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, უროლოგი თენგიზ ლორთქიფანიძე ორთვიანი პაუზის შემდეგ "მედცენტრს" დაუბრუნდა, ხოლო კარდიოლოგი ბეჟან ხოზრევანიძე კლინიკაში აღარ მუშაობს. როდის და რა მიზეზით დატოვა ექიმმა ბათუმის "მედცენტრი", ისევე როგორც ყველა სხვა კითხვა, ჩვენთვის პასუხგაუცემელი დარჩა.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მუშაობის ხარვეზებზე საუბრობენ ჯანდაცვის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში უწყების არაეფექტურ საქმიანობაზე აკეთებს აქცენტს. იურისტი ამბობს, რომ რეგულირების სააგენტოს დასკვნები დაუსაბუთებელი და ზედაპირულია.

"სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული მათი არაერთი გადაწყვეტილება, რადგან არ დაგვაკმაყოფილა მსჯელობის ხარისხმა. რეგულირების სააგენტო რომ ამბობს, ვერ დავადგინეთ პასუხისმგებლობა, რადგან ასეა და მორჩა, ამ პასუხს ცხადია, ვერ მივიღებთ. ჩვენ გვჭირდება მტკიცებულება, სამეცნიერო - მათ შორის. ვეუბნებით, დაგვიმტკიცეთ, რომ ის პროცედურა რაც ჩაატარა ექიმმა, შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. გვეუბნებიან, თქვენ ექიმები არ ხართ და მაინც ვერ გაიგებთო.

როდესაც განიხილავს საქმეს, კომისია არ ეყრდნობა უახლეს სამეცნიერო კვლევებს, მაშინ როდესაც მედიცინა მუდმივად ვითარდება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამო სამეცნიერო სფერო ჩამორჩა განვითარების ტემპებს. უცხოეთში ექიმი ვალდებულია მუდმივად გადაამოწმოს მისი მუშაობის ხარისხი შეესაბამება თუ არა უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯანდაცვის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ პაციენტი პრიორიტეტი არ არის.

ყველა ექიმს ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავთ, ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალებიც გვყავს, რომლებიც კეთილსინდისიერებითაც გამოირჩევიან, მაგრამ მათ სამედიცინო დაწესებულება არ აძლევს სრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობას, რადგან სისტემა არის ასე მოწყობილი. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ გამოსავალზე, პრობლემის მოგვარება სისტემურად უნდა დაიწყოს" - გვეუბნება ანა არგანაშვილი.

ექიმების უწყვეტი განათლების სისტემის ამოქმედებას მიიჩნევს აუცილებლად ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძეც:

"არ შეიძლება ხელაღებით იმის თქმა, რომ ჩვენი ექიმები არ ვარგა. ძალიანაც კვალიფიციური ექიმები გვყავს, მაგრამ სისტემა არის გაუმართავი. დავების განხილვის ის მოდელი, რაც აქვს რეგულირების სააგენტოს, არის არაეფექტური. საჭიროა სამედიცინო პროფესიული ასოციაციების განვითარება, როგორც ევროპის ქვეყნებში. ევროპაში 90% მსგავსი დავებისა პროფესიულ ასოციაციებში გვარდება. ჩვენთან "მკვდარი" ასოციაციებია, ვერ ასრულებენ იმ ფუნქციებს, რაც ევროპაში აქვთ ასოციაციებს. აუცილებელია ამ დარგის გაძლიერება.

ასევე უნდა ტარდებოდეს კურსები ექიმებისთვის, ისინი მუდმივად უნდა იყვნენ სიახლეების საქმის კურსში, ამას კი პროფესიული გაერთიანებები უნდა აკეთებდნენ" - აცხადებს ექსპერტი AMBEBI.GE-სთან საუბარში

სერგო ჩიხლაძის თქმით, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში სავალდებულოა ექიმებმა სამ ან ხუთ წელიწადში ერთხელ ჩააბარონ გამოცდა, რაც ზრდის ექიმების განათლების დონეს და მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

"წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთოდ ვხურავთ...  ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები მუშაობას გააგრძელებენ..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"წყობიდან გამოვედი... ნერვები აღარ მივარგა" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაძაბული დებატების შემდეგ?

"ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი"... აღარ არის ახლა მოდაში" - ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს