ოპოზიციის ერთი ნაწილი დაბეჯითებით აცხადებს, რომ ხელისუფლება ბოლო თვეების მანძილზე აქტიურად ცდილობს კრემლთან დაახლოვებასა და საერთო ენის გამონახვას. დასტურად გარდა პირადი ინფორმაციებისა, ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერვიუები თუ განცხადებები მოჰყავს, სადაც საუბარია როგორც რუსი ტურისტების მოპატიჟებაზე (მიხეილ სააკშვილის ინტერვიუ "ბერლინერ ცაიტუნგთან"), ასევე ნატოზე უარის თქმაზე რუსული ჯარების გასვლის სანაცვლოდ (უგულავას ინტერვიუ "ნიუსუიკთან", თუმცა ამ ფრაზის სინამდვილე მოგვიანებით თბილისის მერიამ უარყო).
ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ამჟამად არსებული ტენდენციები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის ნომალიზებას ცდილობს. თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი გზების ძებნა უნდა იყოს დაწყებული და ამაში ალოგიკური არაფერია.
ამ თემაზე ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობს პარლამენტის ექსპსპიკერი ნინო ბურჯანაძე. მისი განცხადებები რუსეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ ემისრების გაგზავნისა და "კრემლის კარების ატალახების" თაობაზე სულ უფრო ხშირად გაისმის.
"ამას ცდილობს როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი, ასევე შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და დედაქალაქის მერი, რომ როგორმე მოხდეს ხელისუფლების შენარჩუნება. მზად არიან, რომ ხელისუფლება ყველანაირი დათმობის სანაცვლოდ შეინარჩუნონ," - განაცხადეს "რეზონანსთან" საუბრისას ბურჯანაძის პრესცენტრში, მისი პოზიციის კომენტირებისას (თავად ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ).
რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, როგორც პრესცენტრში გვიმარტავენ, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ამტკიცებს, რომ მათ შორის არის პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და დაახლოების პროცესები ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გააქტიურდა.
ექსპრემიერ ნოღაიდელის პარტია "სამართლიანი საქართველოს" წევრი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ კონკრეტული ინფორმაციები მას არ მოეპოვა, თუმცა ბოლო პერიოდის ტენდეციებიდან გამომდინარე ეჭვი უჩნდება, რომ ხელისუფლება ცდილობს კრემლთან ურთიერთობის დათბობას. მიიჩნევს, რომ საკმაოდ შერბილებულია ხელისუფლება რუსეთის მიმართ და ადრე თუ უწყვეტი აგრესიული ნაკადი მოიდოდა რუსეთის მისამართით, ახლა ასე აღარ ხდება.
"ტენდენაცია არის და შესაბამისად უნდა ვიფიქროთ, რომ აშშ-სა და ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების განუწყვეტელ ზეწოლას შედეგი მოაქვს. ყველა გამოკითხვა მათ შორის ამერიკული ინსტიტუტების, აჩვენებს რომ მოსახლეობის 80 პროცენტამდე ითხოვს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენას და 100 პროცენტი მიიჩნევს რომ ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს."
მისი მოსაზრებით, საკუთარი თავის გადასარჩენად ხელისუფლება ცდილობს, რომ აღადგინოს ურთიერთობა და ამაზე ქართველ მაღალჩინოსანთა განცხადებებიც მეტყველებს, თუმცა ამ ეტაპზე ხელშესახები ფაქტები არ არსებობს.
"ვიდრე საქართველოსა და რუსეთის სათავეში მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმერ პუტინი იმყოფებიან, ამ ორი ქვეყნის დაახლოება არ მოხდება, იმიტომ, რომ მათ შორის მიტაცებული ტერიტორიებია," - ფიქრობს რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი, რომლმაც ეს კომენტარი გუშინ თბილისში ყოფნისას გააკეთა, როდესაც რუსეთსა და საქართველოს მომავალი ურთიერთობების შესახებ კითხვას პასუხობდა. "არ ვიცი, რა მოხდა მათ შორის და რა უთანხმოებები არსებობს, არც ამის განხილვას ვაპირებ, მაგრამ უახლოესი წლების განმავლობაში დიდ დაახლოებას არ უნდა ველოდოთ. თუ შეატყვეთ, თბილისი უკვე ჩამოვიდა რუსეთის საინფორმაციო საშუალებების პირველი თემებიდან და ერთგვარმა სიმყუდროვემ დაისადგურა. ამის მიზეზი კი, ჩემი აზრით, მსოფლიო ჩემპიონატია. ორ ქვეყანას შორის ახლა სიმყუდროვეა. ოლიმპიადამდე ერთგვარი ამოსუნთქვა იქნება. მეტიც, მხარეებმა თითქოს უკან დაიხიეს ურთიერთლანძღვის საკითხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია."
საქართველო ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ამჟამად არსებული ტენდენციები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის ნომალიზებას ცდილობს. "რასაც საზოგადოება ხედავს, არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ, არის რაღაც მოძრაობა. რაც შეეხება სააკაშვილის ნათქვამს, რუსი ტურისტების მოპატიჟებაზე, ამას ადრეც ამბობდა."
რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ როდესაც პოლიტიკოსები ამბობენ, სავარუდოდ, ფაქტებსაც უნდა ფლობდნენ. მისი თქმით, ლოგიკა გვკარნახობს, რომ ასეთი გზების ძებნა უნდა იყოს დაწყებული და ამაში ალოგიკური არაფერი იქნება.
"ეს გამართლებულიცაა და სწორიც. ოპოზიციაც არ ამტყუნებს რომ ხელისუფლება ასეთ გზებს ეძებს, ამის წამოძახება ხდება მაშინ, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლების მიმართაა კრიტიკული. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამას ორმაგი სტანდარტი ვუწდოთ, მაგრამ ხელისუფლებას აქვს თავისი ეზოთერიკა და იზოთერიკა - რელიგიასაც აქვს ისეთი ნაწილი, რაც მხოლოდ რჩეულებმა უნდა იცოდნენ და აქვს ფართო ფენებისათვის განკუთვნილი ნაწილი. ნუ გაგვიკვირდება, თუ ხელისუფლების საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსი ყოველთვის არ დაემთხვევა ერთმანეთს."
ჩვენ ასევე გვსურდა პოზიცია დაეფიქსირებინა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილს, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
გიორგი ფუტკარაძე